fbpx

როგორ აგრძელებს ოპერირებას უკრაინული კომპანია Lemon.io ომის პირობებში

Lemon.io

როგორ აგრძელებს ოპერირებას უკრაინული კომპანია Lemon.io ომის პირობებში

24 თებერვალს უკრაინის ყველა მაცხოვრებელმა გაღვიძებისთანავე შეიტყო რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვეყანაში შეჭრის ამბავი. მათი გარკვეული ნაწილი კი აეროპორტებზე, სამხედრო ბაზებსა და სხვა სამიზნე ობიექტებზე მიტანილი იერიშის შედეგად ძლიერი აფეთქებების ხმებმა გააღვიძა. სირენები, საჰაერო თავდასხმები, პანიკა – ეს ყველაფერი ახალი ნორმალობის ნაწილი გახდა. აი, სწორედ ასეთი განსაცდელის დროს, ყველა ადამიანი და კომპანია რთული არჩევანის წინაშე დგება – იბრძოლოს ან დაიმალოს. გასაოცარი კი ისაა, თუ რამდენმა მათგანმა გადაწყვიტა, რომ არ დანებებულიყო. ერთ-ერთი კი მათ შორის უკრაინული IT კომპანია Lemon.io გახლავთ, რომელიც  ევროპელ ვებდიზაინერებს ამერიკულ სტარტაპებთან აკავშირებს.

როგორ უნდა ებრძოლოს კომპანია სამხედრო აგრესიას?  უპირველეს ყოვლისა, თავის ხალხზე ზრუნვით. მრავალმა უკრაინულმა და საერთაშორისო ტექნიკურმა კომპანიამ გამოყო დრო და ფინანსური რესურსი, რათა თავიანთი თანამშრომლებისთვის დახმარება გაეწიათ უსაფრთხო ადგილებსა და თავშესაფრებში გადაყვანით, საკვებითა თუ სხვა სახის მხარდაჭერით. ბევრი კომპანია, მათ შორის Lemon.io, არ წყვეტს ხელფასის გადახდას მათთვისაც კი, ვინც არსებული მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს მუშაობას. ბრძოლის მეორე ნაწილი ბიზნესის შენარჩუნებასა და მიღებული მოგების უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის თანხის შეწირვას მოიცავს.

სწორედ ასე მოიქცა Lemon.io-ც. თებერვალში, როდესაც ყველა კომპანიამ ომის დაწყების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა მოამზადა, Lemon.io-მ გადაწყვიტა, რომ თანამშრომლებისთვის მისაღებ ანაზღაურებაზე დამატებითი ორმაგი ავანსი გადაეხადა, ხოლო დეველოპერებისთვის თვეში ორჯერ მიეცა ხელფასი (ძველებური, ერთჯერადის ნაცვლად). უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კი, აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრე ვოლოდარსკიმ განაცხადა, რომ კომპანია თებერვალსა და შემდგომში მიღებულ მთელ მოგებას უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და მოხალისეებს გადაურიცხავდა.

რაც შეეხება ოპერირების გაგრძელებას – კომპანიის პერსონალი სირენების ხმაზე, თავშესაფრებიდან, მატარებლებიდან, ავტობუსებიდან, დროებითი საცხოვრებლების ციცქნა ოთახებიდან და არასტაბილური მობილური ინტერნეტით მუშაობას არ წყვეტს, რათა კომპანიამ მიღებული მოგება ჯარს შესწიროს. აღსანიშნია, რომ Lemon.io-ის ზოგიერთი თანამშრომელი, რომელიც ამჟამად სამხედრო ძალებშია ჩარიცხული ან მოხალისედ გაწევრიანებული, ყოველთვიურ რეგულარულ ხელფასს იღებს.

ერთ-ერთი მათგანი არის ევგენი ლატა, კომპანიის მარკეტინგის მთავარი ოფიცერი. ის 2014 წლის ომში მონაწილეობდა, ველიდან დაჭრილი დაბრუნდა და შემდგომ ჩვეულებრივ სამოქალაქო ცხოვრება განაგრძო. ამჯერად, როდესაც საკუთარი მშობლიური ქალაქის, ოდესის მიმართ საფრთხე იგრძნო, გადაწყვიტა, კვლავ შეერთებოდა ტერიტორიული თავდაცვის ძალებს.

