რა აფერხებს ქალ დამფუძნებლებს? – ჯესიკა ლივინგსტონი
,,ტექნოლოგიურ სტარტაპებში ქალების ნაკლებობა მუდმივად აქტუალური თემაა. ამ პრობლემას კარგად ვიცნობ, რადგან ბევრ დამფუძნებელს ვხვდები და მათგან ძალიან ცოტა არის მანდილოსანი… მაიკ არინგტონმა დაწერა სტატია სახელწოდებით ,,ძალიან ცოტა ქალი ტექნოლოგიებში? შეწყვიტეთ კაცების დადანაშაულება’’, რომელშიც მან აღნიშნა, რომ ქალთა ნაკლებობა არა დისკრიმინაციით არის განპირობებული, არამედ იმით, რომ ქალების არასაკმარის რაოდენობას სურს მეწარმეობა…’’, – წერს Y Combinator-ის თანადამფუძნებელი ჯესიკა ლივინგსტონი. თუმცა, რამდენად რეალისტურია არინგტონის შემოთავაზებული მოსაზრება? ,,იქნებ, მიზეზი ის კი არაა, რომ ქალების არასაკმარის რაოდენობას სურს სტარტაპის დაწყება, არამედ ის, რომ მათი არასაკმარისი რაოდენობა განიხილავს ამას საერთოდ არჩევანად’’, – გვთავაზობს ჯესიკა თავის მოსაზრებას და დასძენს, რომ თავადაც ასეთი მანდილოსნების რიგებში იყო. ახლა ნატრობს, რომ სტარტაპი მაშინ წამოეწყო, როდესაც 20-30 წლის იყო, თუმცა იმ პერიოდში ეს იდეა არ გასჩენია – ,,სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, ჩამეტარებინა სააზროვნო ექსპერიმენტი – ამჟამად, როდესაც სტარტაპების შესახებ მეტი ვიცი, რა რჩევას მივცემდი ჩემს 25 წლის თავს?’’
ფულის გადანახვა
,,რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, პირველი რჩევა, რომელიც გამახსენდა, გახლავთ – არასოდეს ამოყოთ თავი ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც მოკლევადიან პერსპექტივაში გადასარჩენად ხელფასზე იქნებით დამოკიდებულნი’’, – წერს ჯესიკა. იგი აღნიშნავს, რომ ბევრი ვალის აღებისგან თავის შეკავებასა და გარკვეული თანხის მომავლისთვის გადადებას უნდა შევეცადოთ.
,,მიუხედავად იმისა, რომ სოლიდური ხელფასი მქონდა, იმაზე მეტის დახარჯვა მოვახერხე, ვიდრე გამოვიმუშავებდი და ვალები ავიღე. ჩემი ყოველკვირეული ანაზღაურება უცებ რომ გამქრალიყო, ცუდ დღეში ჩავვარდებოდი’’, – ამბობს ლივინგსტონი და დასძენს, რომ დანაზოგის ფლობა დამსაქმებელზე ნაკლებად დამოკიდებულს გვხდის, ასევე სხვა საკითხებზე ფიქრის საშუალებასაც გვაძლევს – ,,როდესაც სტარტაპზე მუშაობას იწყებთ, ინვესტორების დარწმუნება რთულია… რაც უფრო დიდხანს შეძლებთ თქვენი დანაზოგით ცხოვრებას, იდეის დასახვეწად და მომხმარებლების მოსაზიდად მით უფრო მეტი დრო გექნებათ’’.
სტარტაპების შესახებ მეტის სწავლა
,,ჩემი შემდეგი რჩევა იქნება იმის გააზრება, თუ რას ნიშნავს იყო დამფუძნებელი. ხშირად მედია წარმატებული დამფუძნებლების ისტორიებს ლამაზად, მათ მიერ გავლილ გზას კი იმაზე მარტივად წარმოაჩენს, ვიდრე რეალურად იყო’’, – წერს ლივინგსტონი და აქედან გამომდინარე გვირჩევს, რომ სტარტაპების ეკოსისტემაში ჩართულ ნაცნობს გავესაუბროთ; ვკითხოთ, როგორია ნამდვილი სტარტაპცხოვრება; რეალური ისტორიები მოვაყოლოთ – ,,რა იყო ყველაზე რთული სტარტაპის კეთებაში? როგორი იყო ყოველდღიურობა?’’.
