სტარტაპს ყოველთვის სჭირდება გეგმა A, B და Z!
მეწარმეების ცხოვრებას ერთი თავისებურება ახლავს თან – ისინი იღებენ უამრავ ურთიერთგამომრიცხავ რჩევას თავიანთი საქმიანობის შესახებ. მაგალითად, იყვნენ მოქნილები და მებრძოლები, მაშინ, როცა ხანდახან საჭიროა, გადაჭარბებულმა მიდგომებმა სერიოზულად ავნონ ბიზნესს. სტარტაპერები ასევე ხშირად იღებენ რჩევებს, მიყვნენ ერთ კონკრეტულ ხედვას, თუმცა, ამავდროულად, სიტუაციის შესაბამისად შეცვალონ ეს ხედვა.
მართალია ეს ურთიერთგამომრიცხავი რჩევები ცოტა დამაბნევლად გამოიყურება, მაგრამ სტარტაპში აუცილებელია მეტ-ნაკლებად სწორედ ამგვარად ურთიერთგამომრიცხავები ვიყოთ. სწორედ ამ