fbpx

რა არის HealthTech?

HealthTech

რა არის HealthTech?

HealthTech, იგივე Health Technology არის ტერმინი, რომელიც ჯანდაცვის სფეროსა და ტექნოლოგიების კვეთაზე ნათლად მიგვითითებს. თუმცა, მიუხედავად სიცხადისა, მისი ზუსტი და მასშტაბურად შეთანხმებული განმარტება დადგენილი ჯერაც არ არის.
მაგალითად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, HealthTech არის ცოდნისა და უნარების გამოყენება იმ მოწყობილობების, მედიკამენტების, ვაქცინების, პროცედურებისა და სისტემების სახით, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემის გადასაჭრელად და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად არის შემუშავებული.

 

HealthTechBase-ის განმარტებით, HealthTech მოიცავს იმ ყველა პროგრამულ, მონაცემებთან დაკავშირებულ და ფიზიკურ გადაწყვეტას, რომელიც ჯანდაცვის სისტემის მიღმა შექმნილი ინოვაციებით არის განხორციელებადი და რომლებიც მხარს უჭერენ მონაცემთა გენერირებისა და ანალიტიკის, ციფრული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ახალ შესაძლებლობებს. ამასთანავე, ის აერთიანებს ორ ქვეტერმინს – Digital Health (მანქანური სწავლება, ჭკვიანი მოწყობილობები, ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინ ტექნოლოგია, აპლიკაციები) და Healthcare IT (პროგრამული უზრუნველყოფა, ელექტრონული ჩანაწერები, მონაცემთა უსაფრთხოება).

ზოგიერთი ორგანიზაცია, მაგალითად MedTech Actuator, ამ ტერმინს Digital Health-თან აიგივებს და აღნიშნავს, რომ ის გულისხმობს ტექნოლოგიის (მონაცემთა ბაზები, აპლიკაციები, მობილურები, მოწყობილობები) გამოყენებას ჯანდაცვის მომსახურების მიწოდების, მიღების ანდა გადახდის პროცესების გაუმჯობესების მიზნით.

უკანასკნელისგან ოდნავ განსხვავებულ განმარტებას გვთავაზობს PitchBook, რომლის მიხედვითაც, HealthTech მოიცავს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ჯანდაცვის ნებისმიერ პროდუქტსა და მომსახურებას, რომლის მიწოდება ან მიღება შესაძლებელია კლინიკის ან ექიმის კაბინეტის გარეთ.

რაც შეეხება თავად Digital Health-ის განმარტებას, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის თანახმად, ეს სფერო მოიცავს ისეთ კატეგორიებს, როგორიცაა მობილური ჯანდაცვა (mHealth), ჯანდაცვის საინფორმაციო ტექნოლოგიები (Healthcare IT), მოწყობილობები, ტელემედიცინა და ა.შ.

საბოლოო ჯამში გამოიკვეთა ის, რაც თავდაპირველადვე აღვნიშნეთ – ტერმინს HealthTech მრავალი სახის ფართო და ვიწრო განმარტება აქვს. თუმცა, დამაბნეველი რომ არ იყოს, რამდენიმე მათგანი გავაერთიანოთ – HealthTech გულისხმობს ჯანმრთელობის პრობლემის გადასაჭრელად, ჯანდაცვის მომსახურების მიწოდების, მიღების ანდა გადახდის პროცესების გაუმჯობესების მიზნით, ტექნოლოგიების გამოყენებას. ის შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლებიც მონაცემთა შეგროვების, ანალიტიკის, ციფრული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ახალ შესაძლებლობებს უჭერენ მხარს.

HealthTech-ის სარგებელი

ციფრული ხელსაწყოები მომსახურების პროვაიდერებს პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ უფრო ფართო ხედვით უზრუნველყოფს, რაც მათ სამედიცინო შედეგების გაუმჯობესებასა და მკურნალობის ეფექტურობის გაზრდაში ეხმარება. მიმწოდებლები ამ ტექნოლოგიებს ძირითადად იყენებენ:

• პაციენტზე ზრუნვისა და მისი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის;
• მონაცემების რეალურ დროში გაცვლისთვის;
• მომსახურებაზე უკეთესი წვდომის უზრუნველსაყოფად;
• ხარჯების შესამცირებლად;

რაც შეეხება მომხმარებლებს, ჯანდაცვის ტექნოლოგიები მათ საშუალებას აძლევს, საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სხვადასხვა მონაცემს თვალყური ადევნონ და ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ.

Health Technology-ის ზრდადი მიმართულებები

ხელოვნური ინტელექტი და მედიკამენტები

ჯანდაცვის სფეროში ოპერირებად ორგანიზაციებში ინახება მონაცემთა ძალიან დიდი ბაზები, რომელთა ხელოვნური ინტელექტის გარეშე გაანალიზება წარმოუდგენელი ამოცანაა. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სისტემა ხელოვნურ ინტელექტს მრავალი ელექტრონული ჩანაწერიდან, გამოსახულებიდან და სხვადასხვა სახის მონაცემიდან საჭირო ინფორმაციის სწრაფად აღმოსაჩენად და სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში იყენებს. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მილიონობით ქიმიური ნაერთის გადარჩევა და კონკრეტული შემთხვევისთვის ყველაზე სასარგებლო კომპონენტების ამორჩევაა შესაძლებელი.

ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა

ამ ტიპის აპლიკაციები მომხმარებლებს ზოგადი ჯანმრთელობის, ფიზიკური აქტივობისა და სხვადასხვა ქმედებისა თუ მოვლენის მონიტორინგში, დაავადებების დიაგნოსტირებასა და მათ განკურნებაშიც კი ეხმარება. ამ კატეგორიაში შეიძლება გავაერთიანოთ ძილის ტექნოლოგიაც, რომელიც მომხმარებლებს ძილის ჩვევების დადგენასა და ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება. ასევე მასში შედის აპლიკაციები, რომლებითაც შესაძლებელია სამედიცინო პერსონალისგან დისტანციური კონსულტაციის მიღება. აღსანიშნია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფიტნეს აპლიკაციებზე მოთხოვნა კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან მალევე საგრძნობლად გაიზარდა.

დამხმარე ტექნოლოგია

დამხმარე ტექნოლოგია გულისხმობს ნებისმიერ მომსახურებას ან პროდუქტს, რომელიც სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა შესაძლებლობების შესანარჩუნებლად ან გასაუმჯობესებლად გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ტექნოლოგია უკვე დიდი ხანია არსებობს, კომპანიები ამჟამად სიახლეებს ნერგავენ ამ მიმართულებით – უფრო დახვეწილი გადაწყვეტების შეთავაზების მიზნით, ისინი ვირტუალურ და გაფართოებულ რეალობას, ხელოვნურ ინტელექტსა და რობოტიკას იყენებენ.

რუბრიკის წარმდგენია
EKIMO

Share this post