fbpx

Netflix-ის აქციების ფასი 35%-ზე მეტით დაეცა

Netflix-ის

Netflix-ის აქციების ფასი 35%-ზე მეტით დაეცა

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში პირველად, Netflix-მა ათასობით მომხმარებელი დაკარგა, რამაც მისი აქციების ფასის 35%-ზე მეტით დაცემა გამოიწვია. Netflix-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2022 წლის პირველი კვარტალში გამომწერთა ბაზა 200,000-ით შემცირდა და კომპანია ვარაუდობს, რომ მიმდინარე კვარტალში (აპრილ-ივნისის პერიოდში) ის დამატებით 2 მილიონ აბონენტს დაკარგავს.

აქციონერებთან გაგზავნილ წერილში მომხმარებელთა დანაკარგის მიზეზად Netflix რამდენიმე ძირითად ფაქტორს გამოყოფს. პირველ რიგში, კომპანია აღნიშნავს, რომ მისი ძირითადი ბაზრის ზრდის ტემპი ნაწილობრივ დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, რომლებზეც მას პირდაპირი კონტროლი არ აქვს. ასეთია, თუნდაც, ინტერნეტკავშირის ღირებულება. მეორე მიზეზად კომპანია აბონენტების მიერ საკუთარი ანგარიშების სხვებთან გაზიარების პრაქტიკას ასახელებს – Netflix-ის თქმით, მისი 222 მილიონი გამომწერი ანგარიშს დამატებით 100 მილიონ მომხმარებელს უზიარებს. მესამე დასახელებული ფაქტორი ბოლო სამი წლის განმავლობაში სტრიმინგ მომსახურებაში კონკურენტების გააქტიურებაა. რაც შეეხება მეოთხე მიზეზს, ესაა ნელი ეკონომიკური ზრდა, მზარდი ინფლაცია, კორონავირუსის პანდემიის გამო არსებული გარკვეული შეფერხებები და გეოპოლიტიკური მოვლენები, მაგალითად როგორიცაა რუსეთის უკრაინაში შეჭრა. ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებული სამხედრო მოქმედებების საპასუხოდ, Netflix-მა რუსეთში თავისი სერვისი შეაჩერა და, შესაბამისად, დაახლოებით 700 ათასი მომხმარებელი დაკარგა.

Netflix-ის თქმით, მისი გეგმა შემოსავლების ზრდის აჩქარებაა, რისთვისაც როგორც კონტენტის, ასევე პროდუქტის მიმართულებების გაუმჯობესებაზე გააგრძელებს მუშაობას. ამის მაგალითად კომპანიას 2022 წლის პირველი კვარტლის ყველაზე პოპულარული შოუები Bridgerton და Inventing Anna მოჰყავს. რაც შეეხება პროდუქტს, სულ ახლახან Netflix-მა წარადგინა ახალი ფუნქცია ,,Double thumbs up’’. ამ მახასიათებლის მეშვეობით მომხმარებლები უფრო უკეთ გამოხატავენ, თუ რომელი კონტენტი უყვართ და არა უბრალოდ მოსწონთ. ეს კი კომპანიას უფრო პერსონალიზებული რეკომენდაციების შემუშავებაში ეხმარება.

კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ ყურადღებას ანგარიშების გაზიარების პრაქტიკის შეცვლაზეც გაამახვილებს. ამისათვის Netflix-მა უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები – მარტის დასაწყისში მან ჩილეში, კოსტა-რიკასა და პერუში გაზიარების ახალი ფუნქციის ტესტირება დაიწყო. მის ფარგლებში ლათინური ამერიკის სამ ბაზრის მომხმარებლებს საკუთარ ანგარიშზე ორი დამატებითი ქვე-ანგარიშის დამატება შეუძლიათ, თუმცა, ამისათვის დამატებითი თანხა (დაახლოებით $3) უნდა გადაიხადონ.

ამის გარდა, Netflix განიხილავს ახალი, უფრო დაბალი ღირებულების პაკეტის წარდგენასაც – მასში მომხმარებლები რეკლამებს შეხვდებიან.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post