ქართული სტარტაპების რჩევები იდეის შესახებ
სტარტაპზე მუშაობა იდეით იწყება – დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობთ, ან სრულიად შემთხვევით წააწყდებით ისეთ მოვლენას, რომელიც უნიკალური იდეის ჩამოყალიბებაში გეხმარებათ. თუმცა, რა არის საჭირო იმისათვის, რომ იდეა სტარტაპად იქცეს? რა უნდა გაითვალისწინოთ და რა მიდგომები დანერგოთ იდეის გაჩენიდან მის განხორციელებამდე არსებულ ეტაპებზე იმისათვის, რომ თქვენი მცდელობა წარმატებით დასრულდეს? სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრებიან რამდენიმე ქართული სტარტაპის დამფუძნებელი და გუნდის წევრები.
იდეის გაჩენა
,,[სტარტაპზე მუშაობა] პროდუქტის იდეიდან არ დაიწყოთ – მოძებნეთ პრობლემა, რომელიც პროდუქტს შეგაქმნევინებთ… გახსოვდეთ, რომ ძიების გარეშე წარმატება იშვიათად მოდის’’, – გვეუბნებიან ჯგუფური შესყიდვის აპლიკაციის, Kroudi-ის დამფუძნებლები ჯოსუა რეხტსტეინერი და სებასტიან ჰარკე.
მართლაც, როგორც წესი, ყველა დამწყებ სტარტაპერს ასწავლიან, რომ რაიმე პრობლემა იპოვოს, მიჰყვეს მას, გადაჭრის გზა მოძებნოს და განახორციელოს. სწორედ ასე შეიქმნა Kroudi-იც – ჯოსუამ ელექტრონული სკუტერის ყიდვა გადაწყვიტა, მაგრამ მოდელი, რომლის შეძენაც სურდა, 800 ევრო ღირდა. მან, როგორც გამოცდილმა იმპორტიორმა, სწრაფადვე შეძლო იმავე ხარისხისა და უკეთესი მახასიათებლების მქონე მოდელის სულ რაღაც 200 ევროდ მოძებნა. თუმცა, აღნიშნული მოდელი საცალოდ არ იყიდებოდა და მინიმალური შეკვეთის რაოდენობა 100 ერთეული იყო. ჯოსუა შეეცადა გაეგო, თუ როგორ უნდა მოეძებნა დანარჩენი 99 ადამიანი, რომელიც იმავე სკუტერს შეიძენდა. ამ პროცესში კი აღმოაჩინა, რომ საამისოდ სპეციალური აპლიკაცია არ არსებობდა და მოცემულობის გამოსწორება გადაწყვიტა. საბოლოო ჯამში, პირადი საჭიროებიდან და პრობლემიდან გამომდინარე, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც ინოვაციური სტარტაპი ჩამოყალიბდა.
ზოგჯერ პირიქითაც ხდება ხოლმე – სწორედ ასე შეიქმნა სინქრონიზებული აუქციონების პლატფორმა Shelf.Network. თუმცა, თეორიულად, ეს სტარტაპის შესაქმნელად გამართლებული გზა არ არის.
როგორც Shelf.Network.-ის დამფუძნებელი ლაშა ანთაძე გვიყვება, ის უკრაინაში სახელმწიფო პროექტზე, ანტიკორუფციული და გამჭვირვალე ინსტრუმენტების დანერგვაზე, დიდ საერთაშორისო ჯგუფთან ერთად მუშაობდა.
,,სწორედ მაშინ მქონდა შეხება ბლოკჩეინ ტექნოლოგიასთან, საპილოტე ვერსია გავაკეთეთ – ერთ-ერთი პირველი დეცენტრალიზებული აუქციონები სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისთვის. ეს 2015 წელს სიახლე იყო და ე.წ. ბლოკჩეინ ქომიუნითიში ყოფნის საშუალება მომეცა, რაც, ფაქტობრივად, გადამწყვეტი აღმოჩნდა’’, – იხსენებს ლაშა.
საბოლოოდ, პროექტი გარკვეული მიზეზების გამო შეჩერდა და როგორც ის იხსენებს, დარჩა თვითონ, რამდენიმე ადამიანი და ტექნოლოგია. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეაც. თუმცა, ლაშა სტარტაპერებს პირდაპირ ურჩევს, რომ თავად ასე არ მოიქცნენ – ,,ჩვენ გვქონდა ტექნოლოგია, რომელიც მუშაობდა და ვეძებდით რაიმეს, რასაც მას მოვარგებდით. ეს, რეალურად, არასწორი გზაა.’’
იდეის დადასტურება
პრობლემის აღმოჩენისა და მისი გადასაჭრელი გზების მოძიების შემდეგ, იდეის დადასტურების დრო მოდის. ამ საკითხთან დაკავშირებით Profy-ის (პროფესიონალი ხელოსნის, დიასახლისისა და IT მომსახურების პლატფორმა) თანადამფუძნებელი და გენერალური მენეჯერი ირაკლი ზანთარია აღნიშნავს, რომ ეს ერთგვარი მწვანე შუქია, რომლითაც სტარტაპი განვითარების შემდეგ ეტაპზე გადადის.
