როგორ შევქმნათ Lean canvas
ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც როგორც ანტრეპრენერმა უნდა შეასრულო, შენს გონებაში არსებული იდეების ხელშესახებ ფორმატში გადატანაა. ამისათვის კი ყველაზე სწრაფი მეთოდი არის lean canva-ს შევსება.
რა არის Lean canvas?
ზოგადად, lean მეთოდოლოგიის ძირითადი პრინციპი – დროის და რესურსების არასწორი ხარჯვის თავიდან აცილებაა. Lean canvas მხოლოდ 1-გვერდიანია და მის შევსებას 20 წუთში შეძლებ. მოდელი 9 განყოფილებისგან შედგება და თითოეული მათგანი იდეის იმ ნაწილებად დეკონსტრუქციაში დაგეხმარება, რომელთა გარეშეც შენი სტარტაპი ვერ იმუშავებს. შეიძლება ეს რთულ საქმედ მოგეჩვენოს, და ეს ასეც არის, თუმცა ეს პროცესი დაგიზოგავს ბევრ ენერგიასა და დროს.
Lean canvas სტრუქტურა
ასე გამოიყურება Lean canvas. სტატიის ამ ნაწილში მის სტრუქტურას აგიხსნი და გეტყვი, თუ რა უნდა ჩაწერო თითოეულ გრაფაში.
1. პრობლემა
მომხმარებელთა სეგმენტს, რომელზეც აპირებ რომ იმუშაო, ექნება იმ პრობლემების
დიდი ჩამონათვალი, რომელთა მოგვარებაც სჭირდებათ. შეეცადე, ამ უჯრაში შენი მომხმარბელთა სეგმენტის ერთიდან სამამდე მაღალპრიორიტეტული პრობლემა ჩამოწერო.
გაითვალისწინე: თუ არ არსებობს ისეთი პრობლემა, რომელსაც გადაჭრა სჭირდება, შენ პროდუქტს/მომსახურებას ვერ შესთავაზებ მომხმარებელს.
2. მომხმარებელთა სეგმენტები
პრობლემისა და მომხმარებელთა სეგმენტების გრაფები, ფაქტობრივად, ებმის
ერთმანეთს – მომხმარებელთა სეგმენტზე ფიქრის გარეშე, მათ პრობლემებზე ვერ იფიქრებ და პირიქით.
3. უნიკალური ღირებულების წინადადება (UVP)
ამ უჯრის შევსება რომ გაგიმარტივდეს, იფიქრე იმაზე, თუ რით ხარ განსხვავებული და რატომ უნდა იყიდონ პროდუქტი შენგან და არა სხვისგან. ეს არის ერთგვარი მოკლე მესიჯი, რომელიც ნათლად აჩვენებს შენს უპირატესობას.
4. გადაწყვეტა
არსებული პრობლემის გადაჭრის გზის მოძებნა არც ისე მარტივია და შესაძლოა, პირველ ჯერზე არ გამოგივიდეს. ამ პროცესს ოფისში ფიქრის ნაცვლად, ქუჩაში გასვლა და მომხმარებელთა სეგმენტთან გასაუბრება გაგიმარტივებს – დაუსვი კითხვები, ესაუბრე და ისწავლე მათგან.
5. არხები
ამ გრაფაში იგულისხმება გზები, რომლითაც შენს მომხმარებელთა სეგმენტამდე მიაღწევ. იფიქრე იმ არხებზე, რომლებიც საკმარის წვდომას მოგცემს მათზე. ესენი შეიძლება იყოს: ელ-ფოსტა, CPC რეკლამები, სოციალური არხები, ბლოგები, სტატიები, რადიო, ტელევიზია, ვებინარები და ა.შ.
6. შემოსავლის წყაროები
რა ფასს დაადებ შენს ბიზნესს, დამოკიდებული იქნება მის მოდელზე. თუმცა,
სტარტაპების შემთხვევაში, ხშირია საკუთარი პროდუქტის ღირებულების
შემცირება, ან მომხმარებლის მოზიდვის მიზნით, მისი უფასოდ შეთავაზება. ამან კი არაერთი პრობლემა შეიძლება წარმოშვას.
7. ხარჯების სტრუქტურა
აქ უნდა ჩამოწერო ყველა ოპერაციული ხარჯი, რომელიც ამ ბიზნესის ბაზარზე გატანისთვის გჭირდება. ამ გრაფის შესავსებად, ეცადე, პასუხი გასცე შემდეგ კითხვებს: რამდენი გჭირდება ყოველთვიურად სამეწარმეო ხარჯებისთვის? რა დაგიჯდება მომხმარებელთა სეგმენტთან ინტერვიუების ჩატარება? რა დაგეხარჯება ბაზრის კვლევისთვის? და ა.შ.
8. ძირითადი მეტრიკები
ნებისმიერ ინდუსტრიაში, ნებისმიერი ზომის ბიზნესს აქვს ძირითადი საზომები – მეტრიკები, რომლითაც გაწეულ საქმიანობას აფასებ. მისი დახმარებით, შეძლებ, შრომის ნაყოფიერების ხარისხი დაადგინო.
