fbpx

როგორ გვეხმარება ტექნოლოგია ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებაში

როგორ გვეხმარება ტექნოლოგია ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებაში

,,…და ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო – მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობა 1913 წელს არსებული 34 წლიდან, 1973 წელს 60 წლამდე გაიზარდა და დღეს 71-ს მიაღწია. იმის გამო, რომ ახლა უფრო დიდხანს ვცხოვრობთ, ჩვენი ყურადღება უკვე კეთილდღეობის საკითხისკენ მიემართება. აღნიშნული ტრანსფორმაცია ნელ-ნელა ხდება… პროგრესის უმეტესი ფორმების მსგავსად, ცვლილება იმდენად ეტაპობრივია, რომ მისი აღქმა ძნელია. ეს ათწლეულების და არა წლების საკითხია; მჯერა, რომ ევოლუციის მხოლოდ შუა ნაწილში ვართ…. გასაგებად რომ ვთქვათ, არ მგონია, რომ უახლოეს მომავალში კაცობრიობა სიცოცხლის გახანგრძლივების მცდელობას შეწყვეტს. ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ იმ სამყაროსგან, რომელშიც ყველა, ყველგან სრულფასოვანი ჯანმრთელობით სიბერემდე ცხოვრობს – იქამდე მისასვლელად ბევრი ინოვაციაა საჭირო…’’,წერს ბილ გეითსი 2019 წელს და აღნიშნავს, რომ, მისი პროგნოზით, რამდენიმე წლის შემდეგ ტექნოლოგიები ქრონიკული დაავადებებისთვის თვალყურის დევნებასა და მათ მართვაში, ასევე დეპრესიულ ეპიზოდებთან გამკლავებაში დაგვეხმარება.

,,კიდევ უფრო შორს რომ გავიხედოთ – დავუშვათ 20 წლის შემდგომ – ვიმედოვნებ, რომ იარსებებს ტექნოლოგიები, რომლებიც თითქმის სრულად კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული. ვფიქრობ, მომავალში ყურადღება უფრო მეტაფიზიკურ კითხვებზე გამახვილდება – როგორ გავხადოთ ადამიანები უფრო ბედნიერი?… როგორ დავეხმაროთ ყველას სრულფასოვანი ცხოვრების წარმართვაში?’’.

მართალია, მეტაფიზიკურ კითხვებზე პასუხების პოვნისა და მათ დასაკმაყოფილებლად ტექნოლოგიების შემუშავებამდე ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი პროგრესია საჭირო, თუმცა, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მონიტორინგისა და მათი გაუმჯობესების ტექნოლოგიები დღესაც მრავალ შესაძლებლობას გვთავაზობს. სტრესის მაღალი დონე და ძილის დაბალი ხარისხი, მჯდომარე ცხოვრების წესი და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა – ეს იმ საკითხთა მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც ე.წ. ჯანსაღი ცხოვრების ტექნოლოგია ფოკუსირდება. უკანასკნელი, შესაძლოა, მრავალი გზით იყოს წარმოდგენილი, იქნება ეს მობილური ტელეფონი, აპლიკაცია თუ სხვადასხვა მოწყობილობა. მათი მთავარი დანიშნულება კი ერთია – ჯანმრთელობის შესახებ ჩანაწერების შეგროვება და მისი საერთო მდგომარეობის შეფასება, დაავადების რისკის პროგნოზირება და შემცირება, ასევე მორგებული რეკომენდაციების გაცემა.

მობილური ტელეფონი

ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ტექნოლოგიებზე საუბრისას, პირველ რიგში, მობილური ტელეფონის მნიშვნელობა უნდა აღინიშნოს. შეიძლება ითქვას, რომ ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის სამართავად საჭირო მთავარი მოწყობილობა თითქმის ყველას გვაქვს ხელთ.

