fbpx

როგორ გამოვიყენოთ Instagram reels კომპანიის გასაზრდელად

Instagram Reels

როგორ გამოვიყენოთ Instagram reels კომპანიის გასაზრდელად

Instagram Reels ეს არის მაქსიმუმ 1 წუთის ხანგრძლივობის ვიდეოკლიპები, რომლებიც 2020 წელს გამოჩნდა სოციალურ მედიაში. ის კონტენტ კრეატორებს რედაქტირების სხვადასხვა ხელსაწყოთი, მათ შორის აუდიომასალებით, გაძლიერებული რეალობის ეფექტებით, ტაიმერითა და უკუმთვლელით, ხარისხიანი და მიმზიდველი ვიდეოების შექმნაში ეხმარება.

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ Instagram Reels არის ჩინური სოციალური ქსელის, TikTok-ის კონკურენტი. აქედან გამომდინარე, ინსტაგრამი საკუთარი პროდუქტის პოპულარობის გაზრდას ცდილობს და, შესაბამისად, პლატფორმის ალგორითმი Instagram Reels-ებს, სხვა კონტენტთან შედარებით, მეტ უპირატესობას ანიჭებს. სწორედ ამიტომ, ვიდეოების გაზიარების ამ საშუალებამ საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა და ბევრი კომპანიის კონტენტმარკეტინგის სტრატეგიაშიც მნიშვნელოვანი ადგილი მალევე დაიკავა.

და მაინც, რატომაა Instagram Reels მოთხოვნადი? მისი საშუალებით შესაძლებელია ლაკონიური ინფორმაციების გაზიარება, მომხმარებელთა ჩართულობის მოპოვება და ამასთანავე, არსებობს პოტენციალი, რომ პლატფორმაზე ვირუსულად გავრცელდეს თქვენი კონტენტი.

ახლა კი, მოდით განვიხილოთ, თუ როგორ შეგიძლიათ Instagram Reels-ების გამოყენება და რა უნდა გაითვალისწინოთ წარმატებული კონტენტის შესაქმნელად.

აჩვენეთ კომპანიის პიროვნულობა და ღირებულებები

სოციალურ მედიაში ყველაზე დიდი ყურადღება კომუნიკაციასა და კავშირების დამყარებას ექცევა. ასეთ არხებში განთავსებულმა გაყიდვებზე ზედმეტად ორიენტირებულმა კონტენტმა კი მომხმარებელზე შესაძლოა უარყოფითი ემოციური გავლენა იქონიოს და ბევრი შეთავაზება მისთვის გადამტვირთველი აღმოჩნდეს. აქედან გამომდინარე, კომპანია უნდა ეცადოს, რომ მომხმარებელთან მეტი პიროვნული ინტერაქცია დაამყაროს. ბრენდის იდენტურობის წარმოსაჩენად კი ერთ-ერთი კარგი საშუალება Instagram Reels არის. მათი საშუალებით შეძლებთ სწრაფად და მარტივად აჩვენოთ მაყურებელს, რომ თქვენი და მათი ღირებულებები ერთმანეთს ემთხვევა, რაც პოტენციური მომხმარებლების მოზიდვაში დაგეხმარებათ.

უზრუნველყავით საგანმანათლებლო კონტენტი

საგანმანათლებლო კონტენტი მოიცავს როგორც თქვენი პროდუქტისა თუ მომსახურების გამოყენების გზების ჩვენებასა და მათი საშუალებით მაქსიმალური შედეგის მიღების ინსტრუქციებს, ასევე სხვადასხვა სახის ზოგად რჩევებს, რომლებიც თქვენს სამოღვაწეო ინდუსტრიასთან არის დაკავშირებული. ამ მიმართულებაში საკმაოდ პოპულარულია ასევე FAQ ტიპის ვიდეოები, რომელთა საშუალებითაც მომხმარებლებს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე (ან მათთვის სავარაუდოდ საინტერესო თემებზე) გასცემთ პასუხს. მომხმარებელი უფრო ხშირად დაიწყებს თქვენი კონტენტისთვის თვალის დევნებას, თუ დარწმუნდება, რომ კომპეტენტური წყარო ხართ და თქვენგან მნიშვნელოვან, საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ.

