fbpx

ცხოვრება ხანმოკლეა – Paul Graham

ცხოვრება ხანმოკლეა – Paul Graham

ყველასთვის ცნობილია, რომ ცხოვრება ხანმოკლეა. ბავშვობაში ხშირად ვფიქრობდი ამ საკითხზე – ის რეალურად ხანმოკლეა თუ უბრალოდ მის სასრულობაზე ვწუწუნებთ? 10-ჯერ უფრო დიდხანს რომ გვეცოცხლა, მაშინაც ასე ვიფიქრებდით? მაშინ ამ კითხვას პასუხს ვერ ვცემდი, ამიტომ ფიქრიც შევწყვიტე. დრო გავიდა, შვილები მეყოლა და საბოლოო პასუხიც აღმოვაჩინე – ცხოვრება მართლაც ხანმოკლეა.

ბავშვების ყოლამ მასწავლა, თუ როგორ უნდა დამეკონვერტირებინა უწყვეტი და მუდმივი სიდიდე – დრო –  დისკრეტულ სიდიდეებში. აი, მაგალითად, 2 წლის შვილთან დროის გასატარებლად ჯამში 52 შაბათ-კვირა გაქვს. თუ მისთვის შობა, როგორც ჯადოსნური დღესასწაული,  3-დან 10 წლამდე გაგრძელდება, მხოლოდ 8-ჯერ გექნება იმის ნახვის საშუალება, თუ როგორ გამოცდის შენი შვილი ამას. მართალია, დროის მსგავსი განგრძობადი სიდიდის მიმართ შეუძლებელია იმის თქმა, რა არის ბევრი ან ცოტა, თუმცა ცალკე აღებული 8 ნამდვილად არაა ბევრი. მაგალითად, მუჭაში 8 მიწისთხილი ან თაროზე 8 წიგნი რომ გქონოდა, მიუხედავად შენი სიცოცხლის ხანგრძლივობისა, მათი რაოდენობა შეზღუდულად მოგეჩვენებოდა.

კარგი, გავიგეთ, რომ ცხოვრება მართლაც ხანმოკლეა. თუმცა, რაიმე მნიშვნელობა აქვს ამის ცოდნას?

აი, ჩემთვის აქვს. ეს ნიშნავს, რომ არგუმენტების კატეგორიას – ,,სიცოცხლე ძალიან მოკლეა X-ისთვის” – ზემოქმედების დიდი შესაძლებლობა აქვს. ანუ, უბრალოდ სიტყვის მასალად კი არ ვამბობთ იმას, რომ ცხოვრება რაღაცისთვის ძალიან ხანმოკლეა, ის კონკრეტული რაიმე უნდა აღმოვფხვრათ კიდეც.

როდესაც საკუთარ თავს ვეკითხები – რისთვისაა სიცოცხლე ძალიან ხანმოკლე – პირველივე სიტყვა, რომელიც მახსენდება არის სისულელე, აბსურდი. იმასაც ვიაზრებ, რომ ჩემი პასუხი გარკვეულწილად ტავტოლოგიურია. ფაქტობრივად, სისულელის განმარტებაც ასეთივეა – ის, რისთვისაც ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა.  ამაში შეიძლება ვიგულისხმოთ არასაჭირო შეხვედრები; უაზრო დავები; ბიუროკრატია; პოზირება; სხვა ადამიანების შეცდომებთან გამკლავება; საცობები; ასევე, დამოკიდებულების გამომწვევი, მაგრამ უსარგებლო გართობა. ასეთი რაღაცები შენს ცხოვრებაში ორი გზით შემოდის – ან იძულებული ხდები, ან ტყუვდები. კი, გარკვეული გარემოებებით იძულებულ სისულელეებს ასე თუ ისე უნდა შეეგუო. მაგალითად, ფული უნდა გამოიმუშავო, რაც უმეტესწილად დავალებული ამოცანებისგან შედგება. თუმცა, დრო, რომლის დახარჯვაც სისულელეებზე გიწევს, დამსაქმებლების მიხედვით განსხვავდება.  მაგალითად, დიდი ორგანიზაციების უმეტესობა (და ბევრი მცირე ორგანიზაცია) ამაშია ჩაფლული. თუმცა, თუ სისულელეების თავიდან აცილებას უფრო დიდ უპირატესობას მიანიჭებ, ვიდრე ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა ფული და პრესტიჟი, ალბათ, ისეთ დამქირავებლებსაც იპოვი, რომლებიც ნაკლებ დროს დაგაკარგვინებენ. აი, თუ ფრილანსერი ხარ, ან მცირე კომპანიას წარმოადგენ, ამის გაკეთებას ინდივიდუალური მომხმარებლების დონეზე შეძლებ. ანუ, თუ ტოქსიკურ ადამიანებს სამსახურიდან გაათავისუფლებ ან ასეთივე ტიპის მომხმარებლებს თავიდან აიცილებ, შენს ცხოვრებაში არსებულ აბსურდულ რაღაცებს იმაზე უფრო მეტად შეაცირებ, ვიდრე შემოსავალი შეგიმცირდება ამ ქმედებით.

