მთავარი იდეა თქვენს გონებაში – Paul Graham
როგორც Y combinator-ის თანადამფუძნებელი პოლ გრეემი გვეუბნება, დილით შხაპის ქვეშ ყოფნისას არსებული ფიქრები იმაზე მნიშვნელოვანია ვიდრე ოდესმე წარმოგვედგინა. ყველამ ვიცით, რომ ეს კარგი დროა ახალი იდეების გაჩენისთვის, მაგრამ მეტსაც გეტყვით – ნებისმიერი საქმის კარგად შესრულება რთულდება თუ მასზე სწორედ შხაპის მიღებისას არ ვფიქრობთ.
ნებისმიერი ადამიანი, ვისაც რთულ საკითხზე უმუშავია, კარგად იცნობს ამ ფენომენს: როდესაც მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობ, მაგრამ ვერ აგნებ გამოსავალს და მცირე დროის შემდეგ პოულობ პასუხს სრულიად სხვა საქმის კეთებისას. ეს ფიქრის ის ტიპია, რომელიც უნებლიედ მიმდინარეობს და ხშირად კომპლექსური პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია. თუმცა, მისი კონტროლი მხოლოდ არაპირდაპირი გზით შეგვიძლია.
სავარაუდოდ, დროის ერთ მონაკვეთში ნებისმიერი ადამიანის გონებაში არის მხოლოდ ერთი მთავარი იდეა. სწორედ ამ იდეაზე გრძელდება უნებლიე ფიქრი, როცა გონებას თავისუფლად ფიქრის საშუალებას მივცემთ. შედეგად აღნიშნული იდეა მიიღებს ყველანაირ სარგებელს, რაც ამ ტიპის ფიქრს მოაქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ ცუდ პოზიციაში აღმოვჩნდებით თუ არასწორ იდეას მივცემთ საშუალებას გახდეს მთავარი ჩვენ გონებაში.
თუ დავაკვირდებით, როგორია სტარტაპების მოქმედება დაფინანსების ძიების პროცესში, აღმოვაჩენთ, რომ უმრავლესობაში საქმის შესრულების ეფექტიანობა ეცემა. ამის მიზეზი ინვესტორებთან შეხვედრებში დახარჯული დრო არ არის. ეს იმიტომ ხდება, რომ სტარტაპერების გონებაში მთავარი იდეა დაფინანსების მიღება ხდება და ზუსტად ამ საკითხისკენაა მიმართული ფიქრები შხაპის მიღებისას. რის გამოც სხვა მნიშვნელოვანი საკითხები ამ ადგილს ვეღარ იკავებენ.
თანხების მოძიება საკმაოდ რთულია და ესე თავისთავადად ვერ მიიღწევა. ამის გამო საჭირო ხდება, რომ ის გახდეს მთავარი იდეა. დაფინანსებას სავარაუდოდ ვერ მიიღებთ თუ ამაზე შხაპის ქვეშაც არ ფიქრობთ. ამასობაში კი, ძალიან მცირე პროგრესს მიაღწევთ ყველაფერ დანარჩენში, რასაც აკეთებთ. თითქმის ყველა სტარტაპს უდგება ეს პრობლემა, როცა ისინი იწყებენ ინვესტიციების მოზიდვას ან პოტენციურ მყიდველებთან მოლაპარაკებას.
სამწუხაროდ არ შეგვიძლია პირდაპირ ვაკონტროლოთ სად დაფრინავენ უნებლიედ ჩვენი ფიქრები. თუ ვაკონტროლებთ, ფიქრის პროცესი უნებლიე აღარ გამოდის. არაპირდაპირი კონტროლი იდეალური გამოსავალია, რაც გულისხმობს გარემოებების მართვას. სიფრთხილით მოეკიდეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც განსაზღვრავენ რა საკითხები იქნება თქვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ეცადეთ ისეთ სიტუაციებში მოხვდეთ, სადაც ყველაზე სასწრაფო საკითხები, ისინია რომლებზე ფიქრიც ისედაც გსურთ.
რა თქმა უნდა ამ პროცესზე სრულ კონტროლს ვერ მოვიპოვებთ. ყოველთვის შეიძლება რამე საგანგებო სიტუაციამ აზრები გაფანტოს ჩვენი გონებიდან. თუმცა, საგანგებო სიტუაციების გარდა, ჩვენი გონების მთავარი იდეის არაპირდაპირი მართვა სრულიად შესაძლებელია.
განსაკუთრებით უნდა მოვერიდოთ ორი სახის ფიქრს: ფიქრს ფულზე და ფიქრს დავებზე. ისინი მხოლოდ ერთი შეხედვით შეიძლება გამოიყურებოდნენ საინტერესოდ, თუმცა ზედმეტად დიდი დროის რესურსს მოითხოვენ და ამის გამო რეალურად მნიშვნელოვანი საკითხებზე ვეღარ ვკონცეტრირდებით.
ნიუტონიც კი გაება ამ მახეში როდესაც 1672 წელს გამოაქვეყნა თეორია ფერების შესახებ. დავები მის ირგვლივ წლები გაგრძელდა, რაც მისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი იყო. საბოლოო ჯამში კი მისთვის გამოსავალი მხოლოდ პუბლიკაციების შეწყვეტა გახდა.
თავად ნიუტონმა ამ მოვლენებზე მომდევნო კომენტარი გააკეთა:
კაცმა ან უნდა გადაწყვიტოს რომ არაფერი გამოაქვეყნოს ან საკუთარი პუბლიკაციის მონა გახდეს მის დასაცავად.
მისი ბიოგრაფი და სხვა თანამედროვეები ამბობდნენ, რომ ნიუტონის შეფასება გაზვიადებული იყო, რადგან ოპონენტს მთელი წლის მანძილზე მან მხოლოდ 5 წერილით უპასუხა, რომლებიც ჯამში 14 გვერდს მოიცავდა. რეალურად, მთავარი პრობლემა ნიუტონისთვის არა ეს 14 გვერდი, არამედ ამ უმისამართო წინააღმდეგობასთან გამკლავების აუცილებლობა იყო, რადგან მის გონებაში მთავარ იდეად სწორედ ეს თემა იქცა.
საკითხის გატარებას და მეორე ლოყის მიშვერას ამ შემთხვევაში ეგოისტური უპირატესობები აქვს. ის ვინც გაზარალებთ რაიმე ფორმით, რეალურად ორმაგ დარტყმას გაყენებთ: პირველი თავად ზარალია, მეორე კი დრო რომელიც ამაზე ფიქრში და პასუხის გაცემაში უნდა დახარჯოთ. თუ ყურადღებას არ მიაქცევთ ასეთ დარტყმებს, მინიმუმ მეორე ასპექტს მაინც აირიდებთ თავიდან. თავად პოლ გრეემი ზემოხსენებული ეგოისტური მიზნით ხშირად ბლოკავს ასეთ ფიქრებს.
სავარაუდოდ, დროის ნებისმიერ მონაკვეთში ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის რომელი იდეაა მათ გონებაში მთავარი. ხშირად თუ ცდებით და ვერ არკვევთ რეალურად რომელი იდეაა ამჟამად მთავარი თქვენს ფიქრებში, გამოსავალი მარტივია – უბრალოდ მიიღეთ შხაპი. რა საკითხს უბრუნდება თქვენი გონება მუდმივად? თუ აღმოაჩენთ, რომ ეს ის არ არის რაზეც გინდათ, რომ ფიქრობდეთ, მაშინ რამე უნდა შეცვალოთ.
Powered by Stepan Parunashvili