თანამედროვე მობილური ტელეფონების უმეტესობას ჩაშენებული აქვს სენსორები, რომლებიც ფიზიკური აქტივობისთვისა და გულისცემისთვის თვალყურის დევნების საშუალებას გვაძლევს. გარდა ამისა, შესაძლებელია, გადმოვიწეროთ სხვადასხვა აპლიკაცია, რომლებითაც კვებასთან, ვარჯიშთან ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის მართვა შეგვეძლება. მაგალითად, აპლიკაცია Nutralete ფიტნესტრენერებსა და მათ მოსწავლეებს სპეციალურად გაწერილი დიეტის გეგმისთვის თვალყურის მიდევნების, ყოველდღიურად მიღებული კალორიების გამოთვლისა და პროგრესის შემოწმების საშუალებას აძლევს. საინტერესოა აპლიკაცია Flaredown-იც, რომელიც მომხმარებლებს ჯანმრთელობის მდგომარეობისთვისა და სხვადასხვა სიმპტომის თვალყურის დევნებაში, ასევე ქრონიკული დაავადებების მართვაში ეხმარება. უფრო კონკრეტულად, მისი საშუალებით, მომხმარებლები აზიარებენ მათ მიერ დაგროვილ ცოდნას კონკრეტული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით; ასევე, აღრიცხავენ ინფორმაციას მიღებული საკვებისა და მედიკამენტების, ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობებისა და ფიზიკური აქტივობის შესახებ. შემდეგ კი, ამ მონაცემების ექიმთან გაზიარება შეუძლიათ.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ტექნოლოგიები – დიდი ბრიტანეთის მაგალითი

ფსიქიკური ჯანმრთელობის

ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მასშტაბი საკმაოდ დიდია, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა კი, ხშირად – შეზღუდული. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, თუ რა წვლილის შეტანა შეუძლია სამედიცინო ტექნოლოგიებს მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით მომსახურების განვითარებასა და პაციენტებისთვის უფრო მოსახერხებელი გარემოს შექმნის კუთხით.

სხვადასხვა მოწყობილობა

მობილური ტელეფონების გარდა, ჯანსაღი ცხოვრების განვითარებაში სხვადასხვა მოწყობილობაც გვეხმარება. მაგალითად, ჭკვიანი საათების საშუალებით შეგვიძლია, ყოველდღიურად გადადგმული ნაბიჯებისა და დამწვარი კალორიების რაოდენობის დათვლა, ასევე გულისცემისთვის, ძილის ხარისხისთვის, სტრესის დონისთვისა და სხვა საკითხებისთვის თვალყურის დევნება. ზოგიერთ მათგანზე შესაძლებელია, ისეთი სიგნალების ან შეტყობინებების დაყენება, რომლებიც მომხმარებლებს ფიზიკური აქტივობისკენ მოუწოდებენ.

მართალია, ჭკვიანი საათები ძილის ხარისხის აღრიცხვაში გვეხმარება, თუმცა, ბაზარზე არსებობს სხვა, უფრო დახვეწილი მოწყობილობებიც, რომლებიც ბევრად ფართო ფუნქციებს გვთავაზობს. ერთ-ერთი ასეთია ResMed S+, რომელიც საწოლის გვერდით თავსდება და თვალყურს ადევნებს ძილის ეტაპებს, სხეულის მოძრაობებს (თუნდაც, ძილის პოზის შეცვლას), აანალიზებს მონაცემებს და საბოლოოდ, ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში გვეხმარება. გარდა ამისა, ჭკვიანი მაღვიძარას სისტემის საშუალებით, მას მომხმარებლის მსუბუქი ძილის ფაზაში გაღვიძება შეუძლია.

რადგანაც ფიტნესისა და წონის მართვის აპლიკაციებზე ვისაუბრეთ, აუცილებელია აღინიშნოს ჭკვიანი სასწორებიც, მაგალითად, Fitbit Aria 2, რომელიც აწონის გარდა, ზომავს გულისცემას, ორგანიზმში წყლის პროცენტულობას, სხეულში არსებულ ცხიმოვან და კუნთოვან მასებს; ინახავს მონაცემებს და შემდეგ მომხმარებლებს მათი შედარების საშუალებას აძლევს. ამის გარდა, სასწორი უკავშირდება აპლიკაციას, რომელშიც სხვადასხვა მიზნის დასახვა და მათ მისაღწევად შეხსენებების დაყენებაა შესაძლებელი.

რუბრიკის წარმდგენია
EKIMO

Share this post