fbpx

ყველაფერი NFT-ის შესახებ

NFT

ყველაფერი NFT-ის შესახებ

NFT იშიფრება, როგორც Non-fungible Token – სიტყვა Non-fungible კი მის უნიკალურობას აღნიშნავს, ანუ მას ვერაფრით ჩაანაცვლებთ. უფრო გასაგები რომ იყოს, ყველასათვის ცნობილი ბიტკოინი არის Fungible – ერთ ბიტკოინს თუ მეორეზე გადაცვლით, ისევ იმავეს მიიღებთ. NFT-ის შემთხვევაში ასე არ ხდება – თუ ერთ მათგანს მეორეზე გადაცვლით, სრულიად განსხვავებული რამ დაგრჩებათ.

და მაინც, რა არის NFT? ეს შეიძლება იყოს საკოლექციო სპორტული ბარათები, ვირტუალური უძრავი ქონება ან, თუნდაც, ციფრული სპორტული ფეხსაცმელი. მან, ფაქტობრივად, რევოლუცია მოახდინა სათამაშო და კოლექციონერობის ინდუსტრიაში, ამიტომაც კრიპტოვალუტის მომხმარებლებს შორის იგი უკიდურესად პოპულარული ძალიან მალე გახდა.

NFT-ის გამოჩენა

შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი 2017 წლის ბოლოს CryptoKitties–ით დაიწყო. მაშინ კანადური კომპანიის, Dapper Labs-ის მიერ შექმნილი მულტფილმის პერსონაჟების მსგავსი კატების, როგორც საკოლექციო მასალების, დებიუტი შედგა. თითოეული გამოსახულება ციფრების უნიკალურ წყობასთან (NFT) იყო დაკავშირებული. მათი ყიდვა კი Ethereum Blockchain პლატფორმაზე შეგეძლოთ, რაც კონკრეტული კატის მფლობელობის დამადასტურებელი ერთგვარი დოკუმენტი იყო. თამაშმა პოპულარობა იმდენად სწრაფად მოიპოვა, რომ CryptoKitties–თან დაკავშირებულმა ტრანზაქციებმა Ethereum შეანელა.

პრობლემა მალევე გადაწყდა, თუმცა საკოლექციო კატებით დაწყებული პროცესი ამით არ დასრულებულა – 2017 წლიდან დღემდე NFT– ზე 174 მილიონი აშშ დოლარი არის დახარჯული.

NFT-ის მახასიათებლები

ფიზიკურ კოლექციასთან შედარებით, ციფრული საკოლექციო მასალის ფლობას ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა აქვს – თითოეული NFT შეიცავს ისეთ დამახასიათებელ ინფორმაციას, რომელიც მას სხვა NFT-ისგან გამორჩეულს და მარტივად გადამოწმებადს ხდის. სწორედ ამიტომ, ყალბი საკოლექციო ნივთების შექმნასა და გავრცელებას აზრი ეკარგება.

როგორც უკვე ვახსენეთ, ჩვეულებრივი კრიპტოვალუტისგან განსხვავებით, NFT– ების ერთმანეთში პირდაპირი გაცვლა შეუძლებელია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ თუნდაც ერთ პლატფორმაზე, თამაშების კოლექციაში არსებული არც ერთი NFT არაა ერთმანეთის იდენტური. ამის მარტივად გასააზრებლად, შეგვიძლია, ისინი ფესტივალის ბილეთებს შევადაროთ – თითოეული ბილეთი შეიცავს კონკრეტულ ინფორმაციას, მათ შორის, მყიდველის სახელს, ღონისძიების თარიღსა და მისი ჩატარების ადგილს. აღნიშნული მონაცემები კი ფესტივალის ბილეთების ერთმანეთში გადაცვლას შეუძლებელს ხდის. სწორედ ამ პრინციპით მუშაობს NFT-ც.

ახლა კი მის რამდენიმე ძირითად მახასიათებელს გაგაცნობთ:

არაინტეროპერატიულობა: ეს მახასიათებელი უკვე განვიხილეთ, მაგრამ თავად NFT-ების მაგალითიც რომ მოვიყვანოთ – CryptoPunk-ს თამაშში CryptoKitties პერსონაჟად ვერ გამოიყენებ (და პირიქით). ეს ასევე ვრცელდება ისეთ საკოლექციო ნივთებზე, როგორიცაა მაგალითად სპორტული ბარათები.

განუყოფლობა: ამ ვალუტას უფრო მცირე ღირებულების მქონე ერთეულად ვერ დაყოფ, ის მხოლოდ მთლიანობაში არსებობს. საპირისპირო მაგალითი რომ განვიხილოთ, ბიტკოინის დაყოფა შეიძლება და ვალუტის ყველაზე პატარა ერთეული Bitcoin Satoshi-ია.