მართალია, რაღაც რაოდენობის სისულელეს გარდაუვლად და იძულებით უნდა გაუმკლავდე, თუმცა, ის აბსურდული რაღაცები, რომლებიც შენს ცხოვრებაში ,,შეცდენით’’ შემოდის, მხოლოდ შენი ბრალია. ამასთან, უკანასკნელის აღმოფხვრა შეიძლება ბევრად რთულიც იყოს. ის, რაც დროის დაკარგვისკენ გიბიძგებს, შეიძლება ითქვას, ,,გაწვრთნილია’’ შენს მოტყუებაში. ამის მაგალითი, რომელიც ბევრისთვის ნაცნობი იქნება, ინტერნეტში კამათია. როდესაც ვინმე გეწინააღმდეგება, ის გარკვეული გაგებით თავს გესხმის. თავდასხმისას კი შენი ინსტინქტი თავდაცვაა. თუმცა, ადამიანებში არსებული სხვა მრავალი ინსტინქტის მსგავსად, უკანასკნელიც არ შექმნილა იმ სამყაროსთვის, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ.  პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ უმეტესწილად სჯობს, რომ თავი არ დაიცვა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი თავდამსხმელები პირდაპირი გაგებით, ცხოვრებას გართმევენ. ონლაინსივრცეში  კამათი მხოლოდ შემთხვევითად იწვევს დამოკიდებულებას და მასზე უფრო საშიში რაღაცებიც არსებობს – ტექნიკური პროგრესის ერთერთი შუალედური პროდუქტი ისაა, რომ ჩვენ რაც მოგვწონს, ის უფრო მეტად იწვევს დამოკიდებულებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სულ უფრო და უფრო მეტი ცნობიერი ძალისხმევა მოგვიწევს დამოკიდებულებების თავიდან ასაცილებლად. კარგი იქნებოდა საკუთარი თავებისთვის გვეკითხა – ,,ასე მინდა ჩემი დროის გატარება?’’.

სისულელეების თავიდან აცილების გარდა, აქტიურად უნდა ვეძებოთ მნიშვნელოვანი რაღაცები. აქ საგულისხმოა ისიც, რომ სხვადასხვა ადამიანისთვის განსხვავებული რაღაცებია მნიშვნელოვანი და უმეტესობამ უნდა ისწავლოს ის, რაც მათთვისაა მნიშვნელოვანი. თუმცა, მხოლოდ ზოგიერთია იღბლიანი და მალევე ხვდება, რომ მათემატიკა, ცხოველებზე ზრუნვა ან წერა უყვარს, შემდეგ კი ბევრ დროს უთმობენ ამ საქმიანობას.  ადამიანების უმეტესობის ცხოვრება კი თავიდან მათთვის მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო რაღაცების ნაზავია, რომელიც თანდათანობით, ინდივიდის ჩამოყალიბებასთან ერთად იფილტრება. ამ საკითხზე დაბნეულობას (განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებისთვის) ხშირად ის ხელოვნური სიტუაციები იწვევს, რომლებშიც ადამიანები აღმოჩნდებიან ხოლმე. მაგალითად, სკოლაში სწავლის პერიოდში, ის, რასაც სხვა ბავშვები შენზე ფიქრობენ, ყველაზე მნიშვნელოვნად მიგაჩნია. თუმცა, როგორც კი უფროსებს ამ ასაკში დაშვებულ შეცდომაზე დაუსვან კითხვას, თითქმის ყველას პასუხი ის იქნება, თუ როგორ დიდ ყურადღებას აქცევდა გარშემომყოფების აზრებს.

მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო რაღაცების ერთმანეთისგან გამოსარჩევად ერთერთი ხერხი საკუთარი თავისთვის იმის კითხვაა, დაგაინტერესებს თუ არა ესა თუ ის საკითხი მომავალში. ზოგიერთი აბსურდული რამ უბრალოდ მოტყუებით გაჩვენებს თავს, რომ მნიშვნელოვანია. ისიც აღსანიშნია, რომ მნიშვნელოვანი რაღაცები აუცილებლად ის არაა, რასაც ასე ხალხი უწოდებს. მაგალითად, მეგობართან ყავის დალევა მნიშვნელოვანია და მოგვიანებით არ იფიქრებ, რომ ეს დროის ფუჭად ხარჯვა იყო.

პატარა შვილების ყოლის ერთერთი დადებითი ფაქტი ისაა, რომ ისინი გაიძულებენ, მნიშვნელოვან საკითხებს დაუთმო დრო – ტელეფონში ჩაჩერებულს ხელს გკიდებენ და გეკითხებიან – ,,ითამაშებ ჩემთან ერთად?’’, რაც, დიდი ალბათობით, სისულელეებზე დროის დახარჯვის თავიდან აცილების კარგი ვარიანტია.

ყველამ ვიცით, რომ ცხოვრება ხანმოკლეა, მაგრამ ეს ფაქტი მუდამ გვაკვირვებს ხოლმე. რაღაცებს/ვიღაცებს სათანადოდ არ ვაფასებთ და შემდეგ ისინი ხელიდან გვეცლებიან. ვფიქრობთ, რომ წიგნის დაწერას, მთაზე ასვლას ან სხვა ნებისმიერი რამის გაკეთებას ყოველთვის მოვახერხებთ, თუმცა, შესაძლებლობები მალევე ქრება. დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ სულ ვნატრობდი, რომ მასთან უფრო მეტი დრო გამეტარებინა. ისე ვცხოვრობდი, თითქოს მუდამ ჩემთან იქნებოდა, მაგრამ ეს ილუზია იყო. ვფიქრობ, მსგავს შეცდომას ბევრი ადამიანი უშვებს.

ზოგადად, რაიმეზე გაკვირვების თავიდან აცილების საუკეთესო გზა, სავარაუდო შედეგების შეგნებულად გაცნობიერებაა. მაგალითად, მაშინ, როდესაც სიცოცხლე  უფრო სახიფათო იყო, ადამიანებს სიკვდილის გარდაუვალობა დღევანდელი გადმოსახედიდან არაჯანსაღ დონეზე ჰქონდათ გააზრებული. რატომღაც არასწორად მეჩვენება საკუთარი თავისთვის იმის შეხსენება, რომ ყველას სიკვდილი უწერია და ვფიქრობ, გამოსავალი პრობლემისთვის მეორე მხრიდან შეხედვაა. ანუ, მოუთმენლობის ჩვევის გამომუშავება იმის მიმართ, რისი გაკეთებაც ყველაზე მეტად გსურს. წიგნის დასაწერად, მთაზე ასასვლელად, დედის მოსანახულებლად რაიმე  კონკრეტულ ბიძგს არ დაელოდო.

როდესაც ადამიანი რაიმეს დეფიციტს განიცდის ის 1) ცდილობს, ამ რაღაცის მეტი რაოდენობა მიიღოს და 2) ბოლომდე დატკბეს იმით, რაც გააჩნია. რა თქმა უნდა, ორივე ქცევა ლოგიკურია.

ადვილია, საშუალება მისცე დღეებს უქმად, სწრაფად, ერთგვარი ნაკადივით გავიდეს. თუმცა, თუ დროს დიდ ყურადღებას მიაქცევ, უფრო მეტს მიიღებ ცხოვრებისგან. ულმობელად გააანალიზე/გაფილტრე სისულელეები და აბსურდული საკითხები; მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად რაიმეს ნუ დაელოდები და ისიამოვნე შენს ხელთ არსებული დროით. სწორედ ესაა ის, რასაც მაშინ აკეთებ, როდესაც ცხოვრება ხანმოკლეა.

რუბრიკის წარმდგენია
Alte

Share this post