რატომ გვჭირდება Minimum Viable Product (MVP)
თუ ჯერ კიდევ იმ ეტაპზე ხარ, როცა მხოლოდ იდეა გიღრღნის გონებას და რეალურად არაფერი გაქვს გაკეთებული, მაშინ შენი პირველი ამოცანაა, დაამტკიცო, რომ პროდუქტი, რომლის შექმნაც გინდა, მართლაც წყვეტს რამე პრობლემას. ეს ერთი შეხედვით, მარტივი ამოცანაა, მაგრამ დღეს უამრავი ისეთი პროდუქტი იქმნება, რომლის ყოფნა-არყოფნით ბევრი არაფერი იცვლება ცხოვრებაში. და მაინც რატომ გვჭირდება Minimum Viable Product ?
შექმენი პროდუქტი, რომელიც პრობლემას მოაგვარებს
პროდუქტის პირველ ვერსიას ხშირად უწოდებენ მინიმალურ სიცოცხლისუნარიან პროდუქტს (Minimum Viable Product-MVP). რა არის MVP? ესაა პროდუქტი, რომელსაც მხოლოდ ის ძირეული მახასიათებლები აქვს, რომელიც მას ფუნქციონირებისთვის სჭირდება.
MVP-ის კონცეფციის განვითარებაზე ბევრმა ნიჭიერმა ადამიანმა იქონია გავლენა. თუმცა მათ შორის ყველაზე ცნობილი – Lean Startup მეთოდოლოგიის ავტორი, ერიკ რისი იყო. მან MVP-ს მნიშვნელობა ასე განსაზღვრა:
მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი – პროდუქტის ის ვერსიაა, რომლის მეშვეობითაც პროდუქტზე მომუშავე გუნდს, მნიშვნელოვანი ძალისხმევის გარეშე, შეუძლია, ვალიდური ინფორმაცია შეაგროვოს მომხმარებლის რეაქციაზე
მარტივად, ამ პროდუქტის ფუნქცია საბაზრო მოთხოვნის შემოწმებაა. ბაზრის რეაქცია განსაზღვრავს, ბიზნესი უნდა გააფართოვოთ თუ შეწყვიტოთ.
რა არის MVP (Minimum Viable product)
ბევრი MVP-ს აიგივებს პროდუქტის პროტოტიპთან, რაც ძალიან არასწორია. MVP წარმოადგენს მინიმალურ სიცოცხლისუნარიან პროდუქტს და არა მინიმალურ სიცოცხლისუნარიან პროტოტიპს, რადგან შეიძლება არსებობდეს ერთი პროდუქტის უამრავი მსგავსი პროტოტიპი. ამის საპირისპიროდ, MVP ნამდვილი პროდუქტია, რომელშიც ადამიანებმა ფული უნდა გადაიხადონ და გამოიყენონ. ამდენად, MVP-ს ნამდვილი პროდუქტის მახასიათებლები უნდა ჰქონდეს.
მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი (MVP) – პროდუქტის ის ვერსიაა, რომლის მეშვეობითაც პროდუქტზე მომუშავე გუნდს, მნიშვნელოვანი ძალისხმევის გარეშე, შეუძლია, ვალიდური ინფორმაცია შეაგროვოს მომხმარებლის რეაქციაზე
რით არის სასარგებლო MVP
პროდუქტის შემქმნელებს ხშირად ამის შესახებ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ. ისინი, ძირითადად, ცდილობენ პროდუქტის პირველი გამოშვების შექმნაზე რაც შეიძლება მეტი ძალისხმევა დახარჯონ, რომ კონკურენტებისგან განასხვაონ თავი. მაგრამ, სინამდვილეში, ეს დრო ბევრად ეფექტურად: პროდუქტის გაუმჯობესებისა და მომხმარებლის რეაქციის კვლევაზე შეიძლებოდა დახარჯულიყო. ასე რომ, MVP–ით ვზრდით პროდუქტის წარმატების შანსებს. რას იძლევა ის რეალურად:
1. ფოკუსი პროდუქტის ძირეულ ღირებულებაზე გადააქვს
MPV-სთვის შენი პროდუქტის მთავარი ღირებულება ძალიან ვიწროდ და ნათლად უნდა გამოიკვეთოს. ეს კი საშუალებას გაძლევს, განსაზღვრო მიზნები, საჭირო ფუნქციები და დრო და ფული ეფექტიანად ხარჯო.
