პიტერ თილი მეტას დირექტორთა საბჭოს ტოვებს
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 16 წლის შემდეგ Facebook-ის ერთ-ერთი პირველი ინვესტორი, პიტერ თილი კომპანიის საბჭოს ტოვებს. ”ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ ოდესღაც პიტერი საკუთარ დროს სხვა ინტერესებისკენ მიმართავდა,” – განაცხადა მარკ ცუკერბერგმა. New York Times-ის ცნობით, პიტერის ეს ინტერესები მოიცავს ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე „ზემოქმედებას“ და „იმ კანდიდატების მხარდაჭერას, რომლებიც მხარს უჭერენ ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ჯ. ტრამპის დღის წესრიგს“.
პიტერი ჩვენი საბჭოს ღირებული წევრი იყო და მე მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა ჩვენი კომპანიისთვის – დაწყებული ჩვენდამი რწმენით (ჩვენი ხომ თავიდან ცოტას სჯეროდა), დამთავრებული მისი გაკვეთილებით ბიზნესის, ეკონომიკისა და ზოგადად, სამყაროს შესახებ. პიტერი ნამდვილად კარგი მოაზროვნეა, რომელსაც შეუძლია შენი უმძიმესი პრობლემების გულთან მიტანა და უნიკალური რჩევების მოცემა, – ამბობს ცუკერბერგი.
თილი Facebook-ის პირველივე დღიდან ცუკერბერგის მრჩეველი იყო. ის შეუერთდა სოციალური მედიის კომპანიის საბჭოს 2005 წელს, მას შემდეგ, რაც ახალ სოციალურ ქსელში $500,000 ინვესტიცია ჩადო. განცხადებაში მან ცუკერბერგს “ჩვენი დროის ერთ-ერთი დიდი მეწარმე” უწოდა. მილიარდერი ასევე არის Meta-ს საბჭოს წევრი. PayPal-ის თანადაფუძნების შემდეგ, მან შექმნა Palantir Technologies, მონაცემთა მოპოვებისა და ანალიტიკის საიდუმლო კომპანია, რომელიც კონტრაქტებს აფორმებს მრავალ სამთავრობო უწყებასთან. თილის ვენჩურული კაპიტალის ფირმა, Founders Fund, ასევე იყო ინვესტორი Oculus-ის დამფუძნებლის პალმერ ლაქის ვირტუალური სასაზღვრო კედლის სტარტაპში. მან ასევე დააფინანსა მრავალმილიონიანი სასამართლო პროცესი, რომლის შედეგადაც Gawker Media 2016 წელს გაკოტრდა.
ზოგადად კი, პიტერ თილი გამოცდილი მეწარმე, ვენჩურული კაპიტალისტი და პოლიტიკური აქტივისტია, რომელსაც სჯერა, რომ „თავისუფლება და დემოკრატია თავსებადია“. იგი ასევე არის ავტორი ცნობილი წიგნისა “Zero to One”. 2022 წლის იანვრის მდგომარეობით, თილის ქონება 9,13 მილიარდ დოლარს შეადგენს და ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსში 279-ე ადგილი უკავია.
ფეისბუკისა და ცუკერბერგისთვის ყველაზე საკამათო თილის პოლიტიკური ხედვები იყო – იგი ტრამპის ადრეული მხარდამჭერია. კრიტიკოსები დიდი ხანია, ეჭვქვეშ აყენებენ თილის პოზიციას Meta-ს დირექტორთა საბჭოში, ტრამპთან მისი მჭიდრო კავშირების გათვალისწინებით, მაგრამ ცუკერბერგი ყოველთვის იცავდა მას. 2016 წელს ცუკერბერგმა თანამშრომლებს განუცხადა, რომ თილის ფენომენი მეტაში „მრავალფეროვნებისა“ და „სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანების უფლებების დაცვის“ კარგი მაგალითი იყო. თუმცა, ცუკერბერგს კომპანიის სხვა წარმომადგენლები მაინც არ ეთანხმებოდნენ. მაგალითად, Netflix-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და Facebook-ის საბჭოს წევრმა რიდ ჰასტინგსმა, გავრცელებული ინფორმაციით, თილის განუცხადა, რომ მისი მხარდაჭერა ტრამპისადმი კომპანიასაც ცუდ რეპუტაციას უქმნიდა.