Facebook-ის მიერ Instagram-ის შეძენის შიდა ისტორია
Facebook–ის მიერ Instagram–ის $1 მილიარდად შეძენა Big Tech– ისთვის (იგულისხმება ტექნოლოგიური გიგანტები – Apple, Google, Amazon, Facebook and Microsoft) მნიშვნელოვანი მომენტი იყო. აღნიშნულმა გარიგებამ ყველას გვაჩვენა, თუ რამხელა ძალა და სიმდიდრე აქვს ამ ინდუსტრიას და როგორ შეიძლება მათი გამოყენება.
ამ სტატიაში სარა ფრაიერის წიგნიდან No Filter: The Inside Story of Instagram ნაწყვეტს გაგაცნობთ იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდებოდა Facebook-ისა და Instagram-ის გარიგება კულისებს მიღმა.
აქვე, წინაპირობის სახით, უნდა ითქვას, რომ 2012 წლის დასაწყისში Twitter დაჟინებით ცდილობდა Instagram-ის კეთილგანწყობის მოპოვებას მისი პოტენციური შეძენის მიზნით. კომპანიას პირობების ჩამონათვალიც კი ჰქონდა შედგენილი, რომლის მიხედვითაც ისინი აქციების 7-10%-ს იყიდდნენ, კომპანიის $500-700 valuation-ზე. მათი ხედვით, სისტრომი გააგრძელებდა ინსტაგრამის მართვას, მაგრამ ასევე Twitter-ის პროდუქტსაც ჩაიბარებდა შემდგომი განვითარებისთვის. თუმცა, Instagram-ის დამფუძნებლები, კევინ სისტრომი და მაიკ კრიგერი აპლიკაციის გაყიდვას ჯერ არ აპირებდნენ. მათი მიზანი კომპანიის ისე გაზრდა იყო, რომ მისი შეძენა ნებისმიერისთვის ძალიან ძვირი სიამოვნება ყოფილიყო. ამავე პერიოდში, ინვესტიციების მოზიდვის მიზნით დაიწყო მოლაპარაკებები ვენტურული კაპიტალის კომპანიასთან Sequoia Capital.
საინტერესოა, რომ მოგვიანებით, სისტრომმა თავის მეგობრებთან საუბარში ახსენა, რომ Twitter-ს სერიოზული წინადადება არც არასდროს გაუკეთებია. თუმცა რეალურად კი, მათ შეთავაზება გააკეთეს, უბრალოდ ეს მისთვის საინტერესო შეთავაზება არ იყო. მხოლოდ და მხოლოდ მარკ ზაკერბერგს ესმოდა, თუ რა მოხიბლავდა სისტრომს – დამოუკიდებლობა.
ზაკერბერგის შეთავაზება
Facebook-Instagram გარიგების ისტორია 2012 წლის აპრილის პირველ კვირას დაიწყო. ამ პერიოდში კომპანია Sequoia $50 მილიონიანი ინვესტიციის რაუნს სთავაზობდა Instagram-ს $500 მილიონიან valuation-ზე. ეს Twitter-ის მიერ შეფასებასთან ახლოს იყო და ერთადერთი, რაც სისტრომს უნდა გაეკეთებინა, დოკუმენტებზე ხელის მოწერა იყო. თუმცა, მას მარკ ზაკერბერგმა დაურეკა.
– ,,ამაზე ვფიქრობდი და თქვენი კომპანიის ყიდვა მსურს”, – ზაკერბერგი პირდაპირ სათქმელზე გადავიდა – ,,მე იმაზე ორჯერ მეტს მოგცემ, ვიდრე შენი ამ რაუნდის valuation-ია’’. მას რაც შეიძლება მალე შეხვედრა სურდა.
ამ შეთავაზებაზე, სისტრომი აღელდა და თავის დირექტორთა საბჭოს – ბორდს დაურეკა. ერთმა წევრმა მას უთხრა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო ზაკერბერგთან, პირველ რიგში ვენტურული ინვესტიციის რაუნდის დოკუმენტებზე მას ხელი აუცილებლად უნდა მოეწერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სილიკონის ველზე მისი რეპუტაცია არასოდეს აღდგებოდა.
ბორდის მეორე წევრმა კი სისტრომს მარკთან შეხვედრა ურჩია – ,,უყურე… თუ ინტერნეტის ამჟამინდელ მეფეს შენთან შეხვედრა სურს… რა თქმა უნდა… რატომაც არა? ასეთ შეხვედრაზე უარის თქმის ძალიან მცირე მიზეზია’’. თუმვა, ისიც არ ფიქრობდა, რომ Instagram უნდა გაყიდულიყო, ყოველ შემთხვევაში, ჯერ არა.
