fbpx

LifesaverAid.org – უკრაინელებისთვის პორტატული დამტენების გასაგზავნი პლატფორმა

LifesaverAid.org – უკრაინელებისთვის პორტატული დამტენების გასაგზავნი პლატფორმა

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დროს მილიონობით ადამიანი დევნილად (იძულებით გადაადგილებული პირები) ან ლტოლვილად იქცა, რომლებმაც სასაზღვრო ქვეყნებს შეაფარეს თავი. ამ დროის განმავლობაში სმარტფონები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ.

მსოფლიომ სმარტფონის კადრების საშუალებით გაიგო ქვეყანაში მომხდარი საშინელი მოვლენების შესახებ, ეს კი იმიტომ, რომ დღევანდელი სმარტფონი ძალიან დახვეწილი საკომუნიკაციო და მდებარეობის დამდგენი მოწყობილობაა. განსაკუთრებით ომში ის დევნილთა და ლტოლვილთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდა.

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინელებს საათობით გადაადგილება უწევდათ, დენის წყაროს არქონის პრობლემაც თავს იჩენდა. სწორედ ამიტომ, დიდი ბრიტანეთის ტექნოლოგიური სტარტაპი Lifesaver გეგმავს ათასობით პორტატული დამტენის გაგზავნას უკრაინასა და მის საზღვრებში. მაგრამ ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დამტენები წინასწარ იქნება დამუხტული – ანუ მათი გამოყენება დაუყოვნებლივ იქნება შესაძლებელი.

LifesaverAid.org ინიციატივა არის Lifesaver-ისა და Techfugees-ის (ტექნიკური ინდუსტრიის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს ლტოლვილების დახმარებას გლობალურად) ერთობლივი ძალისხმევის შედეგი.

5 მარტიდან Lifesaver-მა გაგზავნა 2000-ზე მეტი სრულად დამუხტული პორტატული დამტენი (რომლებსაც მოყვება ჩაშენებული კაბელები) პირდაპირ პოლონეთში და უკრაინის მთავარ ქალაქებში, მათ შორის ლვოვში.

ახლა ის კიდევ უფრო მეტ დამტენს გაგზავნის LifesaverAid.org შემოწირულობის გვერდის მეშვეობით. ყოველი შემოწირული 7 ფუნტის + დღგ სანაცვლოდ ერთ უკრაინელს Lifesaver-ის პორტატული დამტენი გადაეცემა.

აქვე გეტყვით, რომ 2015 წელს სირიის ლტოლვილთა კრიზისის დროიდან დაწყებული, Techfugees მხარს უჭერს ტექნოლოგიური პროდუქტებისა და სერვისების განთავსებას დევნილთათვის მთელ მსოფლიოში და ტექნიკური ინდუსტრიის მოხალისეების ჩართვას ლტოლვილთა არასამთავრობო ორგანიზაციებში.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post