fbpx

როგორ მუშაობენ ვენჩერული კაპიტალის კომპანიები (VC-ები) ?

როგორ მუშაობენ ვენჩერული კაპიტალის კომპანიები (VC-ები) ?

საქართველოში ამ მომენტისთვის ძალიან ცოტა VC და Angel ინვესტორია. როგორც ერთ-ერთმა სტარტაპის დამფუძნებელმა გვითხრა: “კოსმოსში აჭრის შანსი ბევრ ქართულ სტარტაპს აქვს, მაგრამ “საწვავი”, რომლითაც უნდა აიჭრას, ანუ დაფინანსების ისეთი წყაროები, როგორიც VC-ები და Angel ინვესტორებია, ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემაში არ მოიპოვება.” ასეა თუ ისე, ჩვენ იმედი გვაქვს, ეს პრობლემა მალე გამოსწორდება და თქვენც უფრო მეტად მოგიწევთ VC-ებთან მუშაობა, ამიტომ ამ სტატიაში VC-ის მუშაობის ზოგად პრინციპს და სტარტაპთან მისი ურთიერთობის დადებით-უარყოფით მხარეებს განვიხილავთ.

ამერიკულ “ოფისს” (The Office) თუ უყურებდით, გემახსოვრებათ, მაიკლ სკოტი თავისი კომპანიის საწყისი ინვესტირებისთვის როგორ ცდილობს ბებიის დაყოლიებას. საქმე ასეა: როცა სტარტაპის დაფინანსებაზე მიდგება ჯერი, პირველ რიგში, უახლოეს ადამიანებს მიაკითხავ პატარ-პატარა ინვესტიციებისთვის. მაგრამ რაღაც მომენტში (მალევე) დაფინანსების გარე წყაროები დაგჭირდება. ამ დროს რას აკეთებ?

თანხების მოძიების მომდევნო ეტაპზე, ცდილობ ე.წ. Angel ინვესტორი იპოვო. Angel ინვესტორები ის შეძლებული ადამიანები არიან, რომლებსაც ერთჯერადი დაფინანსებით შეუძლიათ შენი დახმარება ბიზნესის დაწყების, გაფართოების ან ფინანსური სირთულის მომენტში. მაგრამ, თუ შენი სტარტაპი მასშტაბირებას იწყებს, ცხადია, შენ ისევ დაგჭირდება ახალი ფინანსების მოძიება. აი, ამ მომენტიდან ერთვება თამაშში ვენტურული კაპიტალის კომპანიები – ანუ VC-ები, რომლებიც სტარტაპებში რისკიან ინვესტიციას იმ იმედით ახორციელებენ, რომ მიღებული უკუგება დიდი იქნება.

ახლა უფრო დეტალურად ვნახოთ, თვითონ VC-ები როგორ ოპერირებენ, როგორ აგროვებენ ინვესტირებისთვის საჭირო თანხებს და სტარტაპებთან მათი თანამშრომლობა რას გულისხმობს.

როგორ მუშაობს VC?

იმისათვის, რომ VC-მ სტარტაპებში ინვესტირებისთვის თანხის მობილიზება შეძლოს, ცხადია, მასაც თავისი ინვესტორები სჭირდება. VC-ის ინვესტორებს  შეზღუდულ პარტნიორებს (Limited partners – LPs) უწოდებენ. როგორც წესი, ამ ინვესტორების როლში ან ძალიან მდიდარი ადამიანები,  ან  ისეთი ორგანიზაციები გვევლინებიან, როგორიცაა: საპენსიო ფონდები, ფონდების ფონდები, საგანმანათებლო ფონდები… მოკლედ, VC-ის დასაფუძნებლად დიდი თანხების მფლობელი რამდენიმე სუბიექტია საჭირო.

ის გასაგებია, რომ ვენტურული კაპიტალის კომპანიები თავიანთ საინვესტიციო ფონდს LP-ებისგან მოაგროვებენ, შემდეგ კი სტარტაპებისკენ მიმართავენ, მაგრამ, თვითონ VC როგორ გამოიმუშავებს თანხას?

როგორ გამოიმუშავებს ფულს VC?

VC-ები ფულს ორი ფორმით იღებენ:

მენეჯმენტის ჰონორარი: კომპანია მის მიერ მოგროვილი ფინანსების როგორც წესი, 2%-ს მენეჯმენტისა და კომპანიის მუშაკების ხელფასებისა და, ასევე, სხვა ყოველდღიური ბიზნეს-საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იყენებს.

მოგების პროცენტი (carried interest): როცა კომპანიის პორტფოლიოდან რომელიმე სტარტაპი ბოლობოლო კარგ უკუგებას მოიტანს, სუფთა მოგების დაახლოებით 20%-ს VC მიიღებს, ხოლო დარჩენილ 80%-ს LP-ებს, თავის ინვესტორებს, გადაუნაწილებს.