რჩევების გათვალისწინებით, სისტრომმა Sequoia-სთან ინვესტიციის რაუნდის საბოლოოდ გასაფორმებლად კონტრაქტს ხელი მოაწერა და შემდეგ ზაკერბერგს დაურეკა.
Facebook-ის მომავალი და ზაკერბერგის გამოცდილება
მაშინ, როცა Facebook IPO-სთვის ემზადებოდა, ზაკერბერგი იძულებული გახდა, თავისი ბიზნესის გრძელვადიანი რეალობის შესახებ ეფიქრა. Facebook-მა ერთერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ინტერნეტ მომსახურება შექმნა, თუმცა, მისი მომხმარებლები სწრაფად გადადიოდნენ მობილურ მოწყობილობებზე. მართალია, კომპანიას ჰქონდა აპლიკაცია, მაგრამ Google-ისა და Apple-ისგან განსხვავებით, ის ტელეფონებს არ აწარმოებდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ სანამ ტექნოლოგიური გიგანტი ძვირადღირებული მოწყობილობების ბიზნესში არ გადავიდოდა, ზაკერბერგი თავის კომპანიას მუდამ იმ ტერიტორიაზე ააშენებდა, რომელიც, საბოლოო ჯამში, სხვა კომპანიების საკუთრებაში იყო.
ამ რეალობამ მარკს წარმატების მოპოვების მხოლოდ ორი გზა დაუტოვა:
1.ინჟინრებს Facebook ისეთი საინტერესო, გასართობი და სასარგებლო გაეხადათ, რომ მას ადამიანების უფრო და უფრო მეტი დრო დაეკავებინა.
2.კონკურენტი აპლიკაციების ყიდვა, კოპირება ან განადგურება. შედეგად, სხვა კომპანიებს ნაკლები შესაძლებლობა ექნებოდათ, შეჭრილიყვნენ და დაერღვიათ ადამიანთა Facebook ჩვევები.
შესაბამისად, როდესაც ზაკერბერგმა Instagram-ის $500 მილიონიანიან valuation-ზე 50 მილიონიანი ინვესტიციის რაუნდის შესახებ გაიგო, გაიაზრა, რომ პატარა კონკურენტი ახალი ფულით, შესაძლოა, მალე მისთვის უფრო დიდი საფრთხე გამხდარიყო. სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი მისი შეძენა იყო.
მარკს ეს ადრეც გამოუცდია. ჯერ კიდევ 2008 წელს, Twitter– ის მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა მას დაუდასტურა, რომ $500 მილიონად გაყიდვაზე თანახმა იყო. თუმცა, გარიგების დასასრულებლად გამბედაობა არ ეყო. ახლა კი, Twitter ერთერთი მსხვილი კონკურენტი იყო Facebook-ისთვის.
თუმცა, ასე ზაკერბერგიც მოქცეულა. 2006 წელს, როდესაც Facebook დაახლოებით Instagram-ის ტოლი იყო, Yahoo!-მ მას $1 მილიარდი შესთავაზა. მაშინ მარკი საბჭოს რჩევების წინააღმდეგ წავიდა და წინადადებაზე უარი თქვა. ის დარწმუნებული იყო, რომ Facebook-ის გაზრდას დამოუკიდებლად შეძლებდა. მისი ინსტინქტი სწორი აღმოჩნდა.
შეთავაზება
ამ გამოცდილებით შეიარაღებულმა ზაკერბერგმა ზუსტად იცოდა, როგორ უნდა ესაუბრა სისტრომთან. სისტრომს არ სურდა Facebook-ის პროდუქტის მართვა – მას კომპანიისა და იმავე ხედვის შენარჩუნება უნდოდა, თუმცა, დამოუკიდებლობის რისკების გარეშე.
Facebook-ის ქსელი Instagram-ს ზრდაში ისედაც ეხმარებოდა. ხოლო, თუ უკანასკნელი ტექნოლოგიური გიგანტის ნაწილი გახდებოდა, მათ წარმოუდგენლად დიდი რესურსი ექნებოდათ უფრო სწრაფად განვითარებისთვის. ეს არგუმენტი სისტრომს მოსწონდა და მან მოლაპარაკება პალო ალტოში, ზაკერბერგის სახლში, $2 მილიარდის მოთხოვნით წამოიწყო.
