გერმანულმა სტარტაპმა Hive დამატებით $34 მლნ მოიზიდა
ბერლინში დაფუძნებულმა სტარტაპმა Hive-მა $34 მილიონი მოიზიდა ინვესტიციის სახით, რაც მის ღირებულებას $157 მილიონამდე ზრდის.
დაფინანსების რაუნდს უძღვებოდნენ როგორც კომპანიის არსებული (Earlybird, Picus), ასევე ახალი ინვესტორები (Activant და Tiger Global).
ჩვენ გულდასმით გამოვიკვლიეთ შეკვეთების შესრულების სივრცე და დავასკვენით, რომ Full-stack სტარტაპმოდელი, მომსახურების ხარისხზე სრული კონტროლის გამო, საუკეთესოა. ამ ხედვის შესასრულებლად Hive-მა ევროპულ ბაზარზე ყველაზე ძლიერი გუნდი შეკრიბა. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ რაუნდში ჩვენი ინვესტიცია გავაორმაგეთ, – აღნიშნა Earlybird-ის პარტნიორმა, ფაბიან ჰაილემანმა.
სტარტაპისა და პროდუქტის შესახებ
Hive ოსკარ ციგლერმა, ფრანც პურუკერმა და ლეო ფონ კლაისტმა 2020 წლის ივლისში დააარსეს. სტარტაპის შექმნის მიზანი კი B2C ბრენდების პროგრამული უზრუნველყოფა და მათთვის ოპერაციული მომსახურების გაწევა იყო.
ფრანც პურუკერი განმარტავს, რომ B2C კომპანიების დამფუძნებლები დასაწყისში გაყიდვებითა და მარკეტინგით არიან გატაცებულნი, რათა ბრენდი მსოფლიოს გააცნონ. თუმცა, როდესაც თვეში 30 შეკვეთიდან 1000-ზე მეტზე ადიან, ინვენტარის შემოწმება უფრო რთული ხდება. ამასთანავე, ისინი ექსპედიტორებისგან დიდი ბრენდების მსგავსად დაბალ ტარიფებს ვერ იღებენ.
სწორედ ამ ნაწილს აბალანსებს Hive. ის მიტანის სერვისის სხვადასხვა არჩევანს უზრუნველყოფს. ამის გარდა, კომპანიებს ინვენტარის მენეჯმენტის, ღირებულების სტრუქტურისა და მომხმარებლებთან დაგზავნილი შეტყობინებების ისეთივე შესაძლებლობას სთავაზობს, როგორსაც თუნდაც Amazon იყენებს.
18 თვეში Hive-ის გუნდი სწრაფად გაიზარდა და 100-ზე მეტი ადამიანი შეადგინა, რომლებიც პროდუქციის დასაწყობებასა და შეკვეთების დამუშავებაზე მუშაობენ. ამ ხნის განმავლობაში, კომპანიის შემოსავალი 10-ჯერ გაიზარდა და სტარტაპი დღეში რამდენიმე ათას შეკვეთას ამუშავებს.
გეგმები
ახალი კაპიტალით Hive პროდუქტის განვითარებაში ინვესტირებასა და ახალი სერვისების შექმნას გეგმავს. ამის გარდა, სტარტაპი გეოგრაფიულ გაფართოებასაც განიხილავს, რაც 2022 წელს, პარიზიდან დაიწყება. კომპანიის კიდევ ერთი სამომავლო მიზანი ევროპული რეგიონების უმეტესობაში მიწოდების დროის 2 დღემდე და ძირითადი ბაზრებისთვის შეკვეთიდან მეორე დღეზე შემცირებაა.