fbpx

ილონ მასკსა და Twitter-ს კომპანიის აქციონერები სასამართლოში უჩივიან

კომპანიის

ილონ მასკსა და Twitter-ს კომპანიის აქციონერები სასამართლოში უჩივიან

მიმდინარე კვირას კალიფორნიის სასამართლოში ილონ მასკისა და Twitter-ის წინააღმდეგ კომპანიის ინვესტორმა უილიამ ჰერესნიაკმა ჯგუფური სარჩელი შეიტანა. საკუთარი და მსგავს ვითარებაში მყოფი ყველა პირის სახელით, კომპანიის აქციონერი ჩივის $44-მილიარდიანი გარიგების ქაოსურ პროცესთან დაკავშირებით, რამაც Twitter-ის აქციების ფასის რყევას შეუწყო ხელი.

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ილონ მასკმა კალიფორნიის კორპორაციული კანონები დაარღვია. კერძოდ, სარჩელში ნათქვამია, რომ მილიარდერი პირადი სარგებლის მიღების მიზნით, კომპანიის აქციებით აქტიურად მანიპულირებდა; ასევე თავისი განცხადებებით გარიგების დასრულებასთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენდა.

სარჩელში ყურადღება გამახვილებულია 25 აპრილს Twitter-ის საბჭოსთან ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მასკის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. განსაკუთრებით კი მის ბოლო განცხადებებზე, რომლებიც გარიგების დროებით შეჩერებას უკავშირდებოდა. კერძოდ, მილიარდერი აცხადებდა, რომ Twitter-ის მიერ გასაჯაროებული მონაცემები პლატფორმაზე ყალბი და სპამანგარიშების რაოდენობასთან დაკავშირებით [5%-ზე ნაკლები] რეალობას არ შეესაბამებოდა. ის ამბობდა, რომ ეს მაჩვენებელი შესაძლოა Twitter-ის მომხმარებელთა 20%-ზე მეტსაც შეადგენდეს და კომპანიისგან თავიანთი კალკულაციის დამადასტურებელ მტკიცებულებას მოითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესყიდვის პროცესი წინ ვერ დაიძვრებოდა. აღსანიშნია, რომ ილონ მასკს სოციალურ ქსელში არსებული ყალბი ანგარიშების რაოდენობის საკითხი დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა და კომპანიის შესყიდვის წინადადების დადასტურების შემდეგ განაცხადა, რომ სპამბოტებს გააუქმებდა.

მასკის მიერ გაკეთებული განცხადებები, დაწერილი ტვიტები და აქტივობები გარიგების შესახებ ეჭვის გაჩენასა და Twitter-ის აქციების ფასის არსებითად შემცირებას ისახავდა მიზნად; მას ამით სურდა შეექმნა ბერკეტი, რომელსაც გარიგებიდან გასასვლელად ან ხელახალი მოლაპარაკებების წარმოებით შესყიდვის ფასის 25%-ით ($11 მილიარდით) შესამცირებლად გამოიყენებდა – ნათქვამია სარჩელში.

Twitter-თან დაკავშირებული გეგმები – ილონ მასკის პრეზენტაცია

ილონ

ბოლო პერიოდში ახალი სოციალური ქსელის საჭიროების საკითხის განხილვისა და Twitter-ის ამჟამინდელ ფორმაზე უარყოფითი დამოკიდებულებების გასაჯაროების შემდეგ, 25 აპრილს ილონ მასკმა Twitter Inc-ის (TWTR.N) შესყიდვის შესახებ შეთანხმება გააფორმა და პლატფორმა $44 მილიარდად შეიძინა.

ამის გარდა, აქციონერები მასკს მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვაშიც ადანაშაულებენ – მილიარდერმა 14 მარტს Twitter-ის 9,2%-იანი წილი იყიდა, რითაც კომპანიის უმსხვილესი აქციონერი გახდა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ აპრილის დასაწყისში გაასაჯაროვა. სარჩელში ნათქვამია, რომ მასკმა ამით ფინანსური სარგებელი მიიღო.

ცნობისთვის, ილონ მასკის შეთავაზების თანახმად, კომპანიის დარჩენილი წილის [14 მარტიდან 9.2%-ს უკვე ფლობდა] სანაცვლოდ ის მზად იყო, რომ ჯამში $44 მილიარდი, – ანუ თითო აქციაზე $54.20, – გადაეხადა. აღსანიშნია, რომ შეთავაზების პერიოდში [2022 წლის 13 აპრილი] კომპანიის ერთი აქცია დაახლოებით $45 ღირდა; ხოლო მიმდინარე თვის დასაწყისიდან კლების ტენდენცია შეინიშნება და დღეის მონაცემებით, თითო აქციის ფასი დაახლოებით $40-ს შეადგენს. მართალია, მილიარდერის მხრიდან არ ყოფილა აშკარა მცდელობა იმისა, რომ გარიგება გაეუქმებინა ან ხელახალი მოლაპარაკებები დაეწყო, მან ამის შესახებ მინიშნება მაინც გააკეთა. კერძოდ, მაისის დასაწყისში ერთ-ერთ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე საუბრისას მან თქვა, რომ გარიგების დაბალ ფასად დადება გამორიცხული არ იყო. აღსანიშნია, რომ სარჩელში მოთხოვნილია სასამართლოს მიერ ბრძანების გაცემა, რომელმაც შესაძლოა მასკს კომპანიის უკვე შეთანხმებულ ფასად ყიდვა აიძულოს.

ამ ეტაპზე სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხე მხარე კომენტარს არ აკეთებს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post