მარკი რიცხვის შემცირებას ცდილობდა, როდესაც სხვების საქმის კურსში ჩაყენება გადაწყვიტა. მან Facebook-ის მთავარი საოპერაციო დირექტორი შერილ სენდბერგი და მთავარი ფინანსური დირექტორი დევიდ ებერსმენი მოიწვია. თანამშრომლებმა ზაკერბერგს უთხრეს, რომ მის ინსტინქტებს ენდობოდნენ. თუმცა, ჯერ გარიგებების ხელმძღვანელი, ამინ ზოფონუნი უნდა გაეფრთხილებინათ.
გარიგების განხილვა Facebook-ში
– ,,მარკს Instagram-ის ყიდვა სურს”, – კონფერენციის ზარში სენდბერგი პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
ზოფონუნის ზაკერბერგის გადაწყვეტილება მოსწონდა. კომპანია მის რადარში დიდი ხნის წინ მოხვდა.
– ,,ის კევინ სისტრომს უკვე ესაუბრა და ისინი მაღალ ფასზე შეთანხმდნენ,” – განაგრძო სენდბერგმა. მარკს ისეთი გარიგების დადება სურდა, რომლითაც Instagram-ის ღირებულება Facebook-ის დაახლოებით 1%-ის ტოლი იქნებოდა.
ზოფონუნი შოკირებული, ჩუმად იყო.
Facebook-ის valuation დაგეგმილ IPO-მდე ერთი თვით ადრე, დაახლოებით $100 მილიარდი იყო. ეს ნიშნავდა იმას, რომ Instagram-თან გარიგება $1 მილიარდიანი იყო. მობილური აპლიკაციისთვის კი აქამდე ამდენი არავის გადაუხდია.
– ,,სკეპტიკურად განწყობილი ჩანხარ”, – თქვა დაკვირვების შემდეგ სენდბერგმა – ,,დღესვე დაგირეკავ, მას შემდეგ, რაც დაფიქრებისა და ანალიზის გაკეთების შესაძლებლობა გექნება”.
მეორე ზარზე, ზოფონუნმა ყველაფრის უფრო ნათლად ახსნა მოითხოვა
– ,,ფასი მართლაც უზარმაზარია. მაინტერესებს, როგორ მივიდა ზაკერბერგი ამ აზრამდე? როგორ მივიდნენ ისინი ამ რიცხვთან?”
სენდბერგმა კონფერენციაში ზაკერბერგი მოიწვია, რომელმაც ზოფონუნს მომდევნო დილას პირისპირ შეხვედრა შესთავაზა.
Instagram-ის მომავლის გააზრება
იმ ღამეს ზოფონუნმა ვერ დაიძინა. მას ასეთი დიდი გარიგება არასდროს ჰქონია და ნერვიულობდა. ზაკერბერგთან შეხვედრამდე საათები ტელეფონით ხელში, Instagram-ის სქროლვაში გაატარა – მისი მომავლის პროგნოზირებას ცდილობდა.
საბოლოოდ, მან გააცნობიერა, რომ Instagram არ იყო უბრალო აპლიკაცია, რომლითაც ადამიანები თავიანთი საკვების სურათებს აქვეყნებდნენ, არამედ ის პერსპექტიული ბიზნესი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას მხოლოდ 25 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავდა (Facebook–ს კი ასობით მილიონი), ბიზნესის წარმომადგენლები აპლიკაციას თავიანთი პროდუქტის ფოტოების განსათავსებელად იყენებდნენ, მათი მიმდევრები კი კომპანიებთან ურთიერთობდნენ და მათ კონტენტზე აკომენტარებდნენ.
იმ დროისთვის Instagram-ს მოგება ჯერ არ ჰქონდა მოტანილი, მაგრამ ზოფონუნმა მისი პოტენციალი დაინახა. რადგანაც აპლიკაცია, Facebook newsfeed-ივით, მომხმარებლებს პოსტების უსასრულოდ სქროლვის საშუალებას აძლევდა, მისთვის ტექნიკური გიგანტის მსგავსი სახის სარეკლამო შესაძლებლობების განვითარება შეიძლებოდა. Facebook-ის ინფრასტრუქტურის გამოყენებით კი Instagram ბევრად სწრაფად გაიზრდებოდა, როგორც Youtube-ის და Google-ის შემთხვევაში იყო.