მოკლედ, VC-სთვის მოგების პროცენტი არის შემოსავლის მთავარი წყარო.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ რომელიღაც X ვენტურული კაპიტალის კომპანიის საინვესტიციო ფონდი ჯამში 100 მილიონი დოლარია. თუ X-მა თავისი ინვესტიციების პორტფოლიოთი მხოლოდ 100 მილიონი დოლარი ან ნაკლები უკუგება მიიღო,  ეს მისთვისაც და მისი ინვესტორებისთვისაც ცუდი შედეგი იქნება. როგორც წესი, VC გაკეთებულ ინვესტიციაზე გასამმაგებულ უკუგებას ისახავს ხოლმე მიზნად. ეს თუ მართლაც მოხდებოდა, ანუ X-ს თუ თავისი პორტფოლიოდან 300 მილიონის უკუგება ექნებოდა, მაშინ 200 მილიონის სუფთა მოგების 20%-ს, ე.ი. 40 მილიონს, მთლიანად VC მიიღებდა შემოსავლის სახით.  მაგრამ როგორ უნდა მოახერხოს X-მა 300 მილიონის უკუგების მიღება? ეს საკმაოდ რთულია: კომპანია თავის სახსრებს რამდენიმე სტარტაპში ანაწილებს, ხოლო ყველა მათგანი წარმატებული ვერ აღმოჩნდება (ზოგადად, 10-დან 9 სტარტაპი ფეილდება).

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გახსოვდეს, რომ თუ ისე მოხდა, რომ VC-მ შენი სტარტაპის დაფინანსებაზე უარი გითხრა, ეს არ ნიშნავს, რომ წარმატების მიღწევა არ შეგიძლია. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ, VC-ის აზრით, შენი პროექტი მისთვის სასურველ ვადაში საკმარის უკუგებას ვერ მოიტანს (უკუგება კი VC-მ, როგორც ზემოთ ვთქვით, უნდა გაასამმაგოს მაინც, რათა ინვესტორებსაც დაუბრუნოს თანხა და თავადაც მიიღოს პროცენტი).

როგორ ურთიერთობენ სტარტაპები და VC-ები?

როდესაც სტარტაპი VC-სთან თანამშრობლობს, ეს არ ნიშნავს, რომ ის სესხს იღებს ვინმესგან. სტარტაპის მფლობელებს არ აქვთ ვალდებულება, რომ VC-ებს მათ სტარტაპში ჩადებული თანხა უკან დაუბრუნონ. თუმცა, სტარტაპის წარმატება, ავტომატურად, ნებისმიერი ტიპის ინვესტორის კეთილდღეობასა და მის გაზრდილ მოგებას ნიშნავს.

დროა ამ მომენტსაც შევეხოთ; როგორც ზემოთ ავხსენით, VC-ს თავის ინვესტიციაზე მაღალი უკუგება სჭირდება, ამიტომაც ის, თავისი რისკის  სანაცვლოდ, თავიდანვე კომპანიის დიდ წილს იღებს; ხშირად – 50%-ს და მეტს, რაც ნიშნავს,  რომ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას, მთავარი სიტყვა მისი იქნება.

არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ VC ბორდში ჩართულობას მოითხოვს; ეს ორნაირად შეიძლება მოხდეს: ან თავიანთი წარმომადგენელი შეიყვანონ დირექტორთა შორის და პირდაპირი მონაწილეობა მიიღონ კომპანიის მიერ გადაწყვეტილების მიღებაში, ან თავიანთი წარმომადგენელი დანიშნონ, რომელიც დირექტორთა გადაწყვეტილებებს დააკვირდება, შეხვედრებს დაესწრება და მუდამ ეცოდინება, რა ხდება კომპანიაში.

საერთო ჯამში, სტატისტიკური ანალიზიდან ირკვევა, რომ როდესაც სტარტაპს ზურგს VC უმაგრებს, ის ბევრად სწრაფად მასშტაბირებს, ვიდრე მის გარეშე. აქ საქმე მხოლოდ ფინანსურ  მხარდაჭერაში არაა. ჯერ ერთი, ვენტურული კაპიტალის კომპანიებს მრავალმხრივი კავშირები აქვთ: ისინი შენ სხვა ინვესტორებსა და ბიზნესებთან დაგაკავშირებენ, რაც სხვაგვარად გაგიჭირდებოდა. ესეც არ იყოს, VC-ები სტარტაპებს თავიანთ ბიზნეს-ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ: ხშირად VC-ები მათთვის ნაცნობი სფეროს სტარტაპებში აბანდებენ თანხას, დარგში გამოცდილი კეთილის მოსურნის რჩევა კი სტარტაპისთვის ძალიან ძვირფასია. მოკლედ, თუკი VC-სთან ითანამშრომლებ, ის შენთან, დამფუძნებელთან ერთად, დაიწყებს სტარტაპის განვითარებაზე ზრუნვას – შესაძლოა, გუნდის ფორმირებაშიც კი მოგეხმაროს, თუ დაგჭირდება.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post