Mastercard-მა ბიომეტრიული გადახდის პროგრამა გამოუშვა
Mastercard-მა გამოუშვა ახალი პროგრამა Biometric Checkout Program, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს საცალო ვაჭრობის ობიექტებში საყიდლების შემდგომ ანგარიშსწორება ბარათის გატარების ნაცვლად, ბიომეტრიულად, სახის ან ხელის გულის საშუალებით შეეძლებათ. კომპანიის თქმით, გადახდის ეს მეთოდი პროცესს უფრო კომფორტულს გახდის, რიგების პრობლემას მოაგვარებს და მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. კომპანია სიახლეზე მუშაობს ისეთ პარტნიორებთან, როგორებიცაა NEC, Payface, Aurus, PaybyFace, PopID და Fujitsu Limited.
კომპანიის თქმით, ბიომეტრიული გადახდის პროცესი არამხოლოდ მომხმარებლებისთვის, არამედ სავაჭრო ობიექტებისთვისაც მოსახერხებელი იქნება. ამ მხრივ, Mastercard ტრანზაქციების სისწრაფესა და პროცესის ჰიგიენურობას გამოყოფს.
ახალი პროგრამის გამოსაყენებლად, მომხმარებლები თავიანთ ბიომეტრიულ მონაცემებს აპლიკაციის ან გადახდის ტერმინალის საშუალებით ასკანერებენ, შემდეგ კი მათ სასურველ ბარათს უკავშირებენ.
,,დარეგისტრირების შემდგომ, ჩანთაში ან ჯიბეებში ბარათის ძიება და რიგის შეყოვნება აღარ მოგიწევთ. მომხმარებლებს შეუძლიათ უბრალოდ გადაამოწმონ გადასახდელი თანხა და ანგარიშსწორებისთვის კამერაში გაიღიმონ ან წამკითხველზე ხელი გადაატარონ. ახალი ტექნოლოგია გადახდის სწრაფ და უსაფრთხო გამოცდილებას უზრუნველყოფს’’, – განაცხადა Mastercard-მა.
რაც შეეხება მონაცემთა შეგროვებისა და მათი უსაფრთხოების საკითხს, კომპანიის თქმით, დარეგისტრირებისას მომხმარებელთა ბიომეტრიული მონაცემები იღებს ტოკენის სახეს, რომელიც შემდგომ იშიფრება და ინახება ბიომეტრიული გადახდის სისტემის ოპერატორის მიერ.
ამ ეტაპზე, საპილოტე პროგრამა ბრაზილიაში, სან-პაოლოში მდებარე St Marche-ის 5 სუპერმარკეტში მოქმედებს. მომხმარებლებს, რომლებიც ამ სავაჭრო ობიექტებს ესტუმრებიან, ბიომეტრიული ანგარიშსწორებისთვის საჭირო პროცედურის გავლა Payface-ის აპლიკაციით შეეძლებათ. კომპანიის თქმით, პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და წლის ბოლოსთვის პროგრამის გლობალურად ჩაშვება იგეგმება.
აღსანიშნია, რომ KBV Research-ის მონაცემებით, ბიომეტრიული ტექნოლოგიების ბაზარი 2026 წლისთვის $18.6 მილიარდს მიაღწევს. ხოლო Juniper Research-ის პროგნოზის მიხედვით, 2025 წლისთვის ანგარიშსწორებისას სახის ამოცნობის ტექნოლოგიას 1.4 მილიარდი ადამიანი გამოიყენებს. ცნობისთვის, ეს მაჩვენებელი 2020 წელს 671 მილიონს შეადგენდა. ამის გარდა, კომპანია მიუთითებს კვლევაზე, რომლის თანახმადაც, გლობალურად, მომხმარებელთა 74%-ს დადებითი დამოკიდებულება აქვს ბიომეტრიული ტექნოლოგიების მიმართ. თუმცა, ბიომეტრიულ მონაცემთა შენახვისა და თვალყურის დევნების საკითხებთან დაკავშირებით, აქტივისტები უკვე დიდი ხანია შეშფოთებას გამოთქვამენ. მაგალითად, Amazon-ის ხელის გულის წამკითხველებმა, რომლებსაც კომპანია თავის მაღაზიებში იყენებს, ამერიკელი პოლიტიკოსების კრიტიკა დაიმსახურა.