ქართული სტარტაპები: Onyx Wings Studio
Onyx Wings Studio თამაშების მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც სტუდენტებმა დიდი ენთუზიაზმითა და შემართებით შექმნეს. გუნდის გამოცდილება სტუდიას დაეხმარა, სწორად წარემართათ პირველი ნაბიჯები – მათ შექმნეს პირველი თამაში “Mistcaller“, რომლის Shark Tank-ზე გატანის შემდეგაც ინვესტორები მოიპოვეს.
თუ როგორ დაიწყო სტარტაპის ამბავი და რა ეტაპზეა იგი დღეს, ამაზე Onyx Wings Studio-ს თანადამფუძნებელი, ირაკლი ჭოლოკავა დეტალურად გვიამბობს.
იდეა
Onyx Wings Studio-ს შექმნის იდეა წელიწადნახევრის წინ გაჩნდა. საერთო იდეის გარშემო გაერთიანებულ სტუდენტებს გვსურდა, ჩვენი სიმპათიები და საყვარელი მოგონებები თამაშების მიმართ ამავეს შექმნით გამოგვეხატა. იდეის შემდგომ ვიფიქრეთ მის ბიზნეს მხარეზე და დავინახეთ, რომ გეიმინგ ინდუსტრიაში არსებობს გარკვეული სფეროები, სადაც ბაზარი გაჯერებული არ არის. ამ ხედვებმა და თამაშების სიყვარულმა გვიბიძგა, შეგვერჩია საკმაოდ კონკრეტული მიმართულება – Puzzle Platformer და ჩვენს პირველ თამაშზე მუშაობა დაგვეწყო. თითოეულ ჩვენგანს იმდენად გვიყვარს საკუთარი საქმე გეიმინგ-დეველოპმენტში, რომ ხანდახან ვხუმრობთ, თითქოს ‘ჰოგვარტსის’ ქუდმა დაგვინაწილა ეს როლები.
აქვე ვიტყვი, თავიდან ჩვენი საწყისი კაპიტალი რეალურად იყო ალტერნატიული დანახარჯები – ის დრო, რაც სწავლას/სამსახურს მოვაკელით და ამ სახალისო და საინტერესო წამოწყებაში ჩავჯდეთ. პირველი ნაბიჯებიდან დღემდე ბევრად განვვითარდით, გვაქვს მკაფიო ხედვები და მიზნები ხვალინდელი დღისთვის.
შინაარსი
Onyx Wings Studio მომხმარებელს თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარებას სთავაზობს – დახვეწილ თამაშს მაღალი ხარისხის დეტალებით. აქტიურად ვმუშაობთ გეიმინგის მრავალფეროვან მიმართულებებზე – მუსიკა, ხმები, ანიმაციები, ზოგადი დიზაინი, ფიზიკა… თითოეულ დეტალში ვცდილობთ, მაქსიმუმი ჩავდოთ და მომხმარებელს უბრალოდ სიამოვნებისა და გართობის გარდა, სხვა გზა პრაქტიკულად არ დავუტოვოთ. ჩვენი მომხმარებლები არიან გამოცდილი გეიმერები, რომელთაც იზიდავთ საინტერესო დაბრკოლებები და მზად არიან, იმოგზაურონ მისტიკურ სამყაროში. ეს ის სეგმენტია, რომელსაც ჩვენ თავად წარმოვადგენთ/წარმოვადგენდით საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, ამიტომ ზუსტად ვიცით, რა სჭირდება ჩვენს მომხმარებელს და ვეცდებით, მაქსიმალურად გავანებივროთ ისინი.
Onyx დღეს
Onyx Wings Studio ამ ეტაპისთვის ემზადება, რომ თამაშის პირველადი სახე წარმოუდგინოს დაინტერესებულ მხარეებს სამომავლო პარტნიორობისთვის. ზოგადად კომპანიაზე საუკეთესო წარმოდგენას პროდუქტი ქმნის, ამიტომ ჩვენს პირველ თამაშს თითოეული დეტალის დონეზე ვამუშავებთ და ვამზადებთ, რომ დღის სინათლე იხილოს. შარქ თენქის შემდგომ დავამატეთ ბევრი ახალი საუნდტრეკი, საოცრად მომხიბვლელი ანიმაციები და თამაშის ფიზიკა მაქსიმალურად რეალური გავხადეთ.
ჩვენი მთავარი გამოწვევა დღეს საკუთარი ძალების კიდევ უფრო ნათლად წარმოჩენაა მომხმარებლებისა და პარნტიორებისთვის. ჩვენ გვწამს და გვჯერა საკუთარი თავის, ვიცით, რომ შრომას შედეგი ყოველთვის აქვს და ჩვენი თამაშით ვეცდებით, ბევრის გული მოვიგოთ.
