Facebook მომხმარებლების მდებარეობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს აუქმებს
Facebook მდებარეობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს აუქმებს. ამის შესახებ კომპანიამ მომხმარებლების გაფრთხილება გასულ კვირას დაიწყო.
იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ სერვისებს იყენებდნენ, გაგზავნილ შეტყობინებაში Facebook იუწყება, რომ ამინდის შესახებ გაფრთხილებები და ტერიტორიულად ახლოს მყოფი მეგობრების შესახებ ინფორმაცია, ასევე მდებარეობის ისტორიისა და ფონური მდებარეობის პროდუქტები თვის ბოლოდან ხელმისაწვდომი აღარ იქნება. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ფუნქციების დაბალი გამოყენებადობის გამო მიიღეს, მომხმარებლებს კი კვლავ შეეძლებათ მდებარეობასთან დაკავშირებული სხვა სერვისების გამოყენება.
,,რადგანაც ახლოს მყოფი მეგობრების, ამინდის შეტყობინებების, მდებარეობის ისტორიის ან ფონური მდებარეობის ფუნქციებს ადრე იყენებდით, გაცნობებთ, რომ ეს პროდუქტები 2022 წლის 31 მაისის შემდეგ ხელმისაწვდომი აღარ იქნება. თქვენ მიერ გაზიარებული ინფორმაცია (მათ შორის, მდებარეობის ისტორია და ფონური მდებარეობა), რომელიც ამ გამოცდილებების უზრუნველსაყოფად გამოიყენებოდა, 2022 წლის 31 მაისის შემდეგ აღარ შეგროვდება’’, – აცხადებს კომპანია.
მომხმარებლებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ არსებულ მომენტამდე შეგროვებული მათი მდებარეობების ისტორიის ნახვა, ჩამოტვირთვა ან წაშლა 2022 წლის 31 აგვისტომდე შეეძლებათ. ამ თარიღის შემდეგ, მონაცემები Facebook-ის სერვერებიდან ავტომატურად წაიშლება.
ფუნქციების გაუქმება იმას არ ნიშნავს, რომ კომპანია მომხმარებლების მდებარეობის შესახებ ინფორმაციას აღარ შეაგროვებს. Facebook-ის თქმით, სხვა გამოცდილებების უზრუნველსაყოფად, ის კვლავ გააგრძელებს ადგილმდებარეობების მონიტორინგს.
ცნობისთვის, ფუნქცია Nearby friends კომპანიამ 2014 წელს წარადგინა. მისი საშუალებით, მომხმარებლებს მეგობრებთან რეალურ დროში საკუთარი მდებარეობის გაზიარება შეეძლოთ. თუმცა, წლების განმავლობაში მისი პოპულარობა შემცირდა, რადგანაც ბაზარზე სხვა მსგავსი ფუნქციები გამოჩნდა – თუნდაც, Apple-ის Find My Friends.