fbpx

Instagram-ს ახალი ფუნქციები დაემატა

instagram-ის

Instagram-ს ახალი ფუნქციები დაემატა

შეტყობინებების გაგზავნისა და მიღების გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით, Instagram-ს შვიდი ახალი ფუნქცია დაემატა. კომპანიის თქმით, განახლება ამ ეტაპზე მხოლოდ შერჩეულ ქვეყნებშია ხელმისაწვდომი და მისი გლობალურად გაფართოება იგეგმება.

,,როგორც გასული წლის ბოლოს დავაანონსეთ, მეტ ინვესტიციას ვდებთ Instagram-ზე შეტყობინებების გაცვლის პროცესში, რათა მეგობრებს უფრო მარტივი და სახალისო გზებით დაუკავშირდეთ’’, – აცხადებს კომპანია.

განახლების ფარგლებში, მომხმარებლებს შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა პირადი მიმოწერის ველში გადასვლისა და სიახლეების დათვალიერების პროცესის შეწყვეტის გარეშე შეეძლებათ.

Instagram-ის

გარკვეულწილად იხვეწება მეგობრებისთვის სასურველი კონტენტის გაგზავნის პროცესიც – გაზიარების ღილაკზე შედარებით ხანგრძლივად დაჭერის შემდეგ, ამიერიდან გამოჩნდება პატარა ფანჯარა [განახლებამდე ეს ფანჯარა თითქმის სრულად ფარავდა ეკრანს], რომელშიც რამდენიმე ,,უახლოესი მეგობრის’’ ანგარიშს დაინახავთ. კომპანიის გამოქვეყნებულ განცხადებაში ბუნდოვანია, თუ ვინ იგულისხმება ,,უახლოეს მეგობარში’’, თუმცა, სავარაუდოდ ეს იქნება ანგარიშები, რომლებიც თქვენს ,,Close Friends’’ სიაში გყავთ შეყვანილი ან რომელთანაც ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირი ინტერაქცია გქონდათ.

ამის გარდა, პირადი მიმოწერის სივრცეში შეგეძლებათ ნახოთ, რომელი მეგობრები არიან მოცემულ მომენტში აქტიური სოციალურ ქსელში.

კომპანიის განცხადებით, მომხმარებლებისთვის მალე ასევე შესაძლებელი გახდება მუსიკის გაზიარება პირდაპირ Apple Music, Amazon Music და Spotify-იდან. ახალი ფუნქციის ფარგლებში, გაგზავნილი სიმღერის 30-წამიანი მონაკვეთის მოსმენა მიმოწერის სივრციდანვე იქნება შესაძლებელი. Instagram-ის გამოქვეყნებული გამოსახულების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაგზავნილი შეტყობინების ფანჯარას ექნება მუსიკის ჩართვისა და დაპაუზების ღილაკი, ასევე გამოჩნდება შესაბამისი ფოტო, სიმღერის დასახელება, მისი ავტორი და რომელი არხიდანაა ის გაზიარებული.

instagram-is

Instagram-ს ასევე ემატება Facebook მესენჯერის განახლების ანალოგიური ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს შეტყობინების ჩუმ რეჟიმში გაგზავნის საშუალებას მისცემს. ამისათვის საჭირო იქნება სასურველ შეტყობინებაში დამატებით ,,@silent’’-ის აკრეფა, რის შემდეგაც, მიმღებს ხმოვანი შეტყობინება აღარ მიუვა.

ამის გარდა, Instagram-ზე Facebook მესენჯერის ჯგუფური ჩატის ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი ფუნქცია – გამოკითხვა ემატება.

და ბოლოს, პირადი მიმოწერის ველის ვიზუალური დახვეწის მიზნით, კომპანია ფონს, სახელწოდებით lo-fi ამატებს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post