fbpx

გაიცანით: Investo

Investo

გაიცანით: Investo

2018 წელს დაფუძნებული Investo პირველი სტარტაპებზე ორიენტირებული საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მათ სხვადასხვა მიმართულებით უწევს დახმარებას. მათ შორის, საინვესტიციო ღირებულების შეფასებაში, ინვესტორებთან წარსადგენად საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და დაფინანსების მოპოვებაში.

კომპანიის ჩამოყალიბებისა და განვითარების გზის შესახებ მისი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი დავით ჩიხლაძე გვიყვება.

ინვესტოს ჩამოყალიბება

,,სხვადასხვა ინდუსტრიაში საინვესტიციო კუთხით მუშაობის დაახლოებით 8-წლიანი გამოცდილება მაქვს. ბოლო 7 წლის განმავლობაში კი აქტიურად ჩავერთე სტარტაპინდუსტრიაში – GITA-ში ვმუშაობდი. იმ პერიოდში ბიზნესინკუბატორი არსებობდა, ხოლო ჩემი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა სტარტაპის საინვესტიციო შეფასება, ბიზნესმოდელისა და გეგმის მომზადება და ინვესტორებთან წარდგენა იყო. სწორედ მაშინ, დაახლოებით 2017 წელს დავნერგე სტარტაპების ღირებულების შეფასების(startup valuation) საერთაშორისო მეთოდოლოგია, მოვაწყვეთ რამდენიმე დემო დღე და 14 სტარტაპისთვის $4 მილიონზე მეტი მოვიზიდეთ’’, – გვიყვება დავითი.

ამის შემდეგ ბიზნესინკუბატორის ერთგვარი სახეცვლილება მოხდა და მის მაგივრად გრანტების სისტემა დაინერგა. ამ პერიოდში დავითი რამდენიმე სტარტაპში ფინანსური დირექტორის თანამდებობას იკავებდა, თუმცა ფიქრობდა, რომ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მეტი სტარტაპისთვის უნდა გაეზიარებინა. სწორედ ასე შეიქმნა ინვესტო, რომელიც უკვე ფართო მასშტაბით ყველა სტარტაპს ეხმარება.

პირველი ნაბიჯები და ზრდა

სტარტაპ ეკოსისტემის ვიწრო წრეში დავითს (როგორც საინვესტიციო ოფიცერს) ცნობადობა უკვე ჰქონდა, თუმცა ამის მაქსიმალურად გაფართოება იყო საჭირო. სწორედ ამიტომ, განვითარების პირველ ეტაპზე ინვესტომ რამდენიმე პარტნიორი მოიპოვა.

,,თავდაპირველად ტექნოპარკის პარტნიორები გავხდით და 100 000-ლარიანი გრანტის პროგრამის გამარჯვებულ სტარტაპებს ჩვენი მომსახურება  შევთავაზეთ. ერთერთი პირველი წარმატებული სტარტაპი ინვესტოს პორტფოლიოში STYX იყო, რომელსაც შეფასების მომზადებაში დავეხმარეთ. ჩვენი დახმარებით, კომპანიამ 650 000-ლარიანი გრანტის მოპოვება და ინვესტიციების მოზიდვაც მოახერხა’’, – აღნიშნავს დავითი.

შემდეგი ნაბიჯი სტარტაპების ასოციაცია Nasta-სთან პარტნიორობა იყო, რითაც კომპანიის ცნობადობა სტარტაპებში უფრო გაფართოვდა. დამატებითი მარკეტინგული აქტივობების დახმარებით კი, ინვესტოს პორტფელში დღეს 130 სტარტაპი შედის (ოფიციალურად ასახული ჯერ მხოლოდ 110-ია).

აღსანიშნია, რომ ინვესტომ სტარტაპებს $10 მილიონამდე მოაზიდვინა გრანტებისა და კერძო ინვესტიციების სახით.

რაში ეხმარება Investo სტარტაპებს

ინვესტოს გუნდი ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს.

,,ჩვენი ერთერთი მიმართულება აპლიკაციების მომზადებაა, რაშიც დაახლოებით 93%-იანი წარმატების მაჩვენებელი გვაქვს. 40 სტარტაპს დავეხმარეთ GITA’s 100 000-ლარიანი გრანტის მოპოვებაში, ხოლო 16 სტარტაპიდან, რომლებმაც GITA’s 650 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა, 9 ჩვენს პორტფოლიოშია. მეორე ნაწილი არის ინვესტორებთან ურთიერთობის მიმართულება და საინვესტიციო დოკუმენტაციის მომზადება’’, – ამბობს დავითი.