,,დღეს ჩვენს ბატალიონს გადავავლე თვალი და ჩემი ძველი, მშვიდობიანი ცხოვრებიდან ბევრი ნაცნობი დავინახე. მათ შორის იყო ერთი მორბენალი, რომელსაც ადრე ვეჯიბრებოდი; გოგონა მთამსვლელთა გაერთიანებიდან; IT დეველოპერი სამსახურიდან და მეზობელი ბაბუა. ყველა აქ არის. სამწუხაროდ, ომმა ოჯახებს იარაღის ხელში აღება აიძულა – ჩემს ერთეულში არიან მამა და მისი 20 წლის ვაჟი; კაცი და ქალი, რომელთაც ძაღლის მარტო დატოვება არ სურდათ და ახლა ჰასკისთან ერთად არიან. მთელი დღის განმავლობაში მოხალისეებს გვამარაგებენ საკვებით, წყლით, მედიკამენტებითა და მოლოტოვის კოქტეილებით. მთელი ქვეყანაა გაერთიანებული პუტინის არმიის წინააღმდეგ და წარმოუდგენლად ვამაყობ ამით’’,ამბობს იგი.

მიუხედავად იმისა, რომ ლატა სრულად არის ჩართული სამხედრო ძალებში, აგრძელებს კონსულტაციებს და პასუხობს კოლეგების კითხვებს.

Lemon.io-ის მეორე თანამშრომელი არის ალინა იარემენკო, რომელიც რეკრუტერის პოზიციაზე მუშაობს. ომის დაწყებამდე ის კიევის გარეუბანში ცხოვრობდა, თუმცა პირველი სამხედრო მოქმედებების განხორციელებიდან ორი დღის შემდეგ, შეიტყო, რომ მისი ნათესავები საცხოვრებლებს ტოვებდნენ და დასავლეთ უკრაინაში მათ გაჰყვა.

,,ახლა დასავლეთში, საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობთ. როგორ მიმდინარეობს ჩემი ცხოვრება? მაქვს საწოლი და პირადი ჰიგიენის ნივთები. ბევრი არაფერი გამაჩნია, მაგრამ ვცდილობ ვიმუშაო მაინც როგორმე. ზოგჯერ გაქცევა და თავშესაფარში დამალვა გვიხდება. ძალიან ვღელავ კიევისა და ხარკოვის მოსახლეობაზე, ამიტომ არ ვწუწუნებ, ვმუშაობ და ვცდილობ მუდმივად ვიყო კონტაქტზე. რამდენიმე საათის განმავლობაში ზარებს ვახორციელებ, ხშირად ტელეფონით ვმუშაობ. როცა ინტერნეტი მაქვს, LinkedIn-ის შეტყობინებებზე პასუხის გაცემა არაა რთული. ვერ ვიტყვი, რომ წარმატებით ვასრულებ მოვალეობას, მაგრამ მაინც ვცდილობ, რადგან შტატგარეშე პროფესიონალების მოძებნა და დაქირავება გვჭირდება. მით უმეტეს, რომ გვყავს კლიენტები, რომლებიც მათ სამუშაოს სთავაზობენ’’,ამბობს იგი.

როგორ ადაპტირდა უკრაინული სტარტაპი Reface ომის პირობებში

Reface

,,პირველი ორი დღე ძალიან რთული იყო’’, – იხსენებს იგი The Verge-თან საუბრისას. სირთულე ახალ და შემზარავ რეალობასთან ადაპტაციის საჭიროება (უფრო კი, იძულება) იყო – დიმას და მისი გარშემომყოფების ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა, თუმცა, ის აუცილებლად უნდა გაგრძელებულიყო. ამ უწყვეტობაში კი შვეცისთვის მისი სტარტაპის, სახელწოდებით Reface, ოპერირების გაგრძელება იგულისხმებოდა.

ელენა ფაბრიკანტი Lemon.io-ის კიდევ ერთი თანამშრომელია, ის ომის დაწყებამდე კიევში ცხოვრობდა.

,,ხუთშაბათს, 24 თებერვალს, დილის 5 საათზე ჩემი დის ზარმა და მისმა ნათქვამმა სიტყვამ ‘’ომი“ გამაღვიძა. დავიწყე ახალი ამბებისთვის თვალის დევნება, ვცდილობდი გამეგო, რა ხდებოდა და რა უნდა გამეკეთებინა. სირენების ხმისა და მუდმივი შფოთვის გამო ვერც ვჭამდი, ვერც ვიძინებდი და ვერც რაიმე სასარგებლოსა და ღირებულს ვაკეთებდი. ახლა დედაჩემთან და ჩემი მეგობრის ოჯახთან ერთად დასავლეთ უკრაინის ერთ პატარა ქალაქში ვარ. არ ვიცი, რა იქნება შემდეგ. ფულს ვწირავ სამხედრო ძალებსა და ადგილობრივ ინიციატივებს,. ასევე, დავეხმარე ჩეთბოტის ინგლისურიდან უკრაინულ ენაზე თარგმნაში, რომელიც ადამიანებს ატყობინებს, თუ როგორ უნდა მიიღონ ლტოლვილის სტატუსი სხვადასხვა ქვეყანაში. თუმცა, საქმეს იმ რაოდენობით მაინც ვერ ვაკეთებ, რამდენიც მინდა’’, – ამბობს ელენა.

