3 მარტივი გზა თქვენი ონლაინ უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად
ონლაინ უსაფრთხოება დღესდღეობით ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს როგორც ინდივიდებისთვის, ისე – ორგანიზაციებისთვის. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ 3 მარტივი და უფასო გზა თქვენი ონლაინ უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად მომავალ წელს.
დაიწყეთ პაროლის მენეჯერის გამოყენება
რა თქმა უნდა, მოსახერხებელია ერთი და იგივე პაროლის გამოყენება მრავალი ანგარიშისთვის. მაგრამ თუ ამას აკეთებთ, ჰაკერს, რომელიც მოიპოვებს წვდომას თქვენს ერთ-ერთ ანგარიშზე, ექნება წვდომა ყველა მათგანზე. და თუ თქვენ არ ხართ ორგანიზებული ადამიანი, უბრალოდ შეუძლებელია თვალყური ადევნოთ უნიკალურ პაროლებს თითოეული საიტისთვის, რომელსაც იყენებთ.
ამის ნაცვლად, გამოიყენეთ პაროლის მენეჯერი. ეს ხელსაწყოები ქმნიან ძლიერ, უნიკალურ პაროლს თითოეული ანგარიშისთვის და ინახავენ მათ უსაფრთხოდ.
მაგალითად, Bitwarden არის შესანიშნავი, უფასო ხელსაწყო, რომელიც არ არის მიბმული რომელიმე კონკრეტულ პლატფორმაზე. მაგრამ თქვენ არც კი გჭირდებათ პაროლის მართვის დამოუკიდებელი პროგრამა: თუ იყენებთ ერთსა და იმავე ვებ ბრაუზერს ყველა თქვენს მოწყობილობაზე, მაგალითად, Chrome ან Microsoft Edge, შეძლებთ პაროლების სინქრონიზაციას შეუფერხებლად და უფასოდ. Windows-ს, MacOS-ს, Android-სა და iOS-ს ასევე აქვთ ჩაშენებული პაროლის მართვა.
ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის ჩართვა
უფრო და უფრო მეტი ონლაინ სერვისი იყენებს ორფაქტორიან ავთენტიფიკაციას. სადაც შესაძლებელია – უნდა ჩართოთ.
ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია აძლიერებს თქვენი ანგარიშების უსაფრთხოებას, რომელიც მოითხოვს ავტორიზაციის მეორე ფორმას, როგორიცაა თქვენს ტელეფონზე გაგზავნილი კოდი ან საიდუმლო PIN პაროლი.
სისტემაში შესვლისას ეს გარკვეულ დაყოვნებას იწვევს, მაგრამ, ამავდროულად, ეს გზა თავიდან იცილებს არაავტორიზებულ წვდომას მაშინაც კი, თუ თქვენი პაროლი კომპრომეტირებულია.
არის ასეთი საიტი სახელწოდებით: 2FA Directory, რომელიც საშუალებას გაძლევთ, მოძებნოთ რომელი პოპულარული საიტები უჭერენ მხარს (და არ უჭერენ მხარს) ორფაქტორიან ავტორიზაციას.
განაახლეთ თქვენი მოწყობილობები და პროგრამული უზრუნველყოფა
პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები ხშირად მოიცავს უსაფრთხოების მნიშვნელოვან დეტალებს, ამიტომ მნიშვნელოვანია თქვენი მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლება.
ეს მოიცავს თქვენი კომპიუტერის ოპერაციულ სისტემას, ტელეფონებსა და ტაბლეტებს და თქვენ მიერ გამოყენებულ ნებისმიერ აპს ან პროგრამას.