კერნელის სტარტაპრჩევები
,,ორი წლის წინ შექმნილი კერნელი დღეს უკვე ფინანსების მენეჯმენტის საერთაშორისო პლატფორმაა – ქართულ, ფილიპინურ და ინდურ ბაზრებზე სწრაფად ვიზრდებით. ჯამში 27 ათასზე მეტი მომხმარებელი და გუნდის 14 წევრი გვყავს’’, – ასე გვიხასიათებს ბექა დალაქიშვილი სტარტაპს, რომელიც მან მიხეილ ზღულაძესთან ერთად შექმნა. და მაინც, რა არის საჭირო იმისთვის, რომ სულ რაღაც ორ წელში სტარტაპმა ინვესტიციები მოიზიდოს, 3 ბაზარზე გავიდეს და თითოეულში წარმატებით იასპარეზოს? – მომხმარებელთან საუბარი, გუნდის მოტივირებული ადამიანებით დაკომპლექტება, სწორი ინვესტორების შერჩევა და კიდევ რამდენიმე ფუნდამენტური აქტივობა, რომლებზეც უფრო ვრცლად სწორედ კერნელის აღმასრულებელი დირექტორი, ბექა გვესაუბრება.
მომხმარებელი
იდეის გაჩენის დღიდანვე რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს ესაუბრეთ – გაიგეთ, რა აწუხებთ მათ, როგორ ცდილობენ ამ პრობლემის გადაჭრას და მათ მდგომარეობაში შედით.
მომხმარებელთან საუბრის შემდეგ, რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდეთ ადამიანებს პირველი პროდუქტი, როგორი ცუდიც არ უნდა იყოს იგი. ეს საშუალებას მოგცემთ, სწრაფად მიიღოთ უკუკავშირი და არ დახარჯოთ დრო და რესურსი ისეთი პროდუქტის ან ფუნქციონალის განვითარებაზე, რომელიც რეალურად არავის სჭირდება. ისევ და ისევ, მომხმარებლებს მოუსმინეთ.
გუნდი
გუნდის წევრები დაკვირვებით შეარჩიეთ – ეს თქვენი სწორად და სწრაფად განვითარების წინაპირობაა. არასწორი წევრების შერჩევა, განსაკუთრებით ადრეულ ეტაპზე, შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. გუნდი საწყის ეტაპზევე დააკომპლექტეთ მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული ინდივიდებით, რომლებიც თქვენთან ერთად შექმნიან გუნდის კულტურას. ისინი დაიქირავეთ არა უნარების, არამედ პოტენციალისა და საერთო ღირებულებების გამო.
მნიშვნელოვანია ექსპერიმენტული ხედვის შემუშავებაც. პროდუქტი, კონკურენტები და ბაზარი სიღრმისეულად გამოიკვლიეთ. ამისთვის ბევრი ტესტის ჩატარებაა საჭირო. წარმატების მიღწევის სხვადასხვა გზა სცადეთ. თავისთავად, წინასწარ განსაზღვრეთ, რამდენად დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ტესტის წარუმატებლად დასრულებას და გადაწყვეტილება ამის მიხედვით მიიღეთ. ვარაუდები ან თუნდაც გამოცდილი ინვესტორის რჩევები აბსოლუტურ ჭეშმარიტებად არ მიიჩნიოთ, გადაწყვეტილებები ყოველთვის ტესტებზე დააფუძნეთ.
მეტრიკები
აირჩიეთ რამდენიმე ძირითადი მაჩვენებელი, რომლებითაც გაზომავთ პროდუქტის ხარისხს, გამოყენებადობას, მომხმარებლების მოზიდვის ღირებულებას, მათ კმაყოფილებასა და ა.შ. აღნიშნული მაჩვენებლები ყოველკვირეულად გაზომეთ – ეს მუდმივად გაუმჯობესების მოტივაციას მოგცემთ და პროგრესის შეგრძნებაში დაგეხმარებათ.
ინვესტორები
მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ინვესტორი მოძებნოთ, რომელსაც გამოცდილების გაზიარება და რჩევების მოცემა შეეძლება. ის თქვენს სფეროში უნდა ერკვეოდეს და საკუთარი კონტაქტებით ან სხვა რესურსებით უნდა დაგეხმაროთ. ასეთი ადამიანის საპოვნელად მოთმინებაა საჭირო. ეცადეთ, კონტაქტი რაც შეიძლება ბევრ, თქვენთვის საინტერესო ინვესტორთან დაამყაროთ მაშინაც კი, როდესაც დამატებითი კაპიტალის მოზიდვა არ გჭირდებათ. შემდეგ კი მათ სტარტაპის წინსვლის შესახებ გაუზიარეთ ინფორმაცია. გახსოვდეთ, რომ ინვესტორები თქვენც ისევე უნდა შეარჩიოთ, როგორც ისინი გირჩევენ თქვენ.
ინვესტორებთან ურთიერთობისას გულახდილები იყავით. სტარტაპის განვითარების ყველა ეტაპზე არსებობს ისეთი გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც, ერთი შეხედვით, დაუძლეველი ჩანს. ამასთან ერთად, დიდია ცდუნება, რომ მათზე არ ისაუბროთ და მხოლოდ პოზიტიური ინფორმაცია გააზიაროთ. თუმცა, გამოწვევებზე ღიად საუბარი ნდობის მოპოვებაში გეხმარებათ და თუ მათ თავიდანვე ახსენებთ, ინვესტორების მხარდაჭერა მაშინაც კი გექნებათ, როდესაც საქმე ცუდად წავა. უკანასკნელი კი სტარტაპის ცალკეულ ეტაპებზე გარდაუვალია.