მარკ ზაკერბერგმა META-ის ახალი ღირებულებები გამოაქვეყნა – რას მოიცავს ისინი
Meta-ის (ყოფილი Facebook) დამფუძნებელმა მარკ ზაკერბერგმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა თავდაპირველად თანამშრომლებისთვის განკუთვნილი მიმართვა. კომპანიის ახალ ღირებულებებში ზაკერბერგი წერდა, რომ მას სურს თანამშრომლებმა გაიზიარონ ახალი დევიზი: ,,Meta, Metamates, Me’’.
,,Meta, Metamates, Me ეს ნიშნავს ჩვენს კომპანიასა და მისიაზე ზრუნვას. ეს არის პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც გამომუშავებული გვაქვს ჩვენი კოლექტიური წარმატებისთვის და ერთმანეთის, როგორც თანაგუნდელების, მიმართ. ეს არის ჩვენს კომპანიასა და ერთმანეთზე მზრუნველობა”, – წერდა მარკ ზაკერბერგი.
ზაკერბერგმა თანამშრომლებთან ონლაინშეხვედრაზე სხვა განცხადებებიც გააკეთა. მან მოუწოდა თანამშრომლებს კომპანიის ძველი ღირებულებიდან ,,სწრაფად გადაადგილებულიყვნენ’’ ახალზე.
ცნობისთვის, Facebook-ის რებრენდინგმა კრიტიკოსებისა და სხვადასხვა ფორუმის მომხმარებლებში მეტწილად უარყოფითი გამოხმაურება გამოიწვია. ზოგი მათგანი მარკ ზაკერბერგის რეპუტაციის უფრო მეტად შელახვაზეც საუბრობდა და გამოხატავდა ეჭვს, კომპანია უფრო მარტივად ხომ არ შეძლებდა მეტი მონაცემის შეგროვებას თუნდაც ჩვენს ქცევებზე, მიმიკებსა და ა.შ.
ამავდროულად, თებერვლის დასაწყისში, Meta-ს აშშ-ის საფონდო ბირჟის ისტორიაში ყველაზე დიდი ერთდღიანი შეფასების ვარდნა ჰქონდა – მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 26%-ზე მეტით, ანუ დაახლოებით $240 მილიარდით დაეცა.