თანადამფუძნებლის პოვნა
ლივინგსტონს 20-30 წლის ასაკში სტარტაპის დაფუძნებაზე რომ ეფიქრა, იმ პერიოდში მისთვის ტექნოლოგიური ცოდნის მქონე თანადამფუძნებლის პოვნა რთული იქნებოდა, რადგან ის ინგლისური ენის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობდა და პროგრამისტებს არ იცნობდა. ამ მხრივ, ის გვირჩევს, რომ კავშირები დავამყაროთ ან უბრალოდ მეგობრებს ვკითხოთ, ამ მიმართულებით ვინმე საინტერესო ადამიანს ხომ არ იცნობენ; ასევე, წავიდეთ შეხვედრებზე და სხვადასხვა ღონისძიებას დავესწროთ. მისი თქმით, ეს ყველაფერი შესაძლოა ჩვენი კომფორტის ზონის გარეთ იყოს, თუმცა სტარტაპის დასაწყებად საჭირო ელემენტია.
როგორც ჯესიკა აღნიშნავს, პოტენციური თანადამფუძნებლის პოვნის შემდეგ, მასთან გარკვეული დროის განმავლობაში არაფორმალურად უნდა ვიმუშაოთ, რათა შევამოწმოთ, რამდენად თავსებადები ვართ – ,,თანადამფუძნებლები ერთად იმდენს უძლებენ, რომ მათ ურთიერთობას ხშირად ქორწინებასაც ადარებენ’’.
პროგრამირების სწავლა
,,ვისურვებდი, პროგრამირება მესწავლა მაშინ, როდესაც თავისუფალი დროის ფუფუნება მქონდა’’, – წერს ჯესიკა და დასძენს, რომ ამ გადმოსახედიდან 20-30 წლის საკუთარ თავს შესაბამისი კურსის გავლისკენ ან ისეთი მეგობრის პოვნისკენ მოუწოდებდა, რომელიც პროგრამირებას შეასწავლიდა. თანაც, მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველაფერი კარგად არ გამოგივათ, სწავლის შემდეგ პროგრამირება თქვენთვის ნაკლებად უცხო და შემზარავი გახდება; უკეთესად გაიაზრებთ ყველაფერს იმ მიმართულების შესახებ, რომელშიც თქვენი თანადამფუძნებელი მუშაობს და მარტივად მიხვდებით, ტექნიკურად რისი გაკეთება (არ) არის შესაძლებელი.
დატესტვა
,,არასოდეს მეგონა, თუ ამას ვიტყოდი, რადგან მჯერა, რომ წარმატების მისაღწევად სტარტაპის დამფუძნებელს სრული თავდადება სჭირდება, მაგრამ რჩევა, რომელსაც ჩემს 25 წლის თავს მივცემდი, სტარტაპზე შაბათ-კვირას მუშაობის შესახებ იქნებოდა’’, – წერს ლივინგსტონი და აღნიშნავს, რომ თუ დარწმუნებულნი არ ვართ, გვინდა თუ არა დამფუძნებლობა, ეს ყველაფერი ცოტა ხნით გამოვცადოთ იმგვარად, რომ უკან დასაბრუნებელი ყველა გზა არ გადავჭრათ.
სქელკანიანობა
სტარტაპზე მუშაობის ადრეულ ეტაპზე დამფუძნებლებს უამრავ უარყოფასთან გამკლავება უწევთ – ,,თქვენ მოულოდნელად ხვდებით სამყაროში, რომელშიც ბევრს გირტყამენ და თუ რომელიმე სილას პირადულად მიიღებთ, ყურადღება გაგეფანტებათ. ადამიანები თქვენს იდეას უარყოფენ, თქვენ მიერ შექმნილ ფუნქციონალთან დაკავშირებით პრეტენზიებს გამოთქვამენ ან საჯაროდ გაგაკრიტიკებენ’’ – თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, დამფუძნებლებმა არასაფუძვლიან შენიშვნებს ყურადღება არ უნდა მიაქციონ.
,,Y Combinator-ში სტარტაპებს ვურჩევთ, რომ ბაზარზე ადრე გავიდნენ. მაშინვე, როგორც კი რაიმე პრაქტიკულს შექმნიან, რათა მომხმარებლებისგან გამოხმაურება მიიღონ. მართალია, ჩვენ და დამფუძნებლებმა ვიცით, რომ პროდუქტის ბევრად უფრო დიდი ხედვა არსებობს, ბაზარზე ადრეული გასვლა კრიტიკოსების მიმართ მათ ხშირად დაუცველს ტოვებს. მომხმარებლების კონსტრუქციული გამოხმაურება ღირებულია, მაგრამ არაინფორმირებულმა და უსიამოვნო შენიშვნებმა თქვენს ტვინში ადგილი არ უნდა დაიკავოს’’, – აღნიშნავს ლივინგსტონი და დასძენს, რომ ბევრი დამფუძნებელი დაფინანსების მოზიდვის პროცესსაც ასევე მორალურად რთულად მიიჩნევს – ,,როცა თანხის მოზიდვა გიჭირს, ძნელია არ დაიჯერო, რომ სულელური კომპანია გაქვს. თუმცა, წარმატებულ დამფუძნებლებსაც კი ხშირად უწევთ უამრავ ინვესტორთან შეხვედრა მანამ, სანამ იმას იპოვიან, ვინც ინვესტირებაზე თანახმა იქნება’’.