მისი თქმით, ინვესტორთან კომუნიკაციისას სტარტაპს კარგად უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული პრეზენტაცია(Pitch Deck), რომელშიც დეტალურად ასახავს ბიზნესმოდელს, ინოვაციურობასა და საკუთარ კონკურენტულ უპირატესობას. ამის გარდა, მნიშვნელოვანია დახვეწილი საინვესტიციო წინადადების მომზადება, რათა დაინტერესებულმა პირმა კარგად აწონოს კომპანიის პოტენციალი და შესაძლო უკუგება.

,,ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სტარტაპს გამართული საინვესტიციო შეფასება ჰქონდეს, რომელშიც სწორი დაშვებები იქნება მოცემული. მოცემული უნდა იყოს, თუ რომელ ბაზარზე შედის კომპანია; რა არის მთლიანი, ასათვისებელი და ათვისებადი ბაზრის ზომა; ასევე მითითებულ ბაზარზე რა რაოდენობის მომხმარებელს მოიზიდავს შემოსავლის მისაღებად’’, – აღნიშნავს დავითი.

სტარტაპის შეფასების აუცილებლობა და მეთოდი

,,MVP-ის შექმნის შემდეგ, როდესაც კომპანია Pre-seed ეტაპზეა, დაახლოებით 10 000-100 000 აშშ დოლარის ფარგლებში ინვესტიცია სჭირდება.  სწორედ ამ ფაზაზე ჩნდება სტარტაპის შეფასების საჭიროება, რომელიც კონკრეტული ეტაპის პირობებში პოტენციურ ღირებულებას საზღვრავს. ცხადია, ის რაუნდიდან რაუნდამდე მზარდია’’, – ამბობს დავითი.

რაც შეეხება მეთოდოლოგიას, ის მოიცავს როგორც ხარისხობრივ, ასევე რაოდენობრივ მეთოდებს. პირველ მათგანში იგულისხმება ისეთი კომპონენტები, როგორებიცაა გუნდი, ინოვაციურობა, ბაზრის სიდიდე. ხოლო მეორე გულისხმობს ე.წ. დისკონტირებული ფულადი ნაკადების მეთოდს, რომელიც სტარტაპებისთვისაა მოდიფიცირებული.

ყველაზე გავრცელებული შეცდომები სტარტაპებში

საკუთარი სტარტაპის სწორად წარდგენა ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კომპანიის წარმატებაში. როგორც დავითი აღნიშნავს, Pitch Deck-ის მიმართულებით ქართული სტარტაპები სამ გავრცელებულ შეცდომას უშვებენ:

მხოლოდ ქართული ბაზრის ანალიზი – ,,სტარტაპების გარკვეული ნაწილი გლობალური ბაზრის დეტალურ ანალიზს ყურადღებას არ აქცევს. ისინი ძირითადად იკვლევენ იმას, თუ როგორია საქართველოს მთლიანი ბაზარი. არადა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუნდაც რომელ ბაზარზე და რა კრიტერიუმებით შევდივართ. არის შემთხვევები, როდესაც გზას არასწორად ირჩევენ, რაც ბაზრის შეუსწავლელობის გამო ხდება’’.

კონკურენტების დეტალური ანალიზის თავიდან არიდება – ,,სტარტაპების რაღაც ნაწილს კონკურენტების დეტალური ანალიზი არ უყვართ. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც წერენ, რომ მათ კონკურენტი საერთოდ არ ჰყავთ. თუმცა, ინვესტორისთვის ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რადგან თუ კომპანიას კონკურენტი არ ჰყავს, ე.ი. ბაზარზე მოთხოვნა არ არის’’.

დაუხვეწელი პრეზენტაცია – ,,Pitch deck-ში ზოგი მხოლოდ პროდუქტის აღწერასა და ინოვაციურობაზე აკეთებს აქცენტს. თუმცა, აქ უნდა ჩანდეს თუნდაც შემოსავლის პროგნოზირება და საინვესტიციო წინადადება, თუ რას სთავაზობს სტარტაპი ინვესტორს და რაში უნდა გადაიხადოს მან თანხა’’.

დავითი საინვესტიციო ნაწილშიც სამ ძირითად საკითხს გამოყოფს:

შემოსავლების პროგნოზირება – ,,ინვესტო აქტიურად ეხმარება სტარტაპებს ამ მიმართულებით, რადგან შემოსავლების პროგნოზირება მათ არ აქვთ განსაზღვრული. დაფინანსების საწყის რაუნდებზე კი მათ კომპანიის საკმაოდ დიდი წილის დათმობა უხდებოდათ’’.

