რატომ ვილტვით უბედურებისკენ? – ჯასტინ კანი
ბიზნესსამყაროში ხშირად ამბობენ ფრაზას – ,,არასდროს იყო კმაყოფილი’’ . ცხადია, ის დადებით კონტექსტში განიხილება და საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობის, გაუმჯობესების ქვეტექსტი სდევს თან. თუმცა, როგორც ჯასტინ კანი განმარტავს, მისი დანიშნულება მწვერვალების დაპყრობისკენ დაუსრულებელი ლტოლვის იდეის განდიდებაა, ხოლო თუ ზედმეტად შორს გავყვებით ამ გზას, საკუთარი თავით უკმაყოფილების შინაგან ზეწოლას ვიგრძნობთ.
,,ეს [მდგომარეობა] ცნობილია როგორც ჰედონისტური სარბენი ბილიკი [ან ადაპტაცია] და სწორედ ის შეიძლება იყოს ჩვენი უბედურების მიზეზი. მასში იგულისხმება ჩვენი გაუთავებელი ლტოლვა მიმზიდველი რაღაცებისკენ, რომლებიც გვგონია, რომ ბედნიერებასთან გვაახლოებენ. [რაღაცები კი,] შეიძლება იყოს დაწინაურება, სტატუსი, რეპუტაცია ან სიმდიდრე. თუმცა, მათი მიღებით მიღწეული კმაყოფილება ხანმოკლეა’’, – ამბობს კანი.
უფრო გასაგებად რომ ავხსნათ, ჰედონისტური ადაპტაცია გულისხმობს ადამიანებში გავრცელებულ ტენდენციას, რომ ბედნიერების შედარებით სტაბილურ დონეს რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ. ეს სურვილი მათ აქვთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილება სულ ახლახან მოხდა. ანუ, მაგალითად, როდესაც ადამიანი მეტ ფულს გამოიმუშავებს, მისი მოლოდინი და სურვილი იმატებს – მას უფრო მეტი უნდა. აღნიშნულს საბოლოოდ მუდმივ მუშაობამდე, ახალი მწვერვალებისკენ სწრაფვამდე მივყავართ. თითქოს დადებითად ჟღერს, მაგრამ აქ საყურადღებო ისაა, რომ ამგვარი ქცევის საბოლოო შედეგი შინაგანი ბედნიერების ზრდა არ არის, პირიქით.
,,მე ეს ინდუსტრიაში საქმიანობის დაწყებისას გამოვცადე. გამუდმებით გარშემორტყმული ვიყავი იმ ადამიანებით, რომელთაც ჩემზე წარმატებულად აღვიქვამდი. არასოდეს დამავიწყდება ის, რაც მაშინ ჩემს თანადამფუძნებელს, მაიკლ სეიბელს ვუთხარი – ,,ერთ დღეს, თითოეულმა ჩვენგანმა შეიძლება მილიონი დოლარის გამომუშავება შევძლოთ!’’. იმ დროს ამის გაფიქრებაც კი წარმოუდგენლად ჟღერდა’’, – იხსენებს კანი.
საბოლოოდ მათ მიზანს არა მხოლოდ მიაღწიეს, მას ბევრად გადააჭარბეს კიდეც – 2012 წელს კომპანია Socialcam $60 მილიონად, ხოლო 2014 წელს კომპანია Twitch $970 მილიონად გაყიდეს.
,,სასაცილო ის იყო, რომ ჩემთვის ყველაზე წარმოუდგენელი მოლოდინის გადაჭარბების შემდეგ ახალ სტანდარტზე გადავეწყვე. [წარსულთან შედარებით] უფრო ბედნიერი არ ვიყავი, უბრალოდ შედარებით მეტი რამ მქონდა. ჩემი მიღწევები არასაკმარისად მეჩვენებოდა, რადგან ვაკვირდებოდი ჩემს მეგობრებს, რომლებმაც Dropbox და Airbnb დააარსეს.
Y Combinator-ში წელიწადნახევრიანი მუშაობის შემდეგ მოუსვენრობა დამეწყო. Twitch-ის გაყიდვიდან და Exec-ის Exit-იდან რამდენიმე წელი იყო გასული. ახალ სიმაღლეებს აღარ ვიპყრობდი და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემი დიდება და სიმდიდრე დავარდა. შერჩევითი მეხსიერება გამიჩნდა და დამავიწყდა, თუ როგორი დასტრესილი და უბედური ვიყავი როგორც დამფუძნებელი’’, – ამბობს კანი.
ამ პერიოდში მან დაკვირვება დაიწყო YC-ის მხარდაჭერილ კომპანიებზე, რომელთაც ასობით მილიონი ან მილიარდი ჰქონდათ შეფასება. გაუჩნდა ფიქრები, რომ ისინი მასზე უკეთესები არ იყვნენ, აუცილებლად უნდა გაეგრძელებინა ძველი საქმიანობა და რაიმე ახალი შეექმნა.
,,ვფიქრობდი, რომ შემდეგ კომპანიას ისეთი წარმატების ისტორია ექნებოდა, რომელიც Exec-ს არ ჰქონია; ის Twitch-ზე უფრო გრანდიოზული იქნებოდა და ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.
სანამ სიტუაციას გავიაზრებდი, უკვე სარბენ ბილიკზე ვიდექი. რა თქმა უნდა, კარგად ვასრულებდი სამუშაოს, მაგრამ მყავდა მეგობრები, რომლებიც უკეთესად მუშაობდნენ. ჩემი ეგო ვერ კმაყოფილდებოდა და მეტის მიღების სურვილი გამუდმებით მაწუხებდა. [საბოლოოდ] გადავწყვიტე, წამოვსულიყავი YC-იდან და ახალი კომპანია დამეფუძნებინა’’, – იხსენებს კანი.
ამჯერად, კონცეფციაზე ფიქრისას, რაც შეიძლება მეტი შემოსავლის მიღების სურვილი ამოძრავებდა – ათ, ან ასმილიარდიანი კომპანიის შექმნა სურდა.
,,ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება არც კი ვიცოდეთ, რომ ჰედონისტურ სარბენ ბილიკზე ვართ გაჭედილნი. ბევრი ჩვენგანი მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობს მისგან თავის დაღწევას. ბედის ირონიით, სწორედ ბედნიერებისკენ სწრაფვამ შეიძლება გაგვაბას უბედურების დევნის მარადიულ ხაფანგში’’, – აღნიშნავს იგი.