ჯესიკას თქმით, სტარტაპ ეკოსისტემაში ადამიანები ბევრად პირდაპირები არიან და თავიანთ აზრს შელამაზებულად არ გადმოსცემენ, შესაბამისად, მთავარია, რომ უარი და კრიტიკა პიროვნულად არ მივიღოთ.
იმის გაკეთება, რაც ხალხს სურს
,,Y Combinator-ის დევიზია „გააკეთე ის, რაც ხალხს სურს“. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. როგორც ადრე აღვნიშნე, სტარტაპები, თავისი ბუნებით, ძალიან არადისკრიმინაციულია’’, – ამბობს ჯესიკა და დასძენს, რომ დამფუძნებლების წარმატება პირდაპირ პროდუქტის წარმატებას უკავშირდება.
ჩარჩოებში მოქცევა
,,დავიწყებდი თუ არა სტარტაპს 25 წლის ასაკში, მეტი რომ მცოდნოდა ამ ყველაფრის შესახებ? მართალი გითხრათ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ასე მოვიქცეოდი. ყველაზე დიდი დაბრკოლება პოტენციური თანადამფუძნებლების სიმცირე იქნებოდა – სწორი თანადამფუძნებელი რომ მყოლოდა, შეიძლება დამეწყო სტარტაპი, მაგრამ 25 წლის ასაკში შესაბამის ადამიანებს არ ვიცნობდი’’, – წერს ლივინგსტონი და აღნიშნავს, რომ ნანობს ხოლმე, სტარტაპის დაფუძნებას თუ არა, უბრალოდ სტარტაპში მუშაობას რატომ არ მიჰყო მაშინ ხელი – ,,შემდეგ კი ჩემს თავს ვახსენებ, რომ როდესაც პატარა ვიყავი, ეს ვარიანტი არ არსებობდა. Y Combinator-ზე მუშაობის დაწყებისას 34 წლის გახლდით და მაშინაც კი ყველაზე რთული ადამიანებისთვის ამის შესახებ მოყოლა იყო, რადგან ეს ,,ნორმალურ’’ საქმედ არ აღიქმებოდა. ბევრი ადამიანი სკეპტიკურად იყო განწყობილი, თუმცა ეს ყოველთვის ასეა როცა იმას ქმნი, რაც მოცემულ დრომდე არ გაკეთებულა. არასოდეს მისცეთ სხვებს უფლება, რომ თქვენს პროფესიულ მისწრაფებებზე ზედა ზღვარი დააწესონ. ეს შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვერც გააცნობიეროთ, ამიტომ შეგნებულად უნდა ეცადოთ, რომ ჩარჩოში არ მოექცეთ’’.
სკეპტიციზმი
,,ეს წარსულში ასე იყო და, ალბათ, ჯერ კიდევ გარკვეულწილად მართალია, რომ ინვესტორები ქალებს დისკრიმინაციას უწევენ’’, – ამბობს ჯესიკა და დასძენს, რომ შესაძლოა ინვესტორები ამას შეგნებულად არ აკეთებენ, უბრალოდ, მათ წარმოდგენაში არსებული იდეალური დამფუძნებლის მოდელი ამჟამად არსებული წარმატებული დამფუძნებლები არიან, რომლებიც ძირითადად მამაკაცები გახლავთ.
,,…თუ მუშაობთ ისეთ რამეზე, რომლის წამოსაწყებადაც ბევრი ფული არ არის საჭირო, მაშინ მაინც თანაბარ პირობებში ხართ. საბედნიეროდ, სტარტაპის წამოსაწყებად სულ უფრო ნაკლები თანხა არის საჭირო. იმდენი იდეაა, რომლის განხორციელებაც იაფად არის შესაძლებელი, რომ მაშინაც კი, თუ ინვესტორები სკეპტიკურად იქნებიან განწყობილნი, ხელი არ შეგეშლებათ’’.