fbpx

2022 წლის ხუთი პოტენციური IPO

IPO

2022 წლის ხუთი პოტენციური IPO

2021 წელს სავაჭრო ბაზარი განსაკუთრებული ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. Ernst and Young-ის თანახმად, გასულ წელს რეკორდული რაოდენობის, 2300-ზე მეტი კომპანია გავიდა IPO-ზე. მთელი წლის განმავლობაში IPO-ების მოზღვავება განაპირობა რამდენიმე მიზეზმა – კორონავირუსის პანდემიით მიყენებული ზარალი ბიზნესზე, საფონდო ბირჟაზე მაღალი აქტივობა და კარგი მაჩვენებლები, მაღალი ლიკვიდურობა, ინვესტორების გაზრდილი ინტერესი. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ტენდენცია 2022 წელსაც გაგრძელდება, ამიტომ გთავაზობთ მიმდინარე წლის სავარაუდო IPO-ებს.

Stripe

Stripe 2010 წელს ძმებმა ჯონ და პატრიკ კოლინსონებმა დააფუძნეს. გადახდების დამუშავების კომპანია ჩაშვებიდან (2011 წელი) 11 წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა – მისი მომსახურება თავდაპირველად მხოლოდ აშშ-ში იყო ხელმისაწვდომი, ხოლო დღეისთვის Stripe 46 ქვეყანას მოიცავს; მის ხელსაწყოებს 40-ზე მეტი კომპანია იყენებს, მათ შორის Lyft, Amazon, Slack, Glossier, Shopify, და Airbnb; Stripe-ში 4 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული; 2021 წელს, დაფინანსების H რაუნდში $600 მილიონის ღირებულების ინვესტიციის მოზიდვის შემდეგ, მისი ღირებულება $95 მილიარდამდე გაიზარდა და Stripe აშშ-ის მასშტაბით ყველაზე ძვირადღირებული სარისკო კაპიტალის მხარდაჭერის მქონე კერძო კომპანია გახდა; ასევე აღსანიშნია, რომ Stripe-ის წლიური შემოსავლის მაჩვენებელი 2020 წელს, 2018 წელთან შედარებით, 393%-ით გაიზარდა და $7.4 მილიარდი შეადგინა.

პირველადი საჯარო შეთავაზების გასაკეთებლად რაიმე გეგმის ფლობის შესახებ ჯერჯერობით კომპანიას არ გაუკეთებია განცხადება, თუმცა, ეს 2022 წლის ყველაზე მოსალოდნელი IPO-ა. ვარაუდებს კიდევ უფრო ამტკიცებს Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Stripe-მა პირველი ნაბიჯების შესასწავლად, პროცესში იურიდიული ფირმა ჩართო.

Byju’s

Byju’s 2011 წელს ბაიჯუ რავინდრანმა და დივია გუკულნათმა დააარსეს. 2021 წელს ინდური კომპანიის ღირებულებამ დაახლოებით $21 მილიარდს მიაღწია და ის ყველაზე ძვირადღირებული Ed-Tech სტარტაპი გახდა მსოფლიოს მასშტაბით. აღსანიშნია, რომ კომპანიას 100 მილიონამდე მომხმარებელი და 6 მილიონამდე გადამხდელი აბონენტი ჰყავს, რომელთაც სხვადასხვა სახის ონლაინგაკვეთილებსა და კურსს სთავაზობს.

2021 წლის აგვისტოში ბაიჯუ რავინდრანმა მედიასთან განაცხადა, რომ მომდევნო 15-18 თვის განმავლობაში სტარტაპი პირველადი საჯარო შეთავაზების გაკეთებას გეგმავს. ხოლო IPO-ზე გასვლის დასაჩქარებლად, Byju’s $400-600 მილიონის ინვესტიციის მოპოვება სურს.

Impossible Foods

Impossible Foods 2011 წელს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა პატრიკ ოუ ბრაუნმა დააფუძნა. სტარტაპი მცენარეულ ბურგერს ქმნის, რომლის დაგემოვნებაც ვეგეტარიანელებსა და ვეგანებსაც შეუძლიათ.

2020 წელს, კერძო დაფინანსების რაუნდის შემდეგ, კომპანიის ღირებულება $4 მილიარდამდე გაიზარდა. 2021 წლის აპრილში კი სანდო წყაროების მეშვეობით ცნობილი გახდა, რომ Impossible Foods მომდევნო 12 თვის განმავლობაში საჯარო გახდება ($10 მილიარდის ან მეტის შეფასებით) IPO-ის ან SPAC (Special Purpose Acquisition Company)-ის საშუალებით.

Flipkart

Flipkart 2007 წელს საჩინ და ბინი ბანსალებმა დააარსეს. ეს არის Walmart-ის შვილობილი ელექტრონული კომერციის კომპანია, რომელიც მომხმარებლებს 80-ზე მეტი კატეგორიის ქვეშ გაერთიანებულ (ტანსაცმლით დაწყებული საყოფაცხოვრებო ტექნიკით დამთავრებული) პროდუქციას სთავაზობს. 2021 წლის მონაცემებით, Flipkart-ს 350 მილიონზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი და 3.7 ათასზე მეტი გამყიდველი ჰყავს.

კომპანიის წარმომადგენლებმა მედიასთან განაცხადეს რომ კომპანია IPO-ზე გასვლას 2022 წლის ნოემბერში ან დეკემბერში გეგმავს. თუმცა, არსებობს შესაძლებლობა, რომ გარე ფაქტორების გამო (არასათანადო საბაზრო პირობები) პირველადი საჯარო შეთავაზების გაკეთება Flipkart-მა 2023 წლის მარტისთვის გადადოს. გავრცელებული ინფორმაციით, IPO-ზე გასვლამდე, იანვარ-მარტის პერიოდში კომპანია დაფინანსების რაუნდის გამართვას გეგმავს, რათა მისი შეფასება გაიზარდოს.

Chime

Chime 2013 წელს კრის ბრიტმა და რაიან კინგმა დააფუძნეს. ეს არის ფინტექ კომპანია, რომელიც მომხმარებლებს საბანკო გადასახადების თავიდან არიდებასა და თანხის ავტომატურად დაზოგვაში ეხმარება. Chime მომხმარებლებს სადებეტო ბარათით, ასევე მიმდინარე და შემნახველი ანგარიშით უზრუნველყოფს. აღსანიშნია, რომ უკანასკნელ, 2021 წლის დაფინანსების რაუნდში კომპანიის ღირებულება $25 მილიარდი გახდა. კომპანია არ ასაჯაროებს მომხმარებელთა რაოდენობას, თუმცა კვლევითი ფირმის, eMarketer-ის გასული წლის ივნისის შეფასების თანახმად, 2021 წლის ბოლოსთვის Chime-ს 13.1 მილიონი ანგარიშის მფლობელი აშშ-ში.

სტარტაპის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ Chime ოდესმე გახდება საჯარო კომპანია, მაგრამ არა უახლოეს მომავალში. თუმცა, სანდო წყაროების გავრცელებული ინფორმაციით, Chime-მა Goldman Sachs Group Inc-ს პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის მოსამზადებელ პროცესში დახმარება სთხოვა.

რუბრიკის წარმდგენია
Investo

Share this post