არაგანადგურებადობა: ყველა NFT მონაცემი ბლოკჩეინზე ჭკვიანი კონტრაქტების (smart contracts) საშუალებით ინახება. სწორედ ამიტომ, Token-ის განადგურება, წაშლა ან მისი ასლის გაკეთება შეუძლებელია. ამასთან, Token-ების მფლობელობა მუდმივია, არაცვალებადი. NFT- ებს არა მათი შემქმნელი კომპანიები, არამედ კოლექციონერები ფლობენ. ამის საწინააღმდეგო მაგალითია iTunes Store-იდან მუსიკის შეძენა, როდესაც მომხმარებლები მას რეალურად არ ფლობენ, ისინი მხოლოდ მუსიკის მოსმენის ლიცენზიას ყიდულობენ.

ვერიფიცირებადობა: ისეთი მასალების, როგორიცაა, მაგალითად, ციფრული ხელოვნების ნიმუში, თავდაპირველი შემქმნელის პოვნა მარტივია. მათი ავთენტურობის დადგენა მესამე მხარის ვერიფიკაციის გარეშეა შესაძლებელი.

რითია NFT საინტერესო?

ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დამკვიდრების წყალობით, კოლექციონერებს თამაშში არსებული საგნების (in-game items) და სხვა უნიკალური აქტივების მუდმივი, უცვლელი მფლობელები შეუძლიათ გახდნენ, ასევე მათგან ფულიც კი გამოიმუშავონ. მოთამაშეებს აქვთ შესაძლებლობა, თამაშის დროს დაგროვებული ციფრული ნივთები (კოსტიუმები, ავატარები, თამაშში არსებული ვალუტა) მეორეულ ბაზარზე გაყიდონ. ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ, ვირტუალური სამყაროს ისეთი სტრუქტურების მონეტიზირება მოახდინონ, როგორიცაა, მაგალითად, კაზინოები და თემატური პარკები (Theme Park).

მაგალითისთვის,  თამაშ F1 Delta Time–ში არსებული Monaco Racing Track-ის სეგმენტის შესაძენად ერთმა ინვესტორმა 222,000 აშშ დოლარი გამოყო. NFT, რომელიც ამ ციფრული ტრასის ნაწილია, მფლობელს საშუალებას აძლევს, რომ მასზე ჩატარებული ყველა რბოლიდან, შესასვლელი ბილეთის გადასახადის ჩათვლით, 5% დივიდენდი მიიღოს.

NFT ახალ შესაძლებლობებს ქმნის გრაფიკული და 3D დიზაინერებისა თუ ხელოვნების სხვა წარმომადგენლებისთვისაც. მაგალითად, საკუთარი ნამუშევრების უშუალოდ მყიდველთა გლობალურ აუდიტორიაში (აუქციონის სახლის ან გალერეის გამოყენების გარეშე) ციფრულად გაყიდვა მხატვრებს საშუალებას აძლევს, მიღებული მოგების მნიშვნელოვნად მეტი წილი შეინარჩუნონ. ამასთან, ციფრულ ნამუშევრებში მათ საავტორო ჰონორარის აღებაც შეუძლიათ.

ზემოთ ხსენებულის ყველაზე ნათელი მაგალითი რომ მოვიყვანოთ – Christie’s აუქციონზე გრაფიკული დიზაინერის Beeple-ის (მაიკ უილკელმანი) ციფრული ნამუშევარი ისტორიულ ფასად, 69.25 მლნ აშშ დოლარად (NFT-ის ეკვივალენტში) გაიყიდა.  ფოტოკოლაჟში, სახელად Everydays—The First 5000 Days, 2007 წლის შემდეგ Beeple-ის მიერ შექმნილ ყველა ნამუშევარია გაერთიანებული.

NFT-ს მუსიკოსებიც წარმატებით იყენებენ. მაგალითად, Linkin Park-ის ერთ-ერთმა ვოკალისტმა მაიკშინოდამ NFT გამოუშვა, როგორც თავისი ახალი სინგლის Happy Endings (ft. Iann Dior) სტრატეგიის ნაწილი.

აქვე აღსანიშნავია, რომ Cryptoart.io/data– ს თანახმად, კრიპტოხელოვნების სავარაუდო საერთო ღირებულებამ 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ნაკლი და გაუმჯობესება

მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვების მაჩვენებლები NFT-ებზე აშკარა მოთხოვნას აჩვენებს, ყველაფერი იდეალურად მაინც არაა. NFT პლატფორმების აბსოლუტური უმრავლესობა მოითხოვს, რომ მომხმარებლები  Ethereum wallet-ებს იცნობდნენ (მაგალითად, MetaMask-ს). საწყის ეტაპზე, კოლექციონერებმა ETH გადაცვლის პლატფორმაზე უნდა შეიძინონ (მაგალითად, Coinbase) და non-custodial მისამართზე გაგზავნონ. ამის  შემდეგ, ტრანზაქციის გასაკეთებლად და bid-ის დასადებად, 100 აშშ დოლარზე მეტი საკომისიოებში უნდა გადაიხადონ. ეს პროცესი ეხება იმ არტისტებსაც, რომლებიც NFT- ს ქმნიან. ამ ყველაფერმა ისეთი საზოგადოებრივი ფონდების გამოჩენა გამოიწვია, როგორიცაა მაგალითად MintFund, რომელიც პირველი NFT-ის ჩაშვების საოპერაციო ხარჯებს ფარავს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post