fbpx

Google მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დასაცავად ახალ შეზღუდვებს მიიღებს

კონფიდენციალურობის

Google მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დასაცავად ახალ შეზღუდვებს მიიღებს

მომხმარებლების კონფიდენციალურობის დასაცავად Google ახალ შეზღუდვებზე მუშაობს, რომელთა საშუალებითაც, Android მხარდაჭერის მქონე სმარტფონების მომხმარებელთა მონაცემების გაზიარება შეიზღუდება.

,,კერძოდ, ეს გადაწყვეტილებები შეზღუდავს მომხმარებლების მონაცემების მესამე პირებზე გადაცემას და Cross-App ID-ების, მათ შორის, advertising ID-ის გარეშე იმუშავებს. ჩვენ ასევე ვიკვლევთ ტექნოლოგიებს, რომლებიც მონაცემთა ფარულად შეგროვების პოტენციალს ამცირებს’’, – ვკითხულობთ კომპანიის გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება პოტენციურად დამაზიანებელია ციფრულ რეკლამაზე დიდწილად დამოკიდებული კომპანიებისთვის, რომლებმაც გასულ წელს Apple-ის მიერ გადადგმული მსგავსი ნაბიჯით საკმაოდ იზარალეს.

ცნობისთვის, Apple-მა გასულ წელს App Tracking Transparency ფუნქცია დანერგა. კომპანიის განხორციელებული ცვლილებების თანახმად, პროგრამული უზრუნველყოფა ჯერ iPhone-ის მომხმარებლებს სთხოვდა ნებართვას და შემდეგ აძლევდა რეკლამის განმთავსებლებს მათი აქტივობისთვის თვალყურის დევნების უფლებას. ამგვარმა კონტროლმა (და მომხმარებლების გადაწყვეტილებებმა, რომ სარეკლამო მიზნებისთვის მონაცემები არ გაეზიარებინათ) დიდი გავლენა იქონია კომპანიებზე, რომლებისთვისაც მიზნობრივი რეკლამა მნიშვნელოვანი მოგების წყარო იყო. მაგალითად, Apple-ის ცვლილებამ განსაკუთრებით მძიმედ დაარტყა Meta-ს. ამ თვის დასაწყისში კომპანიამ განაცხადა, რომ Apple-ის კონფიდენციალურობის ცვლილებები წელს მას დაახლოებით $10 მილიარდი დაუჯდება დაკარგული სარეკლამო შემოსავლების სახით. ამ სიახლეებმა ამავდროულად Meta-ის საბაზრო კაპიტალიზაციის 26%-ზე მეტით, ანუ დაახლოებით $240 მილიარდით შემცირება გამოიწვია. ეს აშშ-ის საფონდო ბირჟის ისტორიაში ყველაზე დიდი ერთდღიანი შეფასების ვარდნა იყო. აღნიშნულმა საკმაოდ დიდი მღელვარება გამოიწვია ციფრულ რეკლამაზე დამოკიდებულ სხვა კომპანიებთან მიმართებითაც.

Google-ს არ დაუსახელებია ცვლილებების დანერგვის ზუსტი ვადები, თუმცა აღნიშნა, რომ უკვე არსებულ ტექნოლოგიებს მინიმუმ ორი წლის განმავლობაში დაუჭერს მხარს. ამასთანავე, Google-მა პირობა დადო, რომ ცვლილებები დამაბრკოლებელი არ იქნება და კომპანიებს საკმარის დროს მისცემს ადაპტირებისთვის.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post