რა ახალ შესაძლებლობებს უხსნის Payze-ს ახალი აპლიკაცია მომხმარებლებს?
ცოტა ხნის წინ ბაზარზე Payze-ს ახალი აპლიკაცია გაჩნდა. საკმაოდ წარმატებული ფინტექ სტარტაპის ეს სიახლე მისსავე მომხმარებლებს მრავალ ახალ შესაძლებლობას უქმნის და უმარტივებს ისეთ პროცესებს, როგორებიცაა: ტრანზაქციების კონტროლი, ფულის გატანა საკუთარი კომპანიების ბანკის ანგარიშებზე და ა.შ
უფრო ვრცლად Payze-ს ახალი აპლიკაციის შესახებ კომპანიის ბიზნესგანვითარების უფროსი, ირაკლი კიკორია გაგვესაუბრა:
– რამდენი ხანი მუშაობდით აპლიკაციაზე და რა დეტალები გაითვალისწინეთ მასზე მუშაობისას?
6 თვეა, რაც აპლიკაციაზე ვმუშაობთ. თავდაპირველად ჩავატარეთ კვლევა, რომელზე დაყრდნობითაც მივედით დასკვნამდე, რომ ჩვენს სამიზნე ბაზრებზე, სრულყოფილი მერჩანტის აპლიკაციის არსებობა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მომხმარებელთა კმაყოფილების ამაღლებაზე. შესაბამისად, ჩვენს არსებულ მერჩანტებთან აქტიურად დავიწყეთ ინტერვიუებისა და UX კვლევების ჩატარება და შედეგად მივიღეთ აპლიკაციის პირველი MVP პროტოტიპი. ბეტა ტესტირების შედეგად დავხვეწეთ აპლიკაცია და შემდეგ დეველოპმენტში ჩავუშვით. აპლიკაციაზე მუშაობისას მთავარი კონცენტრაცია გამახვილებული იყო სიმარტივესა და სიზუსტეზე, რადგან მიზნად ისეთი აპლიკაციის შექმნა გვქონდა, სადაც ჩვენი მომხმარებელი სმარტფონიდან მარტივად შეამოწმებდა თავისი ბიზნესის შემოსავალებს, 100%-იანი სიზუსტით შეასრულებდა ფინანსურ ოპერაციებს და დატკბებოდა თავისი შრომისგან მიღებული ბალანსით.
– ახლა, როცა უკვე არსებობს აპი, როგორ ფიქრობთ, რა ახალ შესაძლებლობებს აძლევს ფეიზის მომხმარებლებს ის და რა პროცესებს უმარტივებს მათ?
ფეიზის აპი ჩვენს კლიენტებს საშუალებას აძლევს, ტელეფონიდან დეტალებში აკონტროლონ თავიანთი პლატფორმების ტრანზაქციები, გაიტანონ ელ.კომერციისგან მიღებული შემოსავლის თანხები საკუთარი კომპანიების ბანკის ანგარიშებზე, შექმნან ონლაინ კატალოგი, დააგენერირონ გადახდის QR კოდები, ერთჯერადი და მრავლაჯერადი ლინკები. ამ ყველაფრის აპლიკაციიდან შესრულება კომპანიებს საოპერაციო და ფინანსურ საქმიანობებს უმარტივებს.