მარტა ძესა Lemon.io-ს ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელია. სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე ოჯახთან ერთად ახალი დასახლებული იყო ლვოვში, თუმცა, გადაწყვიტა, რომ საცხოვრებლად ახლომდებარე სოფელში გადასულიყო.

,,ვიფიქრეთ, რომ დიდი ქალაქიდან შორს ყოფნა ბავშვებისთვის შედარებით უფრო უსაფრთხო იქნებოდა. აქ ნათესავებთან დასარჩენად ჩამოვედით. ახლა ოთხი ოჯახი ვცხოვრობთ ერთად. ჩვენი დილა ახალი ამბებით იწყება, შემდეგ კი კლასიკური საყოფაცხოვრებო სამუშაოებით გრძელდება – ბავშვებისა და დიდების კვება, პატარების სასეირნოდ მომზადება და სუფთა ჰაერზე გასვლა. მთელ ჩემს ‘’თავისუფალ“ დროს სამსახურში ვატარებ. ამჟამად გრაფიკი აღარ არსებობს – სარეკლამო კამპანიების მართვასა და Lemon.io-სთვის პოტენციური მომხმარებლების უწყვეტი ნაკადის ჩამოყალიბებაზე მხოლოდ გვიან ღამით შემიძლია ფოკუსირება, მაშინ, როცა ბავშვებს სძინავთ’’, – ჰყვება იგი.

ანვარ აზიზოვი, Lemon.io-ის მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერი, ადრე კიევში ცხოვრობდა. ომის დაწყების შემდეგ, მას ოჯახთან ერთად დასავლეთისკენ გადაადგილება მოუწია. ამის მიუხედავად, ის აგრძელებს მუშაობასა და კომპანიის სისტემების განვითარებასა თუ შენარჩუნებაზე ზრუნვას.

,,ახლა, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას ვამახვილებ ყველა სისტემისა და საიტის სტაბილურობაზე, ასევე, შესაძლებლობის ფარგლებში, ახალი ფუნქციონირების განვითარებაზე. სამუშაოს გარდა, მოხალისეობრივ საქმიანობასაც ვეწევი – ვწირავ თანხებს საქველმოქმედო ფონდ ‘’Повернись Живым’’ (,,დაბრუნდი ცოცხალი’’) და სხვა ადგილობრივ ინიციატივებს. ასევე, DDOS შეტევებს ვაწარმოებ მტრის საიტებზე. როცა შემიძლია, მნიშვნელოვან ინფორმაციებსაც ვავრცელებ. ამის გარდა, ვარეპორტებ მტრულ ანგარიშებს Twitter-ზე, YouTube-სა და Telegram-ზე. გუშინ ჩემი დრონი სამხედროებს ვაჩუქე’’,ამბობს იგი.

დმიტრო მამონტოვი, რომელიც Lemon.io-ს კრეატიული კოპირაიტერია, ომის დაწყებამდე მეუღლესთან, ორ ქალიშვილთან და კატასთან ერთად კიევის გარეუბანში ცხოვრობდა. ინტენსიური ბრძოლის დაწყებისთანავე ის ოჯახთან ერთად დასავლეთისკენ გადაინაცვლა. შემდეგ კი, მან ოჯახი პოლონეთში გაგზავნა. ამჟამად იგი Facebook-ისა და Google-ის რეკლამირებაზე მუშაობს, ასევე ორიგინალურ კონტენტზე სხვადასხვა საკომუნიკაციო არხისთვის. თუმცა, ამბობს, რომ ამ პერიოდში კრეატიული იდეების მოფიქრება არც ისე ადვილი საქმეა. უმეტესად, დღის განმავლობაში ის ადგილობრივ მოხალისეებსა და თავდაცვის ძალებს ეხმარება, საღამოს კი მუშაობს.

,,ხალხი აქ ძალიან აქტიური და ერთმანეთის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. 2014 წლის ღირსების რევოლუცია მახსენდება, როდესაც ყველა ყველას უჭერდა მხარი. ძალიან ბევრი დახმარების მსურველია, ისინი მუდმივად მოდიან და მეკითხებიან: ‘’როგორ შემიძლია დაგეხმაროთ?’’ ჩემი ქალიშვილებიც კი კამუფლაჟის ბადეებს აკეთებდნენ, ისიც კი დავინახე, როგორ ამზადებდნენ ბებიები მოლოტოვის კოქტეილებს. ვერავინ დაამარცხებს ასეთ ერს, როცა მთელი ქვეყანა მზადაა ერთიანი ძალებით იბრძოლოს“, ამბობს მამონტოვი.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post