როგორ შევარჩიოთ შემდგომი საქმიანობა – ერონ ჰარისი
,,ერთი წლის წინ YC-იდან წამოვედი და ცოტა დაბნეული ვიყავი იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამეკეთებინა შემდგომ. ბევრი ადამიანი დარწმუნებული იყო, რომ იცოდა, რა უნდა გამეკეთებინა. თუმცა… მე არ ვიცოდი და მათი რჩევების უმეტესობა ჩემში აღფრთოვანებას არ იწვევდა’’, – ამბობს Y Combinator-ის ყოფილი პარტნიორი ერონ ჰარისი და დასძენს, რომ სამომავლო გეგმებზე ფიქრისას ერთი რამ გაიაზრა – გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო რაიმე სასარგებლო სისტემა არ ჰქონდა. თანაც, მისი თქმით, ამ შემთხვევაში, ინტუიცია ვერ ეხმარებოდა, რადგანაც ძალიან ბევრი რამ მიაჩნდა საინტერესოდ. საბოლოოდ გადაწყვიტა, რჩევა მეგობრებისთვის ეკითხა და მათ შორის ერთ-ერთმა, ჰენრიკ ვერდელინმა გააცნო ჩარჩო, რომელიც მას იმის გარკვევაში დაეხმარებოდა, თუ რა უნდა ეცადა შემდგომ.
სანამ მის მიერ მოცემულ რჩევაზე ვმუშაობდი, რაღაც უცნაური მოხდა – ბევრი ჩემი მეგობარი აღმოჩნდა გადაწყვეტილების მიღების ზუსტად იმ დამაბნეველ სიტუაციაში, რომელიც ახლახან გავიარე. შესაძლოა, ყველა ბუნებრივ კარიერულ ევოლუციას გავდივართ; შეიძლება, ეს ადრეული შუახნის კრიზია და შესაძლებელია, დაუმთავრებელი პანდემიის მიმართ რამდენიმეწლიანმა ეგზისტენციალურმა შიშმა უბრალოდ აგვირია წარმოდგენები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარიმართოს ჩვენი ცხოვრება – ამბობს ჰარისი და აღნიშნავს, რომ სამომავლო საქმიანობის შერჩევისას ყველაზე მნიშვნელოვანი იმის გააზრებაა, რომ არც ერთი კარიერული გადაწყვეტილებაა სრულყოფილი და რეალურად, არავის აინტერესებს, რაც ვაკეთებთ. მისი თქმით, ამ საკითხებზე დაფიქრების შემდეგ, სამი სია უნდა შევადგინოთ.
პირველი სია არის ჩამონათვალი ყველა იმ თავისებურებისა, რომელიც გსურთ, რომ თქვენს შემდგომ საქმიანობას ჰქონდეს და იმ საკითხებისა, რომელთაც მიიღებთ ამ ამპლუიდან – აღნიშნავს ჰარისი და მაგალითსაც გვიზიარებს:
• მხიარულ ადამიანებთან ვიმუშაო;
• შაბათ-კვირას არ ვიმუშაო;
• მინიმუმ X [დოლარი] ვიშოვო;
• სამსახურში მისასვლელად მარტივი გზა;
,,მეორე სია მოიცავს ყველა იმ სამუშაოს, რომელიც საინტერესოდ მიგაჩნიათ. შეეცადეთ, რომ თქვენს არსებულ გამოცდილებას გასცდეთ და გააკეთოთ ის, რაც ყოველთვის გაინტერესებდათ, მაგრამ სერიოზულად არასდროს შეგისწავლიათ’’, – ამბობს ერონი და კვლავ სავარაუდო ვარიანტების სიას წარმოგვიდგენს:
• პოლიტიკური კანდიდატურა წარვადგინო;
• სამთავრობო სააგენტოში გავწევრიანდე;
• პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპანია შევქმნა;
• მცხობელი გავხდე;
• ჰეჯ-ფონდში დავიწყო მუშაობა ან თავად წამოვიწყო;
• არაკომერციული საქმიანობა დავიწყო.
,,საბოლოო სია შედგება იმ ადამიანებისგან, რომელთაც იცნობთ და ვისთანაც იმუშავებდით. ზოგჯერ ეს სია გრძელია, ზოგჯერ – მოკლე. ამ ნაწილში სწორი პასუხი არ არსებობს’’, – აღნიშნავს ჰარისი და დასძენს, რომ სამივე სიის შედგენის შემდეგ ისინი ერთმანეთს ჯვარედინად უნდა შევადაროთ, რათა ვნახოთ, რომელი თავისებურებების, საქმიანობებისა და ადამიანების კომბინაციაა ჩვენთვის ყველაზე სასარგებლო.
შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, რომ ხელფასი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია და ამით იხელმძღვანელოთ. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ბალანსი უფრო დახვეწილია. ყველაზე მეტად ის დამეხმარა, რომ ჩემი თავი ვაიძულე, ყველა ვარიანტი, ინტერესი და კრიტერიუმი ჩამომეწერა, – ამბობს ერონი და აღნიშნავს, რომ ამგვარი სიები არასდროს შეუდგენია, თუმცა, სწორედ ამ პროცესმა აიძულა ის უფრო სიღრმისეულად დაფიქრებულიყო იმაზე, თუ რა უნდოდა რეალურად და რა – არა.
ამ პროცესისთვის გარკვეული დრო დამჭირდა და, საბოლოოდ, კომპლექტი შევარჩიე. მივედი პასუხამდე, მაგრამ ცდის მაინც ძალიან მეშინოდა. ამ დროს, ჩემმა კიდევ ერთმა მეგობარმა, ომრი დაჰანმა მიმითითა, რომ კვლავ გრძელვადიანი სრულყოფილების მიღწევად ვცდილობდი ოპტიმიზაციას და შემომთავაზა, ამის ნაცვლად, 6 თვის განმავლობაში რისკი ამეღო. შინაგანად არ გამიაზრებია, რომ კარიერული გადაწყვეტილებების ძალიან ცოტა ნაწილი არის მუდმივი. მეგონა, იმ სამსახურს ვირჩევდი, რომელიც მთელი ცხოვრება მექნებოდა, მაგრამ ასე არ იყო. მე ვარჩევდი უბრალოდ შემდეგ რამეს, რასაც ვისწავლიდი და ვცდიდი, – იხსენებს ჰარისი და დასძენს, რომ აღნიშნული ექსპერიმენტი ჩაატარა, 8 თვის თავზე კი მისთვის ცხადი გახდა, რომ სწორი არჩევანი გააკეთა, რადგანაც ამ პროცესში ბევრი ისწავლა და მრავალი რამ შექმნა. თუმცა, მისი თქმით, ეს მორიგი ექსპერიმენტია, რომელზე მუშაობასაც მანამ გააგრძელებს, სანამ აზრი ექნება.