fbpx

Google მომხმარებლებს რეკლამის კონტროლის დამატებითი მექანიზმებით უზრუნველყოფს

კონტროლის დამატებითი

Google მომხმარებლებს რეკლამის კონტროლის დამატებითი მექანიზმებით უზრუნველყოფს

Google მომხმარებლებს კონტროლის დამატებითი მექანიზმებით უზრუნველყოფს და მათ ანიჭებს უფლებას, მიუთითონ ის კატეგორიები, რომლებიდანაც ნაკლები რეკლამის ხილვა სურთ. კომპანიის თქმით, ამიერიდან მომხმარებლებს ორსულობის, ბავშვთა აღზრდის, პარტნიორების გაცნობისა და წონის დაკლებასთან დაკავშირებული თემების შესახებ არსებული რეკლამების რაოდენობის შეზღუდვა შეეძლებათ. ამ ეტაპზე რეკლამების კონტროლი მხოლოდ Youtube-სა და Gmail-ზე ვრცელდება. თუმცა, Google მექანიზმის საძიებო სისტემაში დამატებაზე მუშაობს.

აღსანიშნია, რომ რეკლამების კონტროლის საშუალება Youtube-ზე მომხმარებლებს ამ დრომდეც ჰქონდათ. 2020 წლის დეკემბერში Google-მა ალკოჰოლთან და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული რეკლამების რაოდენობის შეზღუდვის ფუნქცია წარადგინა. თავდაპირველად ის აშშ-ის მასშტაბით მოქმედებდა, თუმცა საბოლოოდ მისი ხელმისაწვდომობა გაფართოვდა.

კომპანიის თქმით, რეკლამის კონტროლის დამატებითი კატეგორიების უზრუნველყოფა მომხმარებლების უკუკავშირის გაანალიზების შემდეგ გადაწყვიტა.

„ადამიანებს სურთ, მეტი კონტროლი ჰქონდეთ რეკლამებზე და დაბლოკონ ისეთი კატეგორიები, რომლებიც ურჩევნიათ, რომ არ იხილონ… ჩვენ გამოკითხვებს ვატარებთ და ვცდილობთ გავიგოთ, რა კატეგორიების დამატება სურთ მომხმარებლებს. სათავეში ალკოჰოლი და აზარტული თამაშები იყო, ამიტომ ჩვენ ეს უზრუნველვყავით. შემდეგი ოთხი კატეგორია იყო ბავშვთა აღზრდა, ორსულობა, გაცნობა და წონის დაკლება… გამჭვირვალობისა და კონტროლის უზრუნველყოფა ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო, ამიტომ ინსტრუმენტებს ვაფართოებთ… მომხმარებლების გამოხმაურების მოსმენას გავაგრძელებთ და გამოვიკვლევთ, თუ რომელ კატეგორიებზე გავაფართოოთ ეს ფუნქცია მომავალში”, – აცხადებს Google-ის რეკლამის კონფიდენციალურობის ჯგუფის მენეჯერი კარინ ჰენესი მედიასთან საუბარში.

კონტროლის დამატებითი ფუნქციის უზრუნველყოფა მისასალმებელია, რადგან რეკლამების გარკვეული კატეგორიების ხილვას ზოგიერთი მომხმარებლის ფსიქიკაზე შესაძლოა, უარყოფითი შედეგი ჰქონდეს. მაგალითად, კვებითი აშლილობის მქონე ადამიანისთვის წონის დაკლების შესახებ რეკლამის ნახვა; ან პირისთვის, რომელსაც დაორსულების პრობლემა აქვს ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული რეკლამების ხილვა, დიდი ალბათობით, დამაზიანებელი იქნება. თუმცა, აღსანიშნია, რომ ზოგიერთი რეკლამის კლასიფიკაცია რთულია და მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული სურვილი შეიძლება, ძალაუნებურად უგულებელყოფილი იყოს. მაგალითად, პირმა, რომელიც მიუთითებს, რომ ალკოჰოლურ სასმელებზე ნაკლები რეკლამის ხილვა სურს, შესაძლოა, მაინც იხილოს ავიაკომპანიის რეკლამა, რომლის ბორტგამცილებელსაც ხელში შამპანური უჭირავს. სწორედ ამიტომ, კომპანია აღნიშნავს, რომ მითითებული კატეგორიებიდან არა ყველა რეკლამის აღმოფხვრა, არამედ მათგან ნაკლები რეკლამის ხილვის უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნია ისიც, რომ რეკლამის კონტროლის დამატებითი ფუნქცია და გარკვეული კატეგორიებიდან მასალების შეზღუდვა, Google-ის მიერ მომხმარებლების შესახებ მონაცემების შეგროვების შემცირებას, სავარაუდოდ, არ ნიშნავს.

Center for Digital Democracy-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეფრი ჩესტერის თქმით, კომპანიის წარდგენილი სიახლე ცინიკური ნაბიჯია, რომლითაც ის საკუთარი რეპუტაციის გაუმჯობესებას ცდილობს, რადგანაც აშშ-ის კანონმდებლები ტექნოლოგიური გიგანტების რეგულირებას მოითხოვენ. ჩესტერის თქმით, ერთი მხრივ კარგია, რომ Google დაინტერესდა იმით, თუ რა სურთ მის მომხმარებლებს რეალურად. თუმცა, ის ამბობს, რომ რეკლამების ჩვენებაზე არა უარის თქმა, არამედ მათი ხილვის დადასტურება უნდა იყოს ნებაყოფლობითი.

კონტროლის დამატებითრეკლამის კონტროლის დამატებითი ფუნქციების სანახავად, მომხმარებლები უნდა გადავიდნენ myaccount.google.com-ზე და მარცხენა მენიუდან ,,მონაცემები და კონფიდენციალურობა’’ (,,Data & Privacy’’) აირჩიონ. შემდეგ გადავიდნენ ,,რეკლამის პარამეტრებში’’ (,,Ad settings’’) და იპოვონ ,,რეკლამის სენსიტიური კატეგორიები’’ (,,Sensitive ad categories’’), სადაც ხუთ ხელმისაწვდომ კატეგორიას – ალკოჰოლი, აზარტული თამაშები, გაცნობა, ორსულობა და აღზრდა, წონის დაკლება – იხილავენ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post