რა ტიპის პირად ინვესტორს უნდა ვერიდოთ
მოიძიეთ კარგი ინვესტორი – ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რჩევაა, რომელსაც სტარტაპ დამფუძნებლები ხვდებიან. თავად მითითება გასაგებია, თუმცა, მისი რეალურ ცხოვრებაში დანერგვა – საკმაოდ რთული. თანაც, მიდგომა – ინვესტორთან ურთიერთობა გრძელვადიანია და ქორწინებისგან დიდად არ განსხვავდება – ანტრეპრენერებზე ისედაც არსებულ წნეხს უფრო ზრდის.
და მაინც, როგორ უნდა იპოვოთ კარგი ინვესტორი? ამისათვის, პირველ რიგში ერთი საკითხი უნდა გაითვალისწინოთ – თქვენ ისევე ირჩევთ მათ, როგორც ისინი გირჩევენ თქვენ. ანუ, გარიგების დადებამდე, პოტენციური ინვესტორები კომპლექსურად უნდა შეისწავლოთ. მნიშვნელოვანია, იცოდეთ მათი მიღწევების, ღირებულებებისა და მართვის სტილის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს საკითხები ყველა ინვესტორთან მიმართებაში განსხვავებული იქნება. თუმცა, მათი გარკვეულ კატეგორიებში გაერთიანება მაინც შესაძლებელია. არასასურველი ჯგუფების იდენტიფიცირება კი ყველაზე მეტად გაგიმარტივებთ იმის აღქმას, თუ როგორია კარგი ინვესტორი.
მაშ ასე, როგორი ტიპის პირად ინვესტორებს უნდა მოერიდოთ?
,,ზვიგენი’’ ინვესტორი
ცხადია, ინვესტორების უმეტესობა მომგებიან გარიგებას ეძებს. თუმცა, არსებობენ ისეთი ინვესტორებიც, რომლებიც გამოუცდელ და გარიგების დასადებად სასოწარკვეთილ ანტრეპრენერებზე ,,ნადირობენ’’.
ამ ტიპის ინვესტორს, შესაძლოა, დიდი გამოცდილება და ბევრი წარმატება ჰქონდეს თქვენს საოპერაციო სექტორში, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია იმის დადგენა, თუ რა მიზნები ამოძრავებს მას თქვენს სტარტაპში ინვესტიციის ჩადებისას – შესაძლებელია, მას მთელი კომპანიის ხელში ჩაგდება სურდეს. ამიტომ, მოერიდეთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც დაფინანსების პრეროგატივად თუნდაც საბჭოზე კონტროლის აღებას ცდილობენ.
,,ჭიანჭველა’’ ინვესტორი
ამ კატეგორიის ინვესტორები სტარტაპებში მხოლოდ მცირე თანხებს დებენ. გარიგების მათთან დადება თავდაპირველად შესაძლოა სასარგებლო ჩანდეს, თუმცა ,,ჭიანჭველა’’ ინვესტორთა დიდ რაოდენობასთან გამკლავება გამოგფიტავთ და სტარტაპსაც კარგს არაფერს მოუტანს.
,,ცხვარი’’ ინვესტორი
ამ ტიპის ინვესტორს მცირე თავდაჯერებულობა აქვს; იცის, რომ მისი ფული მხოლოდ ფულია და ინვესტიციას მარტო იმ შემთხვევაში დებს, თუ მისთვის ცნობილი (სექტორში გაცნობიერებული) ადამიანებიც ასე იქცევიან. ამიტომ, კომუნიკაციისას შესაძლოა გთხოვოთ, რომ ჯერ სხვა, კონკრეტულ ინვესტორებს გაესაუბროთ. ამგვარად, მას მთელი პროცესის გაწელვა შეუძლია მანამ, სანამ სხვები არ ჩადებენ ინვესტიციას თქვენს სტარტაპში.