საბოლოო გადაწყვეტილება და სამოქმედო გეგმა
მეორე დღეს ზაკერბერგი და ზოფონუნი Facebook-ის სათაო ოფისის საკონფერენციო დარბაზში შეხვდნენ ერთმანეთს.
– ,,როგორ ხარ?”, – ჰკითხა ზაკერბერგმა – ,,მესმის, რომ რაღაც საკითხებზე დარდობ’’
– ,,რეალურად, ვფიქრობ, შენი ინსტინქტი სწორია. ეს კომპანია აუცილებლად უნდა ვიყიდოთ’’ , – უპასუხა ზოფონუნმა.
– ,,კარგი. შემდეგ რა ხდება?’’, – თქვა ზაკერბერგმა და საკუთარი სისწორე არც გაჰკვირვებია – ,,ეს, სჯობს, რომ სწრაფად გავაკეთოთ. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწრაფად შეგვიძლია ამის დასრულება? ”
ზოფონუნი წამოდგა, საკონფერენციო დარბაზის დაფასთან მივიდა და ნაბიჯების წერა დაიწყო:
1.იურისტების მოწვევა.
2.გადასახადში ქეშისა და აქციების დეტალების გარკვევა.
3.განისაზღვროს რისკი, რომელსაც Facebook იღებს Due diligence-ის პროცესისთვის საჭირო დროის შეკვეცით.
პოტენციური კლიენტისა თუ შენაძენის შესაფასებლად, კომპანიები ხშირად კვირებსა და თვეებს ხარჯავენ. თუმცა, თუ Facebook იჩქარებდა, ამის გაკეთებას ისინი ყოველგვარი გარე ბანკირების გარეშე, ერთ უიქენდზე შეძლებდნენ.
ზაკერბერგს ყველაფრის სწრაფად მოგვარება სურდა – თუ მოლაპარაკება დიდხანს გაიწელებოდა, სისტრომი თავის მეგობრებთან და მენტორებთან დარეკვას დაიწყებდა. ამით ნაკლები შანსი რჩებოდა, სისტრომს ვინმესგან Facebook-ისთვის არახელსაყრელი რჩევა ან კონტრწინადადება მიეღო.
როგორ გავაუმჯობესოთ სტარტაპი ე.წ. „ხელსახოცის წესის“ გამოყენებით?
რა რეაქცია გექნება, თუ გეტყვი, რომ ერთ ხელსახოცს ანტრეპრენერის ცხოვრების შეცვლა შეუძლია? ხელსახოცის წესი – The Napkin Rule ძალიან მარტივ, თუმცა საინტერესო იდეაზე არის დაფუძნებული – ყველაფერი რასაც შენი სტარტაპი რეალურად წარმოადგენს ხელსახოცის ერთ გვერდზე უნდა დაეტიოს.
გარიგების მიმდინარეობა
როდესაც იურისტები გარიგების დეტალებს განიხილავდნენ, Facebook-ის სათაო ოფისში სისტრომი თანადამფუძნებელ მაიკ კრიგერთან ერთად მივიდა. მარკთან შეხვედრის შემდეგ კი ისინი გადაწყვეტილებას განიხილავდნენ.
Facebook-ის გარეშე, Instagram-ს თავისი გუნდისა და ინფრასტრუქტურის გაზრდა ძალიან სწრაფად უნდა განეხორციელებინა. თუმცა, მაინც იყო იმის შანსი, რომ ეს არ იმუშავებდა, ან ამასობაში Facebook, Instagram-ის თავისეულ ვერსიას შექმნიდა.
კრიგერი Facebook-ის ინჟინერთა გუნდს დიდ პატივს სცემდა და ფიქრობდა, რომ მათი დახმარებით Instagram-ს უფრო მეტ პოტენციურ მომხმარებელთან მიღწევის საშუალება ექნებოდა.
მოლაპარაკების შემდეგ ეტაპზე, ზაკერბერგმა, ზოფონუნმა და სისტრომმა განაგრძეს დისკუსიები. მარკის სახლში შეუთანხმებლობა იყო გარიგებაში ქეშისა და აქციების ნაწილების შესახებ.
პოტენციურ სამომავლო ზრდასა და მოგებასთან დაკავშირებულ სარისკო შეთავაზებასთან შედარებით, ხელში არსებული ქეშზე უარის თქმა რთულია. ზაკერბერგი ცდილობდა, დაერწმუნებინა სისტრომი, რომ ამ აქციებით, გარიგების ღირებულება ბევრად დიდი გახდებოდა მომავალში. Facebook-ის ერთი პროცენტი იმ მომენტში $1 მილიარდი დოლარი ღირდა, თუმცა ის გაიზრდებოდა, რაც ამ აქციების ღირებულებას სისტრომის მიერ მოთხოვნილ თავდაპირველ ფასთან, $2 მილიარდთან (ან მეტთან) დააახლოვებდა.