,,ჩემ ირგვლივ ბევრ ადამიანს ვხედავ, რომლებიც თავიანთ იდეაზე ამბობენ, რომ ძალიან მაგარია და აუცილებლად იმუშავებს. ხოლო როცა ვეკითხები – რატომ – პასუხად ვიღებ, რომ ისინი აუცილებლად გადაიხდიდნენ ამაში ფულს. ეს კი არაა საკმარისი, რადგან სოციუმში ვცხოვრობთ. 1 დღის განმავლობაში რომ დასხდეთ, მინიმუმ 150 ადამიანს გამოკითხავთ და გაიგებთ, რამდენად ჭრით მათ პრობლემას. თუ უგვარებთ, ძალიან კარგია და ამას აუცილებლად მეორე კითხვაც მოჰყვება – ფულს თუ გადაიხდის ამაში. ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ რაიმე მოსწონთ, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდის, მასში ფულს არ იხდიან. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, დადასტურების ნაწილი მოაგვაროთ – რაღაც ფინანსები ჩადოთ და რაიმე ხელჩასაჭიდი მიიღოთ, რომ დრო უაზროდ არ დაკარგოთ და სხვა იდეაზე გადახვიდეთ’’, – ამბობს ირაკლი და აღნიშნავს, რომ იდეის დასადასტურებლად მრავალი გზა არსებობს – ,,დღეს ძალიან ბევრი საშუალება გვაქვს იმისთვის, რომ იდეა დავადასტუროთ. მე ყველა ადამიანს, ვისაც რაიმე იდეა აქვს, ვურჩევ, ეს ხელსაწყოები და შესაძლებლობები გამოიყენონ. თუნდაც, Facebook-ზე გვერდი შექმნან და ხალხს რაიმე შესთავაზონ’’.
იდეის მიმართ მიუკერძოებლობა
,,იდეის მოწონებამ რეალობის დანახვაში ხელი არ უნდა შეგიშალოთ. შესაძლოა, ნებისმიერ ადამიანს მოუვიდეს უნიკალური იდეა, რომელიც, ერთი შეხედვით, სრულყოფილი ჩანს და მისი განხორციელება მაშინვე სცადოს’’, – გვეუბნებიან პროგრამული უზრუნველყოფის შემმუშავებელი სტარტაპის Zencode-ის გუნდის წევრები და აღნიშნავენ, რომ ამ პროცესში ყველაზე დიდი სირთულე რეალური საჭიროებების, მოთხოვნისა და მიზნების დანახვაა – ,,როდესაც ამ ეტაპსაც დაძლევთ, ყოველთვის სკეპტიკურად, სხვა თვალით შეხედეთ თქვენ მიერ წამოწყებულ სტარტაპს და აღმოჩენილი სისუსტეები თქვენთვისვე სასარგებლოდ გამოიყენეთ’’
საკუთარი იდეის სიყვარულით გვერდით გადადებისა და მის მიმართ კრიტიკული თვალთახედვის შემუშავების საჭიროებაზე გვესაუბრებიან განათლების ტექნოლოგიის სტარტაპის, Upway-ის დამფუძნებლებიც – ,,ეს არ ნიშნავს იმას, რომ იდეა ცუდია. პირიქით, ეს გულისხმობს იდეის სუსტი მხარეების პოვნას და იმის მოფიქრებას, თუ როგორ აქცევთ მათ სიძლიერედ’’.
იდეის რწმენა
კრიტიკულობა აუცილებელია, თუმცა, საკუთარი იდეის რწმენის გარეშე სტარტაპის დაფუძნება, შემდეგ კი მასზე 24/7 რეჟიმში მუშაობა და მრავალი სირთულის გადალახვა, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. სწორედ ამ საკითხზე გვაძლევს რჩევას თამაშების მწარმოებლის, Onyx Wings Studio-ის თანადამფუძნებელი ირაკლი ჭოლოკავა.
,,თავდაპირველად თავად ირწმუნეთ საკუთარი იდეის, მერე ის დედას, მამას და ოჯახის სხვა წევრებს დააჯერეთ, შემდეგ სტარტაპის შესახებ ახლო მეგობრებს მოუყევით და ყველა დახარჯეთ იმისთვის, რომ მათ ისევე ირწმუნონ თქვენი, როგორც თქვენ თავად გწამთ. ნელ-ნელა გააფართოვეთ ამ ადამიანების წრე, სანამ არ მიხვალთ იმ ინვესტორამდე, რომელიც რწმენას პარტნიორულ მხარდაჭერის სახით გამოხატავს’’, – აღნიშნავს იგი.
იდეის აღსრულება
,,Just do it ტყუილად არ არის ნათქვამი – თავში მოსული იდეა უბრალოდ უნდა აღასრულოთ. არ უნდა შეგეშინდეთ ცდის’’, – გვეუბნება სწავლის გადასახადის გამარტივების პლატფორმის, Edupay-ის თანადამფუძნებელი გიორგი ხაჩიძე. იგი აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც ადამიანი რაიმე საკითხს სიღრმისეულად იკვლევს და შეისწავლის, მასთან დაკავშირებით უამრავი იდეა მოსდის თავში; სურს, რომ ბევრი რამ გააკეთოს; თუმცა, რაღაც მიზეზების გამო, მათი განხორციელება გადაიდება ხოლმე – ,,მერე მუღამიც იკარგება. ასეთი იდეები ყოველთვის უნდა განახორციელოთ’’.
იდეის აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღება დიდი და რთული ნაბიჯია, თუმცა, არც ამის შემდეგ მარტივდება რაიმე. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ პირიქით, პროცესები ბევრად კომპლექსური ხდება.
,,იდეები ძალიან ამაღელვებელია, როდესაც მათზე ფიქრობთ. თუმცა, მათი რეალობად ქცევისას, მუდამ ამაღელვებელი დღეები ვერ გექნებათ – ხშირად მოგიწევთ ამერიკული მთების ატრაქციონივით ზემოთ-ქვემოთ ფრენა, ამას კი ბევრი ცუდი და კარგი დღე მოჰყვება’’, – აღნიშნავს OMOFOX-ის (ტვირთის გადაზიდვის პროვაიდერი, რომელიც არსებულ პროცესში წარმოქმნილ ინფორმაციას აციფრულებს) თანადამფუძნებელი მახო ქიტუაშვილი.