საერთო სამუშაო სივრცეები თბილისში
საერთო სამუშაო სივრცეები დღესდღეობით განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. გარდა იმისა, რომ ამგვარი ტიპის ადგილები მომხმარებლებს ყველა საჭირო ატრიბუტიკითა და რელევანტური გარემოთი უზრუნველყოფს, საერთო სამუშაო სივრცეები მათ ასევე ავსებთ მოტივაციითა და სამუშაო განწყობით.
საერთო სამუშაო სივრცეების გამოყენების უპირატესობაზე უკვე ვრცლად გესაუბრეთ. ახლა კი, გადავწყვიტეთ, თბილისში არსებულ საერთო სამუშაო სივრცეებზე გიამბოთ.
ტერმინალის საერთო სამუშაო სივრცეები უკვე საკმაოდ ბევრგან გვხვდება, რაც მომხმარებლებისთვის ხელსაყრელი არჩევანის გაკეთების საშუალებას იძლევა. დღესდღეობით ტერმინალის სივრცეები განთავსებულია აბაშიძის 34-ში, ხორავას 3-ში, ჭავჭავაძის 37-ში მყოფ ტყუეპების შენობაში, აღმაშენებლის 61-ში (მოზაიკის ცენტრი), ასევე აღმაშენებლის 73-ში (ვარდების ბაღში) და უნივერსიტეტის ქუჩაზე, 24 ნომერში.
ტერმინალი მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვაგვარ სერვისებსა და სივრცეებს, თუნდაც როგორებიცაა: შეხვედრების ოთახი (სადაც მინიმუმ 12 ადამიანი ეტევა), საკონფერენციო დარბაზი, პირადი ოფისი (20 ადამიანზე მეტი ეტევა), ცალკეული მაგიდა და ა.შ
Impact Hub Tbilisi საერთაშორისო ქსელის წევრია და ის ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე, Fabrika-ს შენობაშია განთავსებული. ეს სივრცე აერთიანებს როგორც ცალკეულ მაგიდებს, ისე მცირე ბიზნესებისთვის განკუთვნილ ოთახებს. მაგალითად, Impact Hub-ში შეხვდებით პატარა სივრცეებს, რომლებიც 8-10, 18-25 ან 40 პერსონაზეა გათვლილი.
აქვე გეტყვით, რომ სივრცეში განთავსება 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი და მისი აბონემენტით ასევე შეგიძლიათ, Impact Hub-ის სამზარეულოთი ისარგებლოთ.
KD4US ალექსიძის 12-ში, KING DAVID-ის ბიზნეს ცენტრის მეორე სართულზეა განთავსებული. შეიძლება ითქვას, რომ ამ სივრცეს საკმაოდ დიდი ადგილი აქვს დათმობილი და ის აერთიანებს 100-ზე მეტ სამუშაო ადგილს, 4 მინი-ოფისს, შეხვედრების ოთახებს 2, 4, 8, 12 კაცზე და ასევე საკონფერენციო დარბაზს 120 კაცზე.
აქვე გეტყვით, რომ იმავე სართულზე განთავსებული კაფე და მე-17 სართულზე არსებული რესტორანი SKY HALL დამატებით უპირატესობას ანიჭებს ამ სივრცეს.
Regus თბილისში არსებული კიდევ ერთი საერთო სამუშაო სივრცეა, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით ოპერირებადი ქსელის წევრია. თბილისში ის ორ ადგილზე – ტაბიძის 1-სა და ვაშა-ფშაველას #71-ში გვხვდება.
პირველ ლოკაციაზე 2 შეხვედრების ოთახი, 13 საერთო მაგიდა და 39 ცალკეული მინი ოფისია, ვაჟაზე კი – ასევე 2 შეხვედრების ოთახი, 24 საერთო მაგიდა და 27 ცალკეული ადგილი.
UG Startup Factory საქართველოს უნივერსიტეტის შენობაში განთავსებული ინოვაციების ცენტრია, რომელიც მრავალ სხვა სერვისთან ერთად მომხმარებლებს საერთო სამუშაო სივრცესაც სთავაზობს. იგი მოიცავს 24/7 -ზე ფუნქციონირებად თანამედროვე სამუშაო გარემოს, რომელშიც 40-მდე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ჯავშნის ტიპს კი თავად ირჩევთ – შეგიძლიათ, როგორც დღიურად, ისე უფრო ხანგრძლივი ვადითაც დაჯავშნოთ ადგილი.