შემდეგ ზაკერბერგმა ელ. წერილი გაუგზავნა Facebook-ის ბორდს და აცნობა, რომ გარიგება მიმდინარეობდა. მათ პირველად გაიგეს მსხვილი გარიგების შესახებ, რომელიც თითქმის დასრულებული იყო. თუმცა, რადგანაც კომპანიაში ხმის მიცემის ყველაზე დიდი ძალა მარკს ჰქონდა, ბორდის როლი მის გადაწყვეტილებებზე მხოლოდ ბეჭდის დარტყმა იყო.
Instagram-ის ბორდის დისკუსიები და გარიგების დასრულება
Instagram-ის ბორდის დისკუსიებზე მეტი წინააღმდეგობა იკვეთებოდა. მხოლოდ ერთი კვირით ადრე, სისტრომი კომპანიის გრძელვადიანი განვითარებისათვის ფინანსებს აგროვებდა. ხოლო ერთი თვით ადრე Twitter-ს ეუბნებოდა უარს.
– ,,რატომ შეიცვალე აზრი?”, – ჰკითხეს მას – ,,თუ საქმე ფულს ეხება, შეგვიძლია ინვესტიცია ისეთ valuation-ზე მოვიპოვოთ, რამდენადაც ზაკერბერგი გვაფასებს’’.
ბორდი ფიქრობდა, რომ თუ ისინი ცოტა ხანს კიდევ მოიცდიდნენ, Instagram-ის კონკურენტად დარჩენა, Facebook-ს, შესაძლოა, $5 მილიარდი დაჯდომოდა.
სისტრომმა კომპანიის გაყიდვის 4 მიზეზი დაასახელა:
1.მან ზაკერბერგის არგუმენტი გაიმეორა – Facebook-ის საფონდო ღირებულება, სავარაუდოდ, გაიზრდებოდა, დროთა განმავლობაში კი მასთან ერთად – გარიგების ღირებულებაც.
2.ის მთავარ კონკურენტს გზიდან მოიშორებდა. თუ Facebook, Instagram–ს დააკოპირებდა ან უშუალოდ აპლიკაციას აიღებდა პირდაპირ სამიზნეში, ეს მის ზრდას უფრო გაართულებდა.
3.Instagram ისარგებლებდა Facebook– ის მთელი ოპერაციული ინფრასტრუქტურით. ის სარგებელს არა მხოლოდ მონაცემთა ცენტრებით, არამედ იმ ადამიანებითაც მიიღებდა, რომელთაც უკვე იციან, როგორ აკეთონ ის, რისი სწავლაც Instagram– ს მომავალში დასჭირდებოდა.
4.ყველაზე მთავარი, მას და კრიგერს დამოუკიდებლობა ექნებოდათ.
– ,,ზაკერბერგი დამპირდა, რომ საშუალებას მოგვცემდა, Instagram როგორც განცალკევებული კომპანია გვემართა’’, – თქვა სისტრომმა.
– ,,ამის გჯერათ?’’ სკეპტიკურად იკითხეს ბორდიდან
– ,,დიახ, მე ნამდვილად მჯერა ამის’’, – უპასუხა სისტრომმა.
საბოლოოდ, ზაკერბერგის სახლში სისტრომმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.
Instagram– ის დამოუკიდებლობა ზაკერბერგს ჯიუტ დამფუძნებლებთან ბევრი შეუძლებელი გარიგების მოგებაში დაეხმარა. განსაკუთრებით, 2014-ში Whatsapp-ისა Oculus VR-თან. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ Instagram-ის შეძენამ მას უზარმაზარი კონკურენტული უპირატესობა მისცა.
ზაკერბერგმა არ იცოდა როგორ განვითარდებოდა მოვლენები, თუმცა მისი მთავარი მოტივაცია შემდეგ ფრაზაში ჩანს: ,,თუ ჩვენ არ შევქმნით იმას, რაც Facebook-ს კლავს, ვიღაც სხვას შექმნის. ინტერნეტი არ არის მეგობრული ადგილი. ის, რაც აქტუალურობას ვერ ინარჩუნებს, ნანგრევების დატოვების ფუფუნებაც კი არ აქვს, ის საერთოდ ქრება”.