რა არის ობლიგაცია?
ობლიგაცია სავალო ფასიანი ქაღალდია, რომელსაც სახელმწიფოები, საფინანსო ინსტიტუტები ან კორპორაციები გამოსცემენ. ობლიგაციის შესყიდვისას ინვესტორი ემიტენტს დროის გარკვეული პერიოდით ფულს ასესხებს. ამის სანაცვლოდ, ობლიგაციის გამომშვებს აქვს ვალდებულება, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული კუპონი (სარგებელი, რომელიც კუპონის განაკვეთით არის განსაზღვრული) და ძირი თანხა დადგენილი ვადის ფარგლებში გაისტუმროს.
ემიტენტები ობლიგაციებს სამომავლო მიზნების განსახორციელებლად საჭირო ფინანსების მოზიდვისთვის გამოსცემენ. საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, მიზნებში შესაძლოა იგულისხმებოდეს:
• მიმდინარე საბრუნავი კაპიტალის მოთხოვნების უზრუნველყოფა;
• სხვა არსებული ვალდებულებების დაფარვა;
• სხვადასხვა დიდი საინვესტიციო პროექტის (განათლების, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურისა და ა.შ.) დაფინანსება.
ხოლო რაც შეეხება ინვესტორებს, ისინი ობლიგაციებს ორი ძირითადი მიზეზის გამო ყიდულობენ. პირველ რიგში, ობლიგაცია არის განსაზღვრული პერიოდული შემოსავლის წყარო. ასევე ის წარმოადგენს კაპიტალის შენახვის მოგებიან გზას – ინვესტორი იბრუნებს ძირ თანხას და დამატებით შემოსავალს, ანუ კუპონს იღებს.
ობლიგაციების ტიპები
ეროვნული ბანკის განმარტებით, საქართველოს ბაზარზე გვხვდება კორპორაციული ობლიგაციები და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები. უფრო კერძოდ, კორპორაციული ობლიგაციები მოიცავს კორპორაციების, საფინანსო ინსტიტუტებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებულ ობლიგაციებს; ხოლო სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში სახაზინო ვალდებულებები, სახაზინო ობლიგაციები და ევროობლიგაციები იგულისხმება.
ობლიგაციის მახასიათებლები
ობლიგაციის ძირითად მახასიათებლებს წარმოადგენს:
• ემიტენტი;
• ვადიანობა;
• ნომინალური ღირებულება (ძირი თანხა);
• კუპონის განაკვეთი;
• გადახდის სიხშირე.
ამის გარდა, მას შესაძლოა დამატებითი მახასიათებლებიც ჰქონდეს, რომლებიც ქვეყნის კანონმდებლობით, მარეგულირებელი ჩარჩოებით და სხვა გარემოებებით იქნება განპირობებული.