Microsoft-მა ვიდეოთამაშების გიგანტი Activision 68.7$ მილიარდად შეიძინა
ცოტა ხნის წინ პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტმა, Microsoft-მა გამოაცხადა თავისი ახალი გარიგების შესახებ, რომლის მიხედვითაც ვიდეო თამაშების მწარმოებელი კომპანია Activision Blizzard-ს (ATVI) 68,7 მილიარდ დოლარად შეიძინა. საინტერესოა, რომ ამ განცხადების შემდეგ საფონდო ბირჟაზე Microsoft-ის აქციების ღირებულება 2.4%-ით დაეცა, ხოლო Activision აქციების ფასი 25.9%-ით გაიზარდა.
Microsoft-მა განაცხადა, რომ გარიგება დააჩქარებს მისი სათამაშო ბიზნესის ზრდას. ხოლო როდესაც ტრანზაქცია დაიხურება, Microsoft გახდება მსოფლიოში სიდიდით მესამე სათამაშო კომპანია შემოსავლების მიხედვით, Tencent (TCEHY) და Sony (SONY) შემდეგ. ამასთანავე, ეს გარიგება არის Microsoft-ის არსებობის განმავლობაში უმსხვილესი შენაძენი, რაც 2016 წლის დეკემბერში 26,2 მილიარდ დოლარად LinkedIn-ის შეძენას უსწრებს. ეს ფაქტი ასევე ითვლება ტექნოლოგიური ინდუსტრიის ყველაზე დიდ შერწყმად.
Activision ფლობს ისეთი ვიდეო თამაშების ფრენჩაიზებს, როგორიცაა: “Warcraft”, “Diablo”, “Overwatch”, “Call of Duty” და “Candy Crush”. აქვე გეტყვით, რომ Microsoft აწარმოებს ვიდეო თამაშებს Windows კომპიუტერებისთვის და მისი Xbox კონსოლებისთვის. Microsoft-ის თამაშების ფრენჩაიზებში შედის: “Halo”, “Minecraft”, “Gears of War” და “Fallout”.
„თამაში არის ყველაზე დინამიური კატეგორია გართობის ყველა პლატფორმაზე დღეს და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მეტავერსიის პლატფორმების განვითარებაში“, – თქვა Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელამ საინფორმაციო გამოშვებაში. „ჩვენ დიდ ინვესტიციებს ვდებთ ამ მიმართულებით, რათა დავიწყოთ თამაშების ახალი ეპოქა, რომელიც მოთამაშეებსა და შემქმნელებს პირველ ადგილზე დააყენებს და თამაშს ყველასთვის უსაფრთხოს, ინკლუზიურსა და ხელმისაწვდომს გახდის.”
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ Activision-ის რეპუტაცია მტკიცედ შეირყა მას შემდეგ, რაც სამუშაო ადგილების შესახებ ტოქსიკური ცნობები გავრცელდა. The Wall Street Journal-მა ორშაბათს განაცხადა, რომ Activision-მა სამი ათასზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა ბოლო პერიოდში.
როგორც ჩანს, Microsoft-ის მიერ Activision-ის შეძენა გვიჩვენებს, რომ თამაშები კომპანიისთვის „სტრატეგიული საყრდენია“, თქვა Jefferies-ის ანალიტიკოსმა ბრენტ ტილმა.
Metaverse არის გარიგების მთავარი მიზეზი
“მეტავერსია არის გარიგების სავარაუდო მოტივაცია,” თქვა რუპანტარ გუჰამ, GlobalData’s Thematic Team-ის მთავარმა ანალიტიკოსმა მოხსენებაში. შესყიდვა ასახავს მაიკროსოფტის სურვილს, დომინირდეს მეტავერსიაზე. კომპანია ორიენტირებულია როგორც Activision-ის თემების, ასევე კონტენტის შეძენაზე – რაც მეტავერსიაში წარმატების ორი აუცილებელი პარამეტრია. და მიუხედავად იმისა, რომ მეტავერსია ჯერ კიდევ, ძირითადად, კონცეპტუალურია, Microsoft-ის სიძლიერე ისეთ თემებში, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტი, გაძლიერებული რეალობა, ვირტუალური რეალობა და ღრუბლოვანი გამოთვლა, აძლევს მას ლიდერის პოზიციას ამ თემაში.”