ზარმაცი ინვესტორი
ამ ტიპის ინვესტორები ბევრ რამეს გპირდებიან, თუმცა შემდეგ მათ არ აკეთებენ და გარიგების დადების შემდეგ, დიდი მოგების მიღების მოლოდინის რეჟიმზე გადადიან. ავიწყდებათ, რომ საწყის ეტაპზე კავშირების დამყარებაში, ბიზნესკულტურაში ნავიგაციაში და წარმატების მიღწევაში დახმარებაზე გესაუბრებოდნენ.
რა ტიპის ინვესტორები არსებობენ?
ინვესტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბიზნესის სფეროში – ხშირად ისინი სასიცოცხლო ძალას წარმოადგენენ სტარტაპებისთვის. სწორ ინვესტორს შეუძლია, დაეხმაროს სტარტაპს დასაწყისიდან საბოლოო წარმატებამდე. თუმცა, არასწორად შერჩეული ინვესტორი შეიძლება დიდი წინაღობა გახდეს დამწყები ბიზნესისთვის და სარგებლის მაგივრად, ზიანი მოუტანოს მას.
სწრაფი უკუგების მსურველი ინვესტორი
სტარტაპის შექმნისას შეიძლება ფიქრობდეთ, რომ მკაფიო წარმოდგენა გაქვთ იმ პრობლემის შესახებ, რომელსაც წყვეტთ და იმაზე, თუ როგორ უნდა მიაღწიოთ წარმატებას. თუმცა, შესაძლოა ყველაფერი კარგად ვერ განსაზღვროთ და რეგულარული მომხმარებლების მოპოვებას იმაზე მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე გეგონათ. შესაბამისად, ინვესტორმა კაპიტალზე უკუგება შედარებით გვიან მიიღოს.
ეს საკმაოდ ფართოდ გავრცელებული მოვლენაა, თუმცა არსებობენ ისეთი ინვესტორებიც, რომელთაც ლოდინი არ უყვართ. აღნიშნული ხშირად დამფუძნებლებსა და მათ შორის კონფლიქტურ სიტუაციებს წარმოქმნის, სამუშაო გარემო იძაბება, სტარტაპის გუნდი კი მოტივაციას კარგავს.
ცრუინვესტორი
ამ კატეგორიაში შედიან ადამიანები, რომელთაც ინვესტორობა სურთ, თუმცა შესაბამისი ფინანსები არ აქვთ. მათთან კომუნიკაციისას ყოველთვის ჩნდება კიდევ ერთი დამატებითი კითხვა ან გასარკვევი საკითხი, ჩეკის წიგნაკი კი არასდროს ჩანს.
არაინფორმირებული ინვესტორი
ის ფაქტი, რომ ადამიანი მდიდარია, მას აუცილებლად კარგ ინვესტორად არ აქცევს. შესაძლოა, მისთვის სრულიად უცნობი იყოს სტარტაპების გამოწვევები, თქვენი საოპერაციო სექტორი და არც იყოს დაინტერესებული ამ სფეროთი. გარიგების ასეთ ინვესტორთან დადება კომპანიისთვის არახელსაყრელი და ნაკლებად მომგებიანია.
ჩივილის მოყვარული ინვესტორი
სტარტაპებს სასამართლო დავებთან გასამკლავებლად საკმარისი ფინანსები არ აქვთ. აღნიშნულს ზოგიერთი ინვესტორი არაკეთილსინდისიერად იყენებს – გარიგების გაფორმების შემდეგ, შემოსავლებისა და კონტროლის გაზრდის მიზნით, კომპანიებს სასამართლო პროცესებით ემუქრება. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ინვესტორის ისტორიის შემოწმება, რადგან თუ ასეთი პრეცედენტი უკვე არსებობს, გამონაკლისი არც თქვენ იქნებით.
ზედმეტად მონდომებული მრჩეველი ინვესტორი
ინვესტორისგან რჩევების მიღება მოსალოდნელი და დასაფასებელიცაა, თუმცა, სტარტაპის მართვის შესახებ მუდმივი კონსულტაციებისთვის დრო არავის აქვს. კარგი მენტორი ეფექტურად უმკლავდება შეკითხვებს და უბრალოდ თავის შეხედულებებს გთავაზობთ.