fbpx

,,ტელევიზორის ყურება 13 წლის ასაკში შევწყვიტე’’ – Paul Graham

პოლ გრეემი ტელევიზორი

,,ტელევიზორის ყურება 13 წლის ასაკში შევწყვიტე’’ – Paul Graham

პანდემიის პირობებში ეკრანებთან, მათ შორის ტელევიზორთან, უფრო მეტ დროს ვატარებთ. თუმცა, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ასეთ ადამიანებს შორის Y Combinator-ის დამფუძნებელი პოლ გრეემი არ შედის. მან ტელევიზორის სისტემატური ყურება 13 წლის ასაკში შეწყვიტა.ეს ინფორმაცია ანტრეპრენერმა თავის ერთ-ერთ ბლოგპოსტში გაგვაცნო და საზოგადოების დიდი ინტერესიც გამოიწვია.

 

„პატარა ბავშვების უმეტესობის მსგავსად, ახალი რაღაცების სწავლის ან გაკეთების შემდეგ წარმატების განცდა ყოველთვის მსიამოვნებდა. შედარებით მოზრდილობაში, თუ რაიმეს ვერ ვაღწევდი, უკვე ზიზღის გრძნობა მეუფლებოდა. ერთ-ერთი ზუსტად დათარიღებული მოვლენა ჩემს ცხოვრებაში არის ტელევიზორის ყურების შეწყვეტა 13 წლის ასაკში. რამდენიმე ადამიანი, ვისთანაც მისაუბრია, სწორედ ამ ასაკში მოეკიდა მუშაობას სერიოზულად. ალბათ, მოზარდობაში რაღაც იცვლება ჩვენში.’’,წერდა პოლ გრეემი.

ცხადია, ციტატას სოციალურ ქსელში მკითხველთა გამოხმაურებაც მოჰყვა – ადამიანებს ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი აინტერესებდათ. ამასთანავე ის, თუ კონკრეტულად რას გულისხმობდა ავტორი – ,,ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ 13 წლის შემდეგ ტელევიზორისთვის არასდროს გიყურებიათ?’’, – კითხულობდა ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი.

ინვესტორმა შეკითხვაზე პასუხის გაცემა არ დააყოვნა და ყველაფერი ნათელი გახადა – ,,ჩემი ოჯახი ტელევიზორს ყოველ საღამოს – ვახშმის დასრულების, დავალებების დაწერის შემდეგ და დაძინებამდე – განსაზღვრული საათების განმავლობაში უყურებდა. ეს ძალიან ნორმალური ქცევა იყო ჩვენთვის მაშინ. აი, სწორედ ამის კეთება შევწყვიტე. თუმცა, ზოგჯერ, ჩემთვის საინტერესო საკითხებზე კონკრეტულ დოკუმენტურ ფილმებს ვუყურებდი, მაგალითად Connections-ს’’.

და მაინც, რატომ გადაწყვიტა ანტრეპრენერმა ტელევიზორის სისტემატურად ყურების შეწყვეტა? ალბათ, ამ შეკითხვაზე პასუხს მისსავე სტატიაში ვიპოვით.

დარწმუნებული ვერ ვიქნები, რომ მუყაითი შრომით რაიმეს მივაღწევ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შრომის გარეშე ვერაფერს მივაღწევ, – პოლ გრეემი.

რას წერს პოლ გრეემი

,,ახლა ვიცი, რომ თუ დიდი საქმეების გაკეთება გინდა, ძალიან ბევრი უნდა იშრომო. თუმცა, ბავშვობაში ამაში დარწმუნებული არ ვიყავი. მაშინ ისე ჩანდა, თითქოს იმ პერიოდში ცნობილი ზრდასრული ადამიანები თავიანთ საქმეს თითქმის ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე აკეთებდნენ. ვითომ, არსებობდა რაიმე გზა მუყაითი შრომის თავიდან ასაცილებლად?’’, – წერს გრეემი და დასმულ კითხვას თავადვე პასუხობს – არა. ის ადამიანები ამ ყველაფერს მრავალწლიანი პრაქტიკის დამსახურებით ახერხებდნენ და ამიტომ ჩანდა მათი ყურებისას ყველაფერი მარტივი.

შესაძლოა, ამ ადამიანებს თანდაყოლილი უნარები ჰქონდათ, თუმცა, პოლ გრეემის აზრით, მნიშვნელოვან მიღწევებამდე მისასვლელად სამი ინგრედიენტია საჭირო: უნარი, პრაქტიკა და ძალისხმევა.

,,მაგალითად, თავის ეპოქაში ბილ გეითსი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი იყო ბიზნესმიმართულებით, მაგრამ ის შრომისმოყვარეც იყო. მსგავსია ლიონელ მესის შემთხვევაც – მას ჰქონდა ნიჭი, თუმცა, ფეხბურთელზე საუბრისას, მწვრთნელები მის თავდადებასა და გამარჯვების სურვილზე ამახვილებენ ყურადღებას.’’, – აღნიშნავს გრეემი.