9. განსაკუთრებული უპირატესობა (Unfair advantage)
ეს, შესაძლოა, ყველაზე რთულად შესავსებ გრაფად ჩავთვალოთ. განსაკუთრებული უპირატესობა შეიძლება ასე განვმარტოთ – ეს არის შენი ერთადერთი რეალური კონკურენტული უპირატესობა, რომლის კოპირება ან ყიდვა შეუძლებელია. და არა, ენთუზიაზმი და საქმისადმი თავდადებულობა აქ არ უნდა ჩაწერო. ეს შეიძლება იყოს შენი dream გუნდი, ექსპერტების ინდორსმენთი, არსებული მომხმარებლები და სხვა.
როგორ უნდა შეავსო Lean Canvas?
Lean canvas-ის განლაგება, შესაძლოა, არალოგიკურადაც მოგეჩვენოს და პირველი კითხვა, რაც შეიძლება, გაგიჩნდეს არის: რა თანმიმდევრობით უნდა შევავსო გრაფები? უჯრების შევსების თანმიმდევრობის არაერთი მეთოდი არსებობს, თუმცა, საბოლოოდ, მისი საუკეთესო და ყველაზე სწორი ვარიანტი ყველასთვის სხვადასხვა შეიძლება იყოს.
იდეების გენერირების და Lean canvas-ის შევსების მომხმარებლითა და პრობლემით დაწყება აუცილებელი არაა. აქ მთავარი არა იდეის მოფიქრება, არამედ მისი ვალიდაციაა. იდეებს შეიძლება ბევრი საწყისი წერტილი ჰქონდეთ და მიუხედავად იმისა, თუ საიდან დაიწყებ, საბოლოოდ უნდა მიხვიდე სურათამდე, რომელიც ერთიანია. როგორც ვახსენე, Lean Canvas-ის მთავარი მიზანი არის იდეის დეკონტრუქცია, რომ ის უფრო ნათლად დაინახო.
როგორ დავშალოთ იდეა?
იდეის დაშლის სამი საფეხური არსებობს.
1. ,,დაიჭირე’’ იდეა
პირველი Lean canvas-ის გაკეთების მიზანი არ არის სრულყოფილების მიღწევა. დანიშნე 20 წუთი და შეავსე იმდენი გრაფა, რამდენსაც შეძლებ. არა უშავს, თუ ზოგიერთი მათგანი ცარიელი დარჩება.
დაიწყე იდეის პრეისტორიაზე ფიქრით, შესაძლოა, შენ გეგონოს რომ ის თავისით უბრალო შთაგონებად მოვიდა, მაგრამ ყველა იდეა ყოველთვის რაღაც კონკრეტული
სიტუაციიდან გამომდინარე ჩნდება. ამის მაგალითია Uber-ის დამფუძნებლების ისტორია. როგორც ამბობენ, მათ იდეა გაუჩნდათ მაშინ, როდესაც პარიზში ტაქსი ვერ იშოვეს. ანუ, შეხვდათ პრობლემა და ამ მომენტში გაუჩნდათ გადაჭრის გზა.
2. შეისწავლე შენი შეხედულებების ჯაჭვი
დააკვირდი რომელი გრაფები შეავსე პირველად? ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. Lean canvas შენი შეხედულებებისა და აზრებისგან ერთიანი ჯაჭვის შექმნის პროცესია. მისი პირველი რგოლები შენს იდეას შემოსაზღვრავს და აყალიბებს. ამასთან, უნდა იცოდე, რომ საწყის ეტაპზე გაკეთებულ ნებისმიერი არასწორ ან სუსტ ვარაუდს ,,დომინოს ეფექტი’’ აქვს.
შეეცადე მოახდინო შენი შეხედულებების შემდეგნაირად კატეგორიზაცია:
– შინაგანი ინსტინქტი
– შენი დაკვირვება
– ფაქტი / მონაცემები
ეს დაგეხმარება შეაფასო რამდენად მყარია შენი იდეა მოცემულ მომენტში.
3. გადაანაცვლე შენი შეხედულებების ჯაჭვის ნაწილები
ამ სავარჯიშოს მიზანი შენი იდეის გენერირების მეთოდის დაწუნება არ გეგონოს. გახსოვდეს, რომ კარგი იდეა შეიძლება ყველაფრიდან მოვიდეს, მაგრამ რას მოიმოქმედებ შემდეგ უფრო მთავარია ვიდრე თვითონ იდეის წყარო.
დაიმახსოვრე, რომ იდეის წარმატებისთვის აუცილებელია, 3 რისკზე ფიქრი:
– მომხმარებელთა რისკი – უნდათ მომხმარებლებს ის, რასაც ვაკეთებ?
– ბაზრის რისკი – როგორ უნდა გამოვიმუშავო ფული?
– ტექნიკური რისკი – შემიძლია ამის გაკეთება?
აუცილებელია შენი ჯაჭვის პირველი ნაწილები ფარავდეს 3-ივე რისკს, ამასთან ისინი გამყარებული უნდა იყოს ფაქტუალური მონაცემებით. ხაზგასასმელია, რომ დღეს ყველაზე მთავარი მომხმარებელთან დაკავშირებული რისკია, ხოლო მათი ყურადღების მიქცევა – ყველაზე რთული დავალება.
საბოლოო რჩევა კი ასეთია, ეცადე თავდაპირველად Lean canvas-ის რაც შეიძლება მეტი ვარიანტი შექმნა და შემდეგ დატესტო თითოეული მათგანი, რის შემდეგაც, ყველაზე წარმატებული ბიზნეს მოდელიც გამოჩნდება.