ილონ მასკი საკუთარი სოციალური ქსელის შექმნაზე ფიქრობს
ილონ მასკი სოციალური ქსელის შექმნაზე ფიქრობს. ამის შესახებ მან ტვიტერში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.
ახალი სოციალური პლატფორმის საჭიროების საკითხის განხილვა მასკმა გასულ კვირას დაიწყო. 24 მარტს მან ტვიტერზე განათავსა გამოკითხვა იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა ამ სოციალური მედიის ალგორითმი ღია წყარო. აღნიშნულ შეკითხვას მომხმარებელთა 82.7%-მა დადებითი პასუხი გასცა. 25 მარტს კი მილიარდერმა განაცხადა, რომ ,,სიტყვის თავისუფლება აუცილებელია დემოკრატიისთვის’’ და იკითხა – ,,მიიჩნევთ, რომ Twitter მკაცრად იცავს ამ პრინციპს?’’, თანაც გამომწერებს მოუწოდა, რომ დაკვირვებით მიეცათ ხმა, რადგან ამ გამოკითხვის შედეგები მნიშვნელოვანი იქნებოდა. აღნიშნულ კითხვაზე 2 მილიონზე მეტი მომხმარებლის 70.4%-მა უარყოფითი პასუხი დააფიქსირა. ამგვარი რეზულტატის შემდეგ, ილონ მასკმა ახალი პოსტი განათავსა.
,,იმის გათვალისწინებით, რომ Twitter დე ფაქტო ქალაქის საჯარო მოედანია, მის მიერ სიტყვის თავისუფლების პრინციპების შეუსრულებლობა ძირს უთხრის დემოკრატიას. რა უნდა გაკეთდეს?’’, – წერდა მასკი.
ამის შემდეგ კი მან დამატებითი კითხვა დასვა იმის შესახებ, იყო თუ არა საჭირო ახალი სოციალური პლატფორმის შექმნა.
მასკის მიერ განთავსებულ გამოკითხვებსა და გაკეთებულ განცხადებებს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი გამოეხმაურა.
,,განიხილავდით ახალი სოციალური მედიაპლატფორმის შექმნას? ისეთის, რომლის ალგორითმიც ღია წყარო იქნება, რომლის მთავარ პრიორიტეტს სიტყვის თავისუფლება და მისი დაცვა წარმოადგენს და რომელშიც პროპაგანდა მინიმალურად შეგვხვდება. ვფიქრობ, სწორედ ასეთი პლატფორმაა საჭირო’’, – აღნიშნავდა მომხმარებელი.
რაზეც ილონ მასკის პასუხი იყო, რომ ის ამ საკითხს სერიოზულად განიხილავდა.