2. ამცირებს გადაკეთებ-გადმოკეთების რაოდენობას
დამატებით ფუნქციებსა და მახასიათებლებს მომხმარებლის გამოცდილების მხოლოდ გართულება თუ შეუძლიათ. ამდენად, სიმარტივის შენარჩუნება სამომავლოდ უფრო ცოტა ცვლილების წინაპირობაა.
3. მომხმარებელთან ამყარებს ურთიერთობას
პირველი მომხმარებლებისგან მიიღებ უკუკავშირს პროდუქტში საჭირო ცვლილებების შესახებ. ეს გარდა იმისა, რომ პროდუქტს გაგიუმჯობესებს, პირველ მომხმარებელთა community-ს შეგძენს.
4. პოულობ პროდუქტის მნიშვნელოვან უარყოფით მხარეებს
ვიდრე უფრო შორს წახვიდოდე, სუსტ მხარეებს აქვე აღმოგაჩენინებს და გაგაუმჯობესებინებს.
5. ეფექტიანად ხარჯავს თანხას
პროდუქტის განვითარება მრავალეტაპიანია, ამიტომ არ არის აუცილებელი მთლიანი თანხის ერთიანად მოძიება. დროთა განმავლობაში შეგიძლია შენი პირადი თანხის ინვესტირებაც მოახდინო ან ნაკლები წილი დათმო, ინვესტიციის აწევისას, რადგან უკვე პროდუქტი ხელში გექნება.
6. მართლა ცვლის სამყაროს
მხოლოდ ნამდვილად ახალი იდეა შეიძლება იყოს MVP და თუ ასეთი იდეა გაქვს, ე.ი. შეგიძლია რაღაც შეცვალო.
7. ზოგავს თანხას
ბოლოს და ბოლოს, თუ შენი პროდუქტი არ გაამართლებს, ბევრი თანხა მაინც არ შეგრჩება დახარჯული!
როგორ შევქმნათ MVP ( Minimum Viable product ) სტარტაპისთვის
ჯერ გადაწყვიტე რამდენად გჭირდება MVP. თუ უკვე გყავს აუდიტორია და ეს პროდუქტი, უბრალოდ, შენი ბიზნესის გაფართოების კიდევ ერთი გზაა, მაშინ MVP, შეიძლება, აღარ გჭირდებოდეს და შენს მომხმარებელს შენგან სრულიად გამართული პროდუქტის ან სერვისის მოლოდინი ჰქონდეს.
სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, ამას მიჰყევი:
1. მომზადების პროცესი
ეს ის ეტაპია, როცა შენს ყველა იდეას ჩამოყრი, გადაწყვეტ, რომელს აქვს წარმატების ყველაზე დიდი შანსი და აირჩევ; შემდეგ კი შენი იდეის დოკუმენტირებას მოახდენ და განსაზღვრავ, რეალურად რას აკეთებს შენი პროდუქტი.
2. დეველოპერების დაქირავება
MPV-ის შექმნა გამოცდილებას მოითხოვს, ე.ი. შენ გჭირდება პროფესიონალ, გონიერ და გამოცდილ დეველოპერთა გუნდი – ეს დროს და ფულს დაგიზოგავს.
3. პროტოტიპის შექმნა
აი, ამ ეტაპიდან კი MVP-ს უახლოვდები. აქ კი თავად უნდა მართო სიტუაცია, მხოლოდ პასიური მოპასუხის როლი აღარ გაქვს, რადგან როგორც კი პირველი ვერსია იქნება, უკვე შენს წინაშეა რაღაც, რაც უნდა გაიტესტოს, გაანალიზდეს და შეფასდეს.
4. MVP-ის შექმნა
ეს ის ეტაპია, როდესაც დაასრულებთ MVP- ს, ე.ი. როცა მრავალი ტესტირებისა და სულ პირველი რამდენიმე მომხმარებლისგან მიღებული უკუკავშირების საფუძველზე, რაღაც ფორმა აქვს პროდუქტს და ახლა მის განვითარებაზეა სამუშაო.