პატარა ნაბიჯები წარმატებული ლიდერობისთვის
ერთ-ერთ ლაბორატორიაში ორგანული ქიმიკოსი ჯული მედიკამენტებზე კვლევას ატარებდა. საამისოდ მან დიდი შრომა გასწია და დიდი ინფორმაციაც შეაგროვა, თუმცა, ჯულის უფროსმა, გორდონმა ამ კვლევას “ყველაზე დიდი ნაგავი” უწოდა, რაც კი ოდესმე უნახავს.
ჯულის პასუხი ამ ყველაფერზე შემდეგნაირი იყო: „გორდონ, სულაც არ მიკვირს, რომ ეს კვლევა ნაგავი გეგონათ. სიმართლე გითხრათ, ზუსტად იგივე განცდა მქონდა, როცა ვწერდი. თუმცა, თქვენი ნაშრომები ჩემთვის ყოველთვის წარმოუდგენლად ნათელი და გასაგებია. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თქვენთან მუშაობა მინდოდა. სწორედ ამიტომ, მაინტერესებს, გაქვთ თუ არა რაიმე იდეა, როგორ შემიძლია ჩემი კვლევის გაუმჯობესება. მსურს, რაც შეიძლება, მეტი ვისწავლო თქვენგან”.
როგორც ჩანს, გორდონის განწყობა მყისიერად გაუმჯობესდა. მან გადახედა ნაშრომს, ჯულის მითითებები მისცა გადასაჭრელ პრობლემებზე და გარკვეული იდეებიც შესთავაზა მას. ჯულიმ კი, ნაშრომი ერთ-ერთ საუკეთესო ჟურნალში გამოაქვეყნა და ამის სანაცვლოდ მთავარი ჯილდოც კი მიიღო.
ჯულისა და მისი უფროსის ამ ინტერაქციაში ვინ იყო ხელმძღვანელი და ვინ დამხმარე?
ადამიანები ხანდახან თავისთავად ავლენენ ლიდერობის მაგალითს და ერთ-ერთი ასეთი პიროვნება ჯულია, რომელსაც ოფიციალურად არც კი ჰქონია პრაქტიკა ლიდერობაში. ცნობილი საკულტო ლიდერებიდან სწორედ ასეთები იყვნენ აბრაამ ლინკოლნი, რომელმაც სკოლაში მხოლოდ ერთი წელი მიიღო განათლება; დედა ტერეზა და ელეონორ რუზველტი, რომლებსაც არასდროს უსწავლიათ კოლეჯში; ასევე ნელსონ მანდელა და მაჰათმა განდი, რომლებიც ძალიან ღარიბი სტუდენტები იყვნენ. მაშ, როგორ ხდებიან ჩვეულებრივი ადამიანები არაჩვეულებრივი ლიდერები?
ქცევები და კომპეტენციები
ექსპერტები ლიდერობის დისციპლინას ტრადიციულად ისეთი ქცევებით ქმნიან, როგორებიცაა საუბრები, ნდობის დამყარება, უკუკავშირის მიცემა, სწავლება, შთაგონება, გავლენის მოხდენა და სხვების ქცევის შეცვლა. ლიდერობის მსურველებს კი უწევთ, თითოეულ ამ ქცევას ცალ-ცალკე დაეუფლონ, რაც შეიძლება ძალიან რთული იყოს, რადგან თითოეულ ქცევას საკუთარი ჩარჩო გააჩნია. თუმცა, ლიდერობის სემინარებში, რეალურად, არსებობს კიდევ უფრო ფუნდამენტური პრობლემა ამ ქცევის მოდელთან დაკავშირებით.
დავუბრუნდეთ ჯულის გორდონთან ურთიერთობას. მის უკუკავშირზე ჯულიმ რთულად განაგრძო საუბარი? ნდობის დამყარება სცადა მასთან? შთააგონა გორდონს? ჰქონდა მასზე გავლენა? შეცვალა მისი ქცევა? დიახ და მან ეს ყველაფერი 35 წამში მოახერხა.
როგორც ჩანს, ეს ქცევები სულაც არ არის განცალკევებული და ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია, ლიდერობის არქიტექტურა ისე გავაუმჯობესოთ, რომ ამ უნარების განვითარება უფრო მარტივი გახდეს.
როგორ შემიძლია, გამოვავლინო ჩემს საკუთარ თავსა და სხვებში საუკეთესო მხარე ისე, რომ ჩვენივე საერთო პოზიტიურ მიზანს მივაღწიოთ?
საამისოდ უნდა გქონდეთ:
• კეთილშობილური მიზანი;
• სიბრძნე – მშვიდი მიმღებლობა ჭეშმარიტებისადმი – ყველა მისი ნიუანსით;
• ზრდა – სრულ პოტენციალის გამოყენებისადმი მუდმივი სწრაფვა;
• სიყვარული;
• თვითრეალიზაცია.
ხოლო იმისთვის, რომ სიბრძნეს, სიყვარულს, განვითარებასა და მიზანს მივაღწიოთ, საჭიროა შემდეგი მოქმედებები (ისე, როგორც ეს ჯულიმ გააკეთა):
• განიარაღება – მან დაიწყო გორდონის ნათქვამში სიმართლის ძიება და დადასტურება;
• დაფასება – მან დააფასა გორდონის ნაშრომები;
• პარტნიორობის განვითარება – მან შესთავაზა გორდონს, ყოფილიყო მისი მენტორი.
საბოლოო ჯამში, მოქმედებები ქცევის “სამშენებლო ბლოკებია”. შესაბამისად, სულ მცირე ბლოკებმაც კი შეიძლება შექმნას კარგი ლიდერი. ასე მუშაობს ბუნება: უთვალავი სახეობნის სითხე, მყარი საგანი და აირი დაახლოებით 118 ელემენტისგან იქმნება; უთვალავი წიგნი და სიტყვა იწერება ინგლისური ანბანის 26 ასოს გამოყენებით; და უთვალავი მელოდია იქმნება მხოლოდ თორმეტი ნოტისგან.
ეს მიდგომა გვაკისრებს ერთ ვალდებულებას – უნდა ვიყოთ თავმდაბლები; ვაღიაროთ, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა სიმაღლეებზე ავდივართ ლიდერობაში, ჩვენი წინსვლის შემდეგი ნაბიჯი მაინც შეიძლება იყოს რამდენიმე მარტივი მოქმედების ნაზავი, რომელსაც ამჟამად არ ვიყენებთ.