fbpx

Payze – პირველი ქართული სტარტაპი Y Combinator-ში

Payze

Payze – პირველი ქართული სტარტაპი Y Combinator-ში

,,დღეს დილით დაგვირეკეს და შეგვატყობინეს, რომ Y Combinator-ში მიგვიღეს. ეს ჩვენი გუნდისა და წამოწყების ისეთი მიღწევაა, რომელმაც გაგვიასმაგა თავდაჯერებულობა და მონდომება, რითიც უნდა გავნაგრძოთ ყველაფრის კეთება’’, – აი, ასეთი სიახლით დაგვიბრუნდნენ კახა გელაშვილი და გეგა. ამრიგად, Payze გახდა პირველი ქართული სტარტაპი, რომელიც YC-ის სტარტაპ აქსელერაციის პროგრამაში ჩაერთო.

რატომ YC? ამ კითხვაზე თანადამფუძნებლები ერთხმად გვპასუხობენ – ,,ის მსოფლიოში N1 აქსელერატორია და ვფიქრობთ, არ არსებობს ისეთი სტარტაპი, რომელსაც ასეთი პრესტიჟული ბეჯის ქონა არ სურს’’.

მართლაც, Y Combinator-ის რიგებს მიეკუთვნება Dropbox, Airbnb, Stripe, Instacart, Reddit, Coinbase, DoorDash და სხვა ბევრი მრავალმილიარდიანი კომპანია, რომელთა საერთო ღირებულება დღეისთვის $300 მილიარდს აღემატება. ,,აი, როდესაც ოპერირების პირველ წელს უკვე ეს ბეჯი გერტყმევა, მერე ყველა კარი იღება შენთვის’’, – აღნიშნავს კახა.

YC-ში მოხვედრის პროცესი და კრიტერიუმები

,,მოდი, ბარემ ისტორიასაც მოვყვები. ჩვენ აპლიკაცია შარშანაც გავგზავნეთ, თუმცა მაშინ პროდუქტი ბაზარზე ჩაშვებული არ გვქონდა. ამის მიუხედევად, ინტერვიუს ეტაპამდე მაინც მივედით, მაგრამ გვითხრეს, რომ დაგვაკვირდებოდნენ და თუ პროგრესი გვექნებოდა, შემდეგ წელსაც გვეცადა’’, – იხსენებს გეგა და აღნიშნავს, რომ პირველ უარზე ისინი არასდროს ნებდებიან და გაუმჯობესებული შედეგებით აუცილებლად ბრუნდებიან ხოლმე უკან. ამჯერადაც ასე მოიქცნენ და მცდელობამ გაამართლა კიდეც.

აქსელერატორში მოხვედრისთვის მნიშვნელოვან კრიტერიუმებზეც ვისაუბრეთ – ,,ერთერთი მთავარი კრიტერიუმი ალბათ სწრაფი ზრდის ჩვენებაა. ჩვენ კი, მათთან ბოლო შეხვედრის შემდეგ განვლილი 6-7 თვის განმავლობაში ძალიან გავიზარდეთ. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი გუნდს ეხება – აინტერესებდათ, რამდენად შეხმატკბილებულად მუშაობენ დამფუძნებლები და რა გაუკეთებიათ მათ. მესამე, რაც ყველაზე მნიშვნელოვნად შეიძლება მივიჩნიოთ, მასშტაბირების გეგმაა – ანუ რამდენად სწრაფად შეგვეძლო ზრდა; რამდენად დიდია ბაზარი, რომელსაც ვუმიზნებთ; რამდენად რეალისტურია ჩვენი სურვილი და ასევე, რა გეგმა გვაქვს მის მისაღწევად’’, – აღნიშნავს გეგა და კახა კი ამატებს, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ყველაფერში მათი დარწმუნება იყო – ,,უნდა დაგვემტკიცებინა, რომ ის რასაც ვაკეთებთ და საქართველოში ოპერირებით რა მოდელიც შევიმუშავეთ,  CEEC (Central and Eastern European Countries)-ის მასშტაბით ნებისმიერ ქვეყანაში პირდაპირ გადატანადია. რაც მთავარია, ძალიან სწორად დავანახეთ ჩვენი ხედვა, რომ მთელ მსოფლიოში გაფართოება არ გვაქვს გეგმაში. ჩვენ კონკრეტული სამიზნე ჯგუფი გვყავს და კონკრეტული საოპერაციო ბაზარი გვაქვს, რომელშიც ნამდვილად არსებობს პროდუქტის საჭიროება’’.

