Mastercard-ით NFT-ის შეძენა ხდება შესაძლებელი
გადახდების გიგანტმა Mastercard-მა განაცხადა, რომ მალე მისი მეშვეობით NFT-ების შეძენა შესაძლებელი გახდება შემდეგ კრიპტო პლატფორმებზე: Immutable X, Candy Digital, The Sandbox, Mintable, Spring, the Nifty Gateway და MoonPay.
კომპანია თავის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ Mastercard ამჟამად ზემოხსენებულ კომპანიებთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ მომხმარებლებს საშუალება ჰქონდეთ, მასტერქარდის ბარათები NFT-ების შესყიდვისთვის გამოიყენონ.
ეს სიახლე, ფაქტობრივად, საშუალებას მისცემს ნებისმიერ Mastercard-ის ბარათის მფლობელს, შეიძინოს NFT-ები პირდაპირ ბაზრებიდან.
Mastercard-მა აღნიშნა, რომ მსოფლიოში სულ 2,9 მილიარდი მასტერქარდის ბარათი არსებობს და აღნიშნული სიახლე NFT ბაზარზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს. გარდა ამისა, გადახდების გიგანტმა დაამატა, რომ ამ კომპანიების დახმარებით მასტერქარდი Web3-ის გაფართოებას გააგრძელებს.
,,მოუთმენლად ველით მუშაობის დაწყებას ყველა კრიპტო პლატფორმასთან, რათა ეს ბაზარი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მარტივი გავხადოთ”, – აცხადებს მასტერქარდის აღმასრულებელი დირექტორი.
კომპანია ასევე საუბრობს მასტერქარდის მომხმარებლებში ჩატარებული გამოკითხვის მონაცემებზე (35000 ადამიანი 40 ქვეყანაში), რომლითაც დადგინდა, რომ მომხმარებელთა 45%-ს უკვე შეძენილი აქვს NFT ან აპირებს შეძენას, ხოლო გამოკითხულთა დაახლოებით ნახევარს, სურს ყოველდღიური გადახდები კრიპტოვალუტით შეძლოს.