გავრცელებული ინფორმაციით, Nearby Share-ს განახლება დაემატება
არსებული ცნობებით, Google-ის ფუნქცია Nearby Share-ს ემატება განახლება, რომელიც მომხმარებლებს საკუთარ მოწყობილობებს შორის ფაილების გაზიარებას ბევრად გაუმარტივებს. ახალი, ე.წ. Self-Share რეჟიმის ფარგლებში, ერთსა და იმავე Google ანგარიშში შესულ მოწყობილობებს შორის კონტენტის გასაზიარებლად მხოლოდ ერთი დაწკაპება იქნება საჭირო.
,,Nearby Share-ის ,,Self-share’’ რეჟიმის საშუალებით, ერთსა და იმავე Google ანგარიშში შესულ მოწყობილობებს შორის ფაილების სწრაფად გაზიარების საშუალება გექნებათ. როგორც ვხვდები, [განახლება] ჯერ არ გამოსულა, მაგრამ ის Google Play Services-ის უახლეს ვერსიაში წარმოდგენილია’’, – წერს რეჰმანი.
Nearby Share's "self-share" mode will let you quickly share files to other devices signed into the same Google account without needing to approve the share.
This hasn't rolled out yet from what I can see, but it's present in the latest version of Google Play Services. pic.twitter.com/wdtxoiE2oz
— Mishaal Rahman (@MishaalRahman) April 19, 2022
როგორც გამოსახულებაზე ჩანს, Nearby Share-ის განყოფილებაში Device Visibility (მოწყობილობის ხილვადობა) ახალი კატეგორია – Your Devices (თქვენი მოწყობილობები) – დაემატება.
ამ დრომდე, Nearby Share ფუნქციით ფაილების გაზიარებისას მიმღების დასტური იყო საჭირო. ცხადია, ეს სხვა ადამიანებისგან სხვადასხვა მასალის ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ მიღების პრევენციისთვის აუცილებელი, თუმცა, საკუთარ მოწყობილობებს შორის კონტენტის გაზიარებისას დამატებითი არასაჭირო ნაბიჯია. სწორედ ამიტომ, განახლება მხოლოდ ერთსა და იმავე Google ანგარიშში შესულ მოწყობილობებზე იმუშავებს, სხვა შემთხვევებში კი, კვლავ მიღების დადასტურება იქნება აუცილებელი.
ცნობისთვის, Google-მა Nearby Share 2020 წლის აგვისტოს წარადგინა. მართალია, ფუნქციის საშუალებით Android-ის მომხმარებლებს მრავალსაფეხურიანი პროცესების [მაგალითად, მასალების Google Drive-ზე ატვირთვა და თავიდან ჩამოტვირთვა] გავლა აღარ უწევთ, თუმცა, Nearby Share-მა Apple-ის მიერ ჯერ კიდევ 2011 წელს გამოშვებულ AirDrop-ს მოსალოდნელი კონკურენცია მაინც ვერ გაუწია. მას შემდეგ, Google ცდილობს, რომ Nearby Share განახლებების მეშვეობით AirDrop-ის სიმარტივესა და მოხერხებულობას მიუახლოოს. აღსანიშნია, რომ ახალი მახასიათებელიც AirDrop-ის ერთ-ერთი ფუნქციის იდენტურია.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის დაემატება Nearby Share-ს განახლება. თუმცა, რადგანაც Google-ის I/O კონფერენცია 11-12 მაისს იმართება, მახასიათებლის ოფიციალურად ჩაშვებამდე, სავარაუდოდ, არც ისე დიდი დროა დარჩენილი.