გააზიარეთ კულისებს მიღმა მიმდინარე პროცესი

როგორც უკვე ვახსენეთ, პოტენციურ მომხმარებელთან პირადი კავშირების დამყარება მნიშვნელოვანია. ამ მიზნის მისაღწევად, ერთ-ერთი კარგი საშუალება ადამიანებისთვის კულისებს მიღმა მიმდინარე პროცესების ჩვენებაა. ამისათვის შეგიძლიათ თუნდაც ,,1 ჩვეულებრივი დღე’’ ტიპის ვიდეოები მოამზადოთ – გარდა იმისა, რომ ამ სახის კონტენტი საკმაოდ მოთხოვნადი და პოპულარულია, ის აუდიტორიასთან გულრწფელი და სიღრმისეული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. მომხმარებლები ცხადად დაინახავენ, თუ როგორია თქვენი სამუშაო კულტურა, როგორ ამზადებთ შეკვეთებს, როგორი სამუშაო ატმოსფერო გაქვთ, რაც თქვენ მიმართ ნდობას გაზრდის.

ითანამშრომლეთ ინფლუენსერებთან და კომპანიებთან

კომპანიის წვდომის გასაზრდელად შეგიძლიათ ინფლუენსერებთან ან სხვა, უფრო პოპულარულ ბრენდებთან ითანამშრომლოთ. ამ შემთხვევაში აუცილებელია, თქვენი ნიშები ერთმანეთს ემთხვეოდეს ან მსგავსი იყოს და, შესაბამისად, მათ აუდიტორიას ინტერესი ჰქონდეს თქვენი პროდუქტის ან მომსახურების მიმართ. მაგალითად, შესაძლოა, ინფლუენსერის დახმარებით ადამიანებს აჩვენოთ, თუ როგორ გამოიყენება თქვენი პროდუქტი ან მომსახურება და აჩვენოთ მათი მახასიათებლები თუ უპირატესობები. ამგვარი პარტნიორობები არა მხოლოდ უფრო ფართო მასშტაბზე გაგხდით ცნობადს, არამედ მეტი პოტენციური მომხმარებლის მოზიდვასა და გაყიდვების გენერირებაში დაგეხმარებათ.

წარმოაჩინეთ თქვენი პროდუქტი/მომსახურება

Instagram reels კარგი საშუალებაა, რომ პასუხი გასცეთ პოტენციურ მომხმარებელთა შემდეგ კითხვებს – რატომ უნდა იყიდონ პროდუქტი ან მომსახურება თქვენგან? რას სთავაზობთ მომხმარებელს ისეთს, რაც კონკურენტებისგან გამოგარჩევთ?

Sneak Peek

პროდუქტის ან მომსახურების წარმოჩენისა და მის მიმართ ინტერესის აღძვრის ერთ-ერთი კარგი გზა ე.წ. Sneak Peek ტიპის კონტენტის მომზადებაა. Instagram Reels-ის საშუალებით, შეგიძლიათ მომხმარებელს გააცნოთ სიახლეები მანამ, სანამ ისინი ბაზარზე ჩაეშვება. ამგვარი მასალები აუდიტორიას თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებს და გაუჩენს შეგრძნებას, რომ მათ საიდუმლოს უზიარებთ.

პროდუქტის  გამოყენება

თქვენი პროდუქტის გამოყენების პროცესის ნახვა შესაძლოა იყოს ის საჭირო უკანასკნელი ბიძგი, რომელიც მომხმარებელს შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. ალბათ, თქვენც გქონიათ უსიამოვნო შემთხვევა რაიმეს ონლაინ შეკვეთისას, როდესაც მიღებული ნივთი მოლოდინს არ შეესაბამებოდა. სწორედ ამ გამოცდილებისგან გამოწვეული ყოყმანს აღმოფხვრით, თუ მომხმარებელს აჩვენებთ, როგორ გამოიყურება და ფუნქციონირებს თქვენი პროდუქტი.

 

თქვენი პროდუქტის/მომსახურების საინტერესოდ წარმოსაჩენად, კარგი იქნება, თუ თვალს ადევნებთ თქვენს ნიშასთან დაკავშირებულ უახლეს ტრენდებს და შემდეგ თქვენს კომპანიას მოარგებთ მათ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post