წაკითხვისას, ალბათ მარტივად ჟღერს, თუმცა ხშირად ვერ ვიაზრებთ, თუ რამდენად იშვიათია სამივე ან თუნდაც ორი ,,ინგრედიენტის’’ ერთად ფლობა.

,,ადამიანების უმეტესობას, რომელთაც ცხოვრებაში შეხვდებით, თუ ერთი რომელიმე დიდი დოზით აქვთ, მეორე ნაკლები რაოდენობით ექნებათ. აი, თუ გამორჩეულობა გსურთ, მაშინ ორივეს უნდა ფლობდეთ.’’, – განმარტავს გრეემი.

მართალია, თანდაყოლილ ნიჭს (ან უნიჭობას) ვეღარაფერს მოვუხერხებთ, თუმცა, მაქსიმალურად ბევრი ენერგიის მუყაით შრომაზე გადატანით, წარმატების მიღწევა მაინც შეგვიძლია. აღნიშნული მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა პოლ გრეემი გარკვეულ ტექნიკას გვიზიარებს – ,,უნდა ისწავლო, რომ შენსავე თავს არ მოატყუო; პროკრასტინაციას არ უნდა მიმართო (რაც თავის მოტყუების ერთ-ერთ- ფორმაა); ყურადღება არ უნდა გაგეფანტოს და არ უნდა დანებდე, როდესაც მოვლენები ცუდად ვითარდება’’.

სასარგებლო და საზიანო პროკრასტინაცია

პროკრასტინაცია პოლ გრეემი

თუ ამ დრომდე წაგიკითხავს სტატიები, თუ რა არის პროკრასტინაცია, უმეტეს მათგანში მისგან ,,განკურნებაზე’’ საუბარს შეხვდებოდი. პირდაპირები რომ ვიყოთ, ეს შეუძლებელია. თუმცა, აუცილებელია კი მასთან ბრძოლა? იქნებ საქმის გადადება სხვა სამუშაოთი დასაკავებლად ყოველთვის ცუდი არ არის?

ანტრეპრენერი აღნიშნავს, რომ მიზნების მისაღწევად მუშაობა ბავშვობიდანვე ისწავლა. მისი თქმით, ამის ყველაზე საბაზისო დონე იმ შეგრძნების გამომუშავებაა, რომ ვინმეს მითითების გარეშე იმუშაო. ალბათ, სწორედ უკანასკნელსა და ზემოთ ნახსენები ტექნიკების შეჯერებას უკავშირდება გრეემის გადაწყვეტილება, რომ 13 წლის ასაკში ტელევიზორის სისტემატურად ყურება შეეწყვიტა.

შეფასება

აღნიშნულთან დაკავშირებით ფსიქოლოგი მერი კარაპეტიან ალვორთი ამბობს, რომ ,,მუყაითი შრომა, ძალისხმევა და შეუპოვრობა წინსვლისა და ჩვენი მიზნების მისაღწევად საჭირო გასაღებებია. თუ გარკვეული აქტივობების შეწყვეტა პრიორიტეტების განსაზღვრაში გეხმარებათ, მაშინ ამით პროდუქტიულობის გაუმჯობესებაა შესაძლებელი. თუმცა, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ბალანსის დაცვა გადამწყვეტია. ის გამძლეობის გამომუშავებასა და ცხოვრებისეული გამოწვევების გადალახვაში გვეხმარება’’.

მართლაც, ამას თავად გრეემიც აღნიშნავს, რომ მიზნისკენ წინსვლისთვის შინაგანი ლტოლვის გამომუშავება მუდმივ შრომას არ გულისხმობს.

,,არსებობს წერტილი, რომლის მიღმაც შრომის შედეგის ხარისხი კლებას იწყებს. ეს ზღვარი სამუშაოს ტიპისა და პიროვნების მიხედვით განსხვავდება. სხვადასხვა სახის სამუშაო შემისრულებია და ყოველი მათგანის შემთხვევაში ეს ლიმიტი განსხვავებული იყო’’, – განმარტავს იგი.

საბოლოო ჯამში, მიზნის მიღწევისთვის საუკეთესო სტრატეგია მაინც ადამიანის თვისებებსა და შესაძლებლობებამდე დადის. თუნდაც პოლ გრეემის მსგავსი წარმატების მიღწევა ბევრს სურს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ის ხერხები, რომლებიც მისთვის შედეგიანი აღმოჩნდა, შესაძლოა, თქვენთვის უშედეგო იყოს. ამიტომ, სულაც არ არის აუცილებელი, რომ ,,დიდი საქმეების’’ საკეთებლად ზუსტად გრეემივით იმოქმედოთ.

რუბრიკის წარმდგენია
Alte

Share this post