როგორ გავაუმჯობესოთ სტარტაპი ე.წ. „ხელსახოცის წესის“ გამოყენებით
რა რეაქცია გექნება, თუ გეტყვი, რომ ერთ ხელსახოცს ანტრეპრენერის ცხოვრების შეცვლა შეუძლია? ხელსახოცის წესი – The Napkin Rule ძალიან მარტივ, თუმცა საინტერესო იდეაზე არის დაფუძნებული – ყველაფერი რასაც შენი სტარტაპი რეალურად წარმოადგენს ხელსახოცის ერთ გვერდზე უნდა დაეტიოს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს წესი ბიზნესის დიდ სპექტრში შეიძლება გამოიყენო, ყველაზე სასარგებლო ანტრეპრენებისთვისაა, რადგან გათვალისწინების შემთხვევაში, მას ხშირად კარგი შედეგი მოაქვს. ამიტომაც, მოვიმარჯვოთ ხელსახოცი, მარკერი და გავიგოთ, თუ როგორ უნდა დავტიოთ ქაღალდის ხელსახოცზე ყველაფერი შენი სტარტაპის შესახებ.
როგორ შეიძლება პატარა ხელსახოცზე მთელი ბიზნეს გეგმის დატევა?
ხელსახოცი პატარაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შესაძლებელია მისი გაშლა. ამიტომაც, მის თითოეულ მხარეს თავისი დანიშნულება გააჩნია.
პირველ რიგში, მის წინა ნაწილზე, ელევეითორ ფიჩის (Elevator Pitch) პატარა შეჯამება უნდა დავწეროთ. ეს არის სტარტაპის ძალიან მოკლედ, ერთი ან ორი აბზაცით აღწერა (ხელსახოცზე ამაზე მეტი არც დაეტევა), რომელიც ნათლად გამოაჩენს სტარტაპის ღირებულებას მომხმარებლისთვის, ისევე როგორც შენთვის. ხშირად მისი დაწერა რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. მთავარია, გვახსოვდეს, რომ ამ მოკლე აღწერის საუკეთესო ვერსიას პირველივე ცდაზე ძალიან იშვიათად მივიღებთ. ჩვეულებრივ, ეს სავარჯიშო რამდენიმეჯერ უნდა გაიმეორო იმისთვის, რომ შენი სტარტაპის მთავარი მესიჯი გაამარტივო და დახვეწო.
სანამ ხელსახოცის გაშლას და დარჩენილი გვერდების გამოყენებას დავიწყებთ, დავრწმუნდეთ, რომ საკუთარი ნაწერით კმაყოფილები ვართ. წააკითხე ის შენს კოლეგებს, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს და მოისმინე მათი გულწრფელი შეფასება. მხოლოდ ამის შემდეგ, თავიდან დაწერე შეჯამება. გახსოვდეს, რაც უფრო მოკლე, მაგრამ მარტივად გასაგები იქნება შენი შეტყობინება, უკეთესია.
როცა შედეგით კმაყოფილი იქნები, შეგვიძლია ხელსახოცი გავშალოთ, მაგრამ აქაც არ არის საჭირო გრაფიკებისა და ცხრილების დახატვა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა შეზღუდული სივრცე აღარ გვაქვს, მთავარი მიზანი მაინც არის ის, რომ რაც შეიძლება მოკლედ და ლაკონურად გადმოვცეთ სათქმელი. ამიტომაც დავსვათ საკვანძო კითხვები და ვუპასუხოთ მათ:
– როგორ შეძლებს შემოსავლის მიღებას?
– სად მოვიძიებ სტარტაპისთვის საჭირო კაპიტალს?
– როგორ გავზრდი სტარტაპს
– რა არის ის ახალი პროდუქტები ან სერვისები, რომლის მიწოდებასაც ვგეგმავ მომავალში?
– როგორ მოვიზიდავ და შევინარჩუნებ ჩემს მომხმარებლებს?
რეალურად, ეს ის კითხვებია, რომლებიც სტარტაპის წამოწყებამდე აუცილებლად უნდა დაისვას – ამიტომაც, საბოლოოდ, მთელი ბიზნეს გეგმა გექნება ხელსახოცზე დაწერილი. მისი დეტალური აღწერა ყოველთვის დაკეცილი ქაღალდის შიგნით არის მოქცეული, ხოლო გარედან მხოლოდ ის წინა გვერდი ჩანს, რომლითაც მომხმარებლის დაინტერესება შეიძლება.
მაგრამ, რატომ მაინცდამაინც ხელსახოცი?
წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ ბურთულიან კალამს და თხელ ხელსახოცს ვიყენებთ. რა მოხდება, როდესაც ბურთულიანი კალამი ქაღალდს შეეხება? – გაგვიჭირდება დაწერა, მელანი გაითხაპნება, ხელსახოცი კი გაიხევა. ამის გამო, იძულებული იქნები, რომ რაც შეიძლება ნაკლები სიტყვა გამოიყენო. მომხმარებლები დიდ და ინფორმაციით დატვირთულ შეტყობინებას ხშირად არ კითხულობენ, ამიტომაც, რაც უფრო ლაკონურად გადმოსცემ შენს მთავარ იდეას, ადამიანების დაინტერესების უფრო დიდი შანსია.ასეთივე შედეგს მოგცემს განსხვავებული ზომის ხელსახოცების გამოყენება – რაც უფრო ნაკლები სივრცე გექნება, მით უფრო მოკლედ მოგიწევს მთავარი სათქმელის ჩამოყალიბება და დაწერა.
რამდენად ღირებულია ხელსახოცის წესით მიღებული დამატებითი ინფორმაცია?
ამ პატარა სავარჯიშოს გაკეთების შემდეგ, კიდევ უფრო კარგად გაუგებ შენს სტარტაპს. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო წარმოდგენები მასზე შეიძლება არ შეგეცვალოს, აუცილებლად შეგეცვლება ამ იდეების გადმოცემის და სხვებისთვის მიწოდების გზები. ამას დაინახავ მაშინ, როდესაც შენი პროდუქტის შექმნას, გაყიდვას, ან სერვისის მიწოდებას დაიწყებ.