უცხოური კომპანიები ქართულ ბაზარსა და სტარტაპებზე მწირ ინფორმაციას ფლობენ. შესაბამისად, YC-ის ამ ყველაფერში დარწმუნება მარტივი არ ყოფილა – ,,განსაკუთრებულად შეგვამოწმეს. ზოგადად, ამერიკული კომპანიისთვის ძალიან რთულია აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სტაბილურობისა და განვითარების დანახვა. რეგიონს კარგად არ იცნობდნენ და ბევრი რამ აინტერესებდათ – ვინ ვიყავით, საიდან, რა ბაზარს ვუმიზნებდით და ა.შ.’’. Due diligence-ის ეტაპიც უფრო დეტალური აღმოჩნდა, ვიდრე სხვა შემთხვევებში. პირველი მთავარი კითხვები კი Payze-მ ლიცენზირების საკითხზე მიიღო – ,,აინტერესებდათ, რამდენად შევძლებდით მათ მოპოვებას, რადგანაც საქმიანობა, რომელსაც ვეწევით, მხოლოდ ფინანსებსა და მცირე დროზე დამოკიდებული არ არის. ამ სფეროში მრავალი რეგულაციის დაკმაყოფილება გიწევს. შესაბამისად, რეგიონში არსებულ პოლიტიკურ ფონზეც კი გვკითხეს’’.

რთული და მნიშვნელოვანი ინტერვიუსთვის სპეციალურადაც ემზადებოდნენ და ამ პროცესში მათ ერთი ფონდი შეუერთდა. გაიარეს არაერთი ტრენინგი, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი ყოველდღე YC mock interview-ს ატარებდნენ.

,,როდესაც ჩვენი ურთიერთობა ნახეს, გვითხრეს, რომ კარგი სინერგია გვაქვს და ინტერვიუს დროს ერთ კამერასთან დავმსხდარიყავით’’, – აღნიშნავს გეგა და კახა ამატებს – ,,ჩვენს კომპანიაზე საუბრისას საკითხების გადანაწილება ბუნებრივად გამოგვდის ხოლმე. შესაბამისად, უხერხული სიჩუმეები ამ დროს არ წარმოქმნილა’’. გეგა კვლავ გვერთვება საუბარში – ,,ეს იმდენად ორგანულად გამოგვივიდა, რომ YC-ში ამ საკითხზე კითხვა არც მიგვიღია’’, აზრს კი კახა ასრულებს – ,,შესაბამისად, უფრო სხვა საკითხებში ჩაგვეძიენ. მაგალითად, ვინ არის ჩვენი მომხმარებელი, როგორ ვაკეთებთ საქმეს, რას ვაკეთებთ და ა.შ.’’.

მოლოდინი ინვესტორებზე

,,პირველ რიგში, ერთ რჩევას მივცემ სტარტაპერებს – არასოდეს მოიზიდოთ თანხა უბრალოდ იმიტომ, რომ ფინანსები მოიპოვოთ. ის ყოველთვის კონკრეტულ საქმიანობას უნდა ემსახურებოდეს’’, – აღნიშნავს კახა. მისი თქმით, Payze-სთვის ეს ამოცანა უკვე ცნობილია და გუნდი შეფასების ეტაპზეა – ცდილობენ, დაადგინონ მათი გეგმების შესრულება რა დაჯდება, რათა შემდეგ მაქსიმალურად ეცადონ მის მოპოვებას.

,,YC უკვე არჩევანის ქონის შესაძლებლობას გვაძლევს. ანუ, ვფიქრობთ არა მხოლოდ იმაზე, რომ თანხა მოვიზიდოთ, არამედ იმაზეც, თუ ვისგან მოვიპოვოთ ის. ჩვენთვის ახლა მთავარი სწორი ადამიანების შერჩევაა. გვინდა, რომ არსებული სამუშაო გარემო და მუხტი შევინარჩუნოთ’’, – ამბობს გეგა და კახაც გვერთვება – ,,ფანდრაიზინგის პროცესს პირველივე დღეებიდან ამ მიმართულებით უყურებდა გეგა. ეს პირველი Angel ინვესტორით დაიწყო, შემდეგ კი პირველი Pre-Seed round-ის ინვესტორით გაგრძელდა. მათ თანხაზე მეტად მნიშვნელოვანი ღირებულებები მოუტანეს ჩვენს კომპანიას და მათი დამსახურებაა, რომ YC-ში მოვხვდით. რა თქმა უნდა, ფინანსები მნიშვნელოვანია, თუმცა გვინდა, შემდეგი რაუნდიდანაც იმავე წონის სარგებელი მივიღოთ იმ გუნდისგან, რომლისგანაც ამ სახსრებს ავიღებთ’’.

სიახლეები გუნდში

Payze ჯერ მზარდი და პატარა კომპანიაა, ამიტომ გუნდის ახალი წევრების დამატების საკითხს ბევრი ფიქრის შემდეგ წყვეტენ – ,,ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ადამიანი ავიყვანოთ, გავტესტოთ და უკან გავუშვათ. ამიტომ, საკმაოდ ფრთხილად და ნელა ვიმატებთ თანამშრომლებს. ასეთ საწყის ეტაპზე გეგმა ბ არ არსებობს, ამიტომ გუნდის ყველა წევრი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საქმიანობას. არ გვინდა, რომ ამ ეტაპზე შეცდომები დავუშვათ და ჯერჯერობით ძალიან გვიმართლებს’’.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post