fbpx

კრიპტოვალუტების ფასი დავარდა – ვითარება კრიპტობაზარზე

კრიპტოვალუტების

კრიპტოვალუტების ფასი დავარდა – ვითარება კრიპტობაზარზე

გუშინ კრიპტოსესხების ერთ-ერთმა უმსხვილესმა პლატფორმამ, Celsius Network-მა, ბაზარზე არსებული ექსტრემალური პირობების გამო, მოულოდნელად გამოაცხადა პაუზა ანგარიშებს შორის გადარიცხვებზე, კრიპტოვალუტების გატანასა და გადაცვლაზე. Celsius Network-მა აღნიშნული პროცესები აზიის ბაზრების გახსნისა და მისი ტოკენის, Celsius-ის (CEL) მიერ ფასის მესამედის დაკარგვის, ანუ 21 ცენტამდე დაცემის შემდგომ შეაჩერა. აღსანიშნია, რომ დაახლოებით 1 წლის წინ ამ კრიპტოვალუტის ფასი $7-ს შეადგენდა. ამ დროისთვის,  CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, Celsius-ის ფასი 33 ცენტამდე არის გაზრდილი.

Celsius Network-ის მიერ გამოცხადებული პაუზის შემდგომ მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში სხვა კრიპტოვალუტების ფასებიც დაეცა. CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, კრიპტოაქტივების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია $1 ტრილიონზე ქვემოთ ჩამოვიდა და ამ დროისთვის დაახლოებით $966 მილიარდს უტოლდება. ცნობისთვის, გასული წლის ნოემბრის პიკში ეს მაჩვენებელი $3 ტრილიონს შეადგენდა.

სიახლის შემდგომ, ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის (BTC) ფასი დაახლოებით $5 000-ით დაეცა. Celsius Network-ის მიერ პროცესების შეჩერების შემდეგ, მისი ფასი დაახლოებით $27 000-იდან ჯერ $21 000-ამდე დაეცა, შემდგომ კი შედარებით აღდგა და ამ დროისთვის $22, 608-ს შეადგენს. ბიტკოინის ფასი ასეთი დაბალი ბოლოს 2020 წლის დეკემბერში იყო, ხოლო პიკს 2021 წლის ნოემბერში მიაღწია, როდესაც მისმა ფასმა $68,000-ს მიაღწია.

იგივე მდგომარეობაა ეთერიუმის (ETH) შემთხვევაშიც. სიახლის გამოცხადებამდე მისი ფასი დაახლოებით $1,300-ს შეადგენდა, საათების განმავლობაში კი ის $1,000-ამდე დაეცა. ამ ეტაპზე, მისი ფასი $1,200-ს ოდნავ აჭარბებს. აღსანიშნია, რომ მისმა ფასმაც გასული წლის ნოემბერში მიაღწია პიკს და დაახლოებით $4,800-ს შეადგენდა.

რა ხდება კრიპტობაზარზე – როგორ უნდა იმოქმედონ ინვესტირების მსურველებმა?

კრიპტობაზრის

ბოლო პერიოდის განმავლობაში კრიპტობაზარზე არასახარბიელო მდგომარეობაა – მაკროეკონომიკური ფაქტორებითა (აშშ-ში არსებული ინფლაცია და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა) და გეოპოლიტიკური მდგომარეობით (რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი) გამოწვეული გაურკვევლობის გამო, ინვესტორები კრიპტოვალუტებისგან თავს შორს იჭერენ…

კრიპტოვალუტების ფასების დაცემის ფონზე, სავაჭრო ბირჟა Binance-მა ბიტკოინის გატანის პროცესი შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გაავრცელა და დასძინა, რომ ხარვეზი 30 წუთში მოგვარდებოდა. თუმცა, მან მოგვიანებით დამატებითი განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ პროცესის გამოსწორებას თავდაპირველ ვარაუდზე მეტი დრო სჭირდებოდა. საბოლოოდ, რამდენიმე საათის შემდეგ, Binance-მა განაცხადა, რომ ბიტკოინის გატანა განახლდა.

რუბრიკის წარმდგენია
Investo

Share this post