fbpx

ილონ მასკმა Twitter-ის შესყიდვის სურვილი გამოთქვა

ილონ მასკმა

ილონ მასკმა Twitter-ის შესყიდვის სურვილი გამოთქვა

Twitter-ის წილის შეძენისა და სამეთვალყურეო საბჭოში გაწევრიანების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ილონ მასკმა კომპანიის შესყიდვის სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაცია მილიარდერმა თავის Twitter-ის ანგარიშზე რამდენიმე საათის წინ გაასაჯაროვა.

,,შეთავაზება გავაკეთე’’,წერს მასკი ტვიტში, რომელსაც აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის (SEC) დოკუმენტის ბმულს ურთავს. განცხადებიდან ვიგებთ, რომ მასკი მზადაა, Twitter-ის ერთი აქცია $54,20-ად, ნაღდი ფულით იყიდოს. საერთო ჯამში, შეთავაზება დაახლოებით $44 მილიარდს შეადგენს.

,,მჯერა, რომ Twitter-ს აქვს პოტენციალი, მსოფლიოს მასშტაბით სიტყვის თავისუფლების [პრინციპების დაცვის] პლატფორმა გახდეს, თავად სიტყვის თავისუფლება კი დემოკრატიისთვის აუცილებელია. სწორედ ამიტომ ჩავდე ინვესტიცია კომპანიაში. თუმცა, მას შემდეგ, რაც ინვესტიცია განვახორციელე, მივხვდი, რომ ამჟამინდელი ფორმით კომპანია ვერც წარმატებას მიაღწევს და ვერც ამ საზოგადოებრივ აუცილებლობას მოემსახურება. Twitter კერძო კომპანიად უნდა გარდაიქმნას. პლატფორმას არაჩვეულებრივი პოტენციალი აქვს და მე მას გასაქანს მივცემ‘’, – წერს მასკი Twitter-ის საბჭოს თავმჯდომარის, ბრეტ ტეილორისთვის განკუთვნილ წერილში.

მასკი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გარიგება არ შედგება, მას თავისი, როგორც აქციონერის პოზიციის გადახედვა მოუწევს.

,,მე არ ვენდობი მენეჯმენტს და არ მჯერა, რომ საჯარო ბაზარზე საჭირო ცვლილებების განხორციელებას შევძლებ… ეს არ არის მუქარა, უბრალოდ არ არის კარგი ინვესტიცია იმ ცვლილებების გარეშე, რომლებიც აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ეს ცვლილებები კი კომპანიის პრივატიზაციის გარეშე არ მოხდება’’, –  ამბობს იგი.

ცნობისთვის, გასულ კვირას ილონ მასკმა გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 14 მარტს მან Twitter-ის 9,2%-იანი წილი იყიდა. ამ შესყიდვით იგი კომპანიის უმსხვილესი აქციონერი გახდა.

აღსანიშნია, რომ გასული თვის ბოლოს მასკი ახალი სოციალური ქსელის საჭიროების საკითხს განიხილავდა. 24 მარტს მან ტვიტერზე განათავსა გამოკითხვა იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა ამ სოციალური მედიის ალგორითმი ღია წყარო. აღნიშნულ შეკითხვას მომხმარებელთა 82.7%-მა დადებითი პასუხი გასცა. 25 მარტს კი მილიარდერმა განაცხადა, რომ ,,სიტყვის თავისუფლება აუცილებელია დემოკრატიისთვის’’ და იკითხა – ,,მიიჩნევთ, რომ Twitter მკაცრად იცავს ამ პრინციპს?’’, თანაც გამომწერებს მოუწოდა, რომ დაკვირვებით მიეცათ ხმა, რადგან ამ გამოკითხვის შედეგები მნიშვნელოვანი იქნებოდა. აღნიშნულ კითხვაზე 2 მილიონზე მეტი მომხმარებლის 70.4%-მა უარყოფითი პასუხი დააფიქსირა. ამგვარი რეზულტატის შემდეგ, ილონ მასკმა ახალი პოსტი განათავსა.

,,იმის გათვალისწინებით, რომ Twitter დე ფაქტო ქალაქის საჯარო მოედანია, მის მიერ სიტყვის თავისუფლების პრინციპების შეუსრულებლობა ძირს უთხრის დემოკრატიას. რა უნდა გაკეთდეს?’’, – წერდა მასკი.

მასკის მიერ განთავსებულ გამოკითხვებსა და გაკეთებულ განცხადებებს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი გამოეხმაურა და მილიარდერს ჰკითხა, ფიქრობდა თუ არა იგი ახალი სოციალური პლატფორმის შექმნაზე, რაზეც ილონ მასკის პასუხი იყო, რომ ის ამ საკითხს სერიოზულად განიხილავდა.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post