გარიგების პირობები (Term sheet) – ,,ინვესტორთან ურთიერთობისას ეს ერთერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია. ის დეტალურ ინფორმაციას მოიცავს იმის შესახებ, თუნდაც შემდეგ რაუნდში იმავე ინვესტორი რა ფასდაკლებით შეძლებს დამატებითი წილის შესყიდვას’’.

კონფიდენციალურობის განაცხადი (NDA) – ,,აღნიშნული განაცხადი ყველა სტარტაპმა ნებისმიერ ინვესტორთან ურთიერთობისას უნდა გააფორმოს, რათა იდეის დუბლიკაციის შემთხვევა არ დაფიქსირდეს’’.

ქართული სტარტაპეკოსისტემა დღეს

როგორც დავითი აღნიშნავს, ქართული სტარტაპეკოსისტემა ჩვენს რეგიონში ერთერთი ყველაზე ახალგაზრდაა. თუმცა, ამის მიუხედავად საკმაოდ კარგი მიღწევები გვაქვს – ,,ორი ადგილობრივი სტარტაპი Y Combinator-ის წევრია’’.

სტარტაპეკოსისტემის განვითარებაზე საუბრისას დავითი ორ ფაქტორს გამოყოფს – სახელმწიფო ჩართულობისა და ენჯელ ინვესტორების მნიშვნელობას.

,,პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს როლის გამოყოფა, რადგან პირველადი ინვესტიცია სტარტაპებისთვის ძალიან საჭირო რამაა. GITA’s გრანტი 3 მიმართულებითაა დაყოფილი – 15 000-ლარიანი გრანტი, რომელიც პირველადი იდეის განვითარებაში გეხმარება; 100 000-ლარიანი გრანტი, რომელიც MVP-ის შექმნისა და მინიმალური მარკეტინგის ჩაშვების საშუალებას გაძლევს და 650 000-ლარიანი გრანტი, რომელიც უკვე მნიშვნელოვანი ინვესტიციის მოზიდვაში გეხმარება’’, – აღნიშნავს დავითი.

მისი თქმით, GITA-სთან ერთად საქართველოში ენჯელ ინვესტორების კულტურის ჩამოყალიბებაა საჭირო.

,,ამას ერთგვარი ენჯელ ქსელის სახე უნდა მიეცეს და გარკვეული სისტემით იფუნქციონიროს. თუნდაც, რამდენიმე ინვესტორმა ერთად ჩადოს თანხა ერთ კონკრეტულ სტარტაპში. ასევე აუცილებელია კორპორაციული ვენჩურული კაპიტალის ფონდის შექმნა და ინვესტო ამისთვისაც ემზადება. თუმცა, დადებითიც უნდა აღინიშნოს და ითქვას, რომ საერთაშორისო აქსელერატორის 500 startups და ამერიკული ფონდის Catapult VC შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია. უკანასკნელი ბიძგს მისცემს ადგილობრივ საინვესტიციო ფონდებს, რომ ვენჩურული კაპიტალის ფონდები შექმნან’’,- ამბობს დავითი.

2021 წლის შეჯამება

2021 ინვესტოსთვის საკმაოდ დატვირთული წელი აღმოჩნდა – კომპანიის პორტფელს 35-40 სტარტაპი დაემატა.

,,უნდა აღინიშნოს, რომ GITA-ის 650 000-ლარიანი გრანტის მოპოვებაში ისეთ წარმატებულ სტარტაპებს დავეხმარეთ, როგორებიცაა Payze, Kvalifika და B2C. წარმატებული იყო CITYPAY.IO-ის შემთხვევაც – კომპანია GITA-ის 100 000-ლარიანი გრანტის მფლობელი გახდა და ჩვენი მომზადებული Valuation-ით, დამატებით $500 000 მოიზიდა’’, – ამბობს დავითი.

აღსანიშნია, რომ 2021 წლის განმავლობაში ინვესტოს დახმარებით სტარტაპებმა ჯამურად დაახლოებით $2 მილიონის ინვესტიციის მოპოვება შეძლეს.

სამომავლო გეგმები

დავითის თქმით, ინვესტო ჯერ ზრდის ეტაპზეა, ამიტომ 2022 წლის გეგმები, პირველ რიგში, მარკეტინგული სტრატეგიის განვითარებას მოიცავს. ამის გარდა, კომპანია პლატფორმის სრულყოფას ისახავს მიზნად, რაც გარკვეული მნიშვნელოვანი სერვისების ავტომატიზებასაც გულისხმობს.

,,ინვესტო უფრო მეტად ავტომატიზებულად და ინსტიტუციურად დააკავშირებს ინვესტორებსა და სტარტაპებს. ასევე გვინდა მეტი ადგილობრივი თუ უცხოელი პარტნიორის მოპოვება’’, – ამბობს დავითი.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post