უნიკალურობა
ჩვენი სტარტაპის გამორჩეულობა გამოიხატება იმ დიზაინსა და მუსიკალურ ელემენტებში, რომლებიც არის უნიკალური, ჩვენ მიერ შექმნილი და მიმზიდველი. არ არის აუცილებელი გეიმერობა, რომ მოგეწონოს ის მუსიკა, რაც ონიქსში იქმნება. შარქ თენქის შემდეგ ჩვენი საუნდტრეკი საკმაოდ პოპულარული გახდა და ისეთი ადამიანების გულიც კი მოიგო, რომლებსაც თამაშებთან არასდროს ჰქონიათ შეხება. ზუსტად ასეთი ღირებული ელემენტები გვძენს კონკურენტულ უპირატესობას, გვიყალიბებს უნიკალურ სახესა და იმ ნიშურ გავლენას, რაც ბაზარზე თვითმყოფადობისთვის აუცილებელია.
ბიზნესმოდელი
Onyx Wings Studio ქმნის მაღალი ხარისხის თამაშებს, რომლის მონეტიზაციის ორი მთავარი გზა არსებობს. პირველი, რა გზასაც Mistcaller გაივლის იქნება გეიმინგ-ჩენელებზე თამაშის გატანა და უშუალოდ მომხმარებლებისთვის მიყიდვა. ამ დროს მნიშვნელოვანია პარტნიორები და მარკეტინგი, რათა ცნობადობამ სასურველ ზღვარს მიაღწიოს და გეიმერებმა პროდუქტი შეიძინონ. მეორე გზა არის შეკვეთებზე მუშაობა – დიდი გეიმინგ კომპანია გიკვეთავს თამაშს გარკვეული შტრიხებითა და მიმართულებებით და შენ სწორედ მისთვის ქმნი თამაშს თავიდან ბოლომდე. მოდელის ეს ორი სქემა არც ურთიერთშემავსებელია და არც ურთიერთჩამნაცვლებელი, ისინი ხასიათდებიან გარკვეული მსგავსებით, თუმცა მომხმარებელი თითოეულ შემთხვევაში აბსოლუტურად განსხვავებული სეგმენტია. ჩვენი გუნდი საკუთარ ძალებს ორივე მოდელში მოსინჯავს და გვჯერა, რომ საკმაოდ წარმატებით.
ინვესტიციები
ფინანსური კუთხით ონიქსს შარქ თენქის გარდა დამატებითი რაუნდების გახსნა სახსრების მოსაზიდად არ დასჭირვებია. მიღებული ინვესტიციით საკმაოდ ზუსტად გაწერილი გეგმა გვაქვს და ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ პირველი პროექტის ფარგლებში. ინვესტორებთან ურთიერთობისას სტარტაპებმა უნდა გაითვალისწინონ ერთი უმნიშვნელოვანესი რამ – მათ ბოლომდე უნდა სჯეროდეთ/ესმოდეთ საკუთარი თავის. ყოველი საქმე თვითშმეცნებითა და თვითრწმენით იწყება. თუ სტარტაპერს სჯერა და სწამს საკმაოდ, მაშინ ის შეძლებს სხვების დარწმუნებასაც.
Game Development საქართველოში
მსოფლიოში გეიმ დეველოპმენტის ინდუსტრია დაუჯერებლად სწრაფად ვითარდება და იზრდება. ვირტუალური რეალობისა თუ მეტავერსის შექმნის იდეებმა ეს ზრდა კიდევ უფრო ააჩქარეს და თუ კი ინდუსტრიის ბუმი 5 წლის წინ გვეგონა, დღეს ვხედავთ, რომ უზარმაზარი მთის აღმართი ჯერ კიდევ ახლა იწყება. გვიხარია, რომ ამ ძალიან მაგარი თავგადასავლის მონაწილეთა შორის ერთ-ერთი ქართული კომპანია – ონიქს ვინგს სტუდიო იქნება. რაც შეეხება ქართულ ბაზარს, აქ არის უამრავი უნიჭიერესი დეველოპერი, მხატვარი, დიზაინერი… თუმცა, მათზე მოთხოვნაც საკმაოდ მაღალია. ძირითადად, ქართული ტალანტი უცხოურ კომპანიებშია დასაქმებული და სტარტაპის კუთხით ბევრი გეიმინგ კომპანია არ არსებობს, რაც გულდასაწყვეტია იმის კვალობაზე, რომ ქართველ ახალგაზრდებს ძალიან უყვართ თამაშები, მათ აქვთ ანტერპრენერული შესაძლებლობები და გარშემო არსებობენ რელევანტური ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები.
რჩევა სტარტაპებს
თავდაპირველად ირწმუნეთ საკუთარი იდეის, შემდეგ დააჯერეთ ის დედას, მამას თუ ოჯახის სხვა წევრებს, შემდეგ ახლო მეგობრებს მოუყევით სტარტაპის შესახებ და ყველა ემოცია დახარჯეთ, რომ მათ ისევე ირწმუნონ თქვენი, როგორც თქვენ თავად გწამთ. ნელ-ნელა გააფართოვეთ ამ ადამიანების წრე, სანამ არ მიხვალთ იმ ინვესტორამდე, რომელიც რწმენას პარტნიორულ მხარდაჭერად გამოგიხატავთ.