Netflix-მა შეაჩერა თავისი სერვისი რუსეთში
ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებული სამხედრო მოქმედებების საპასუხოდ, Netflix-მა რუსეთში თავისი სერვისი შეაჩერა.
„არსებული გარემოებების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, რომ რუსეთში სერვისი შევაჩეროთ“, – აცხადებს Netflix-ის წარმომადგენელი.
აღსანიშნია, რომ გასულ კვირას Netflix-მა ყველა სამომავლო პროექტისა და რუსეთისგან შესყიდვების შეჩერების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. კომპანიას ჰქონდა 4 რუსული ორიგინალური შოუ, რომელთაგან ცნობილია სამის სახელი – Zato, Anna K, Nothing Special. 28 თებერვალს კი Netflix-მა უარი თქვა 20 რუსული არხის საკუთარ პლატფორმაზე ტრანსლაციაზე. მათ შორის იყო სახელმწიფო პირველი არხი, NTV და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებული Spas.
„დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს სერვისში ამ არხების დამატებას არ ვგეგმავთ “, – აღნიშნავდა კომპანიის სპიკერი.
ცნობისთვის, გასული წლის დეკემბერში რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ, ,,როზკომნადზორმა’’ Netflix დაამატა აუდიოვიზუალური სერვისების რეესტრში. ხოლო ახალი რეგულაციის თანახმად, პირველი მარტიდან კომპანიას რუსული ახალი ამბების, სპორტული და გასართობი არხების ტრანსლაცია დაევალებოდა.
Netflix-მა ასევე ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 2015 წლის დოკუმენტური ფილმი Winter on Fire: Ukraine’s Fight for Freedom უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი მის პლატფორმაზე. ფილმში ეხება უკრაინაში მიმდინარე ევრომაიდანის საპროტესტო აქციებს.
სტრიმინგის სერვისმა რუსეთში ოპერირება 2016 წელს დაიწყო და ამ დრომდე მილიონამდე აბონენტი ჰყავდა.
აღსანიშნია, რომ Netflix არ არის გართობისა და კინოინდუსტრიის სექტორში ერთადერთი მსხვილი კომპანია, რომელმაც რუსულ ბაზართან კავშირი შეაჩერა. სხვა გიგანტებმა, მათ შორის Disney-მა, Warner Brothers-მა, Paramount Pictures-მა და Sony-მ, გადადეს რუსულ კინოთეატრებში ისეთი ახალი ფილმების გაშვება, როგორებიცაა Batman, Blushing და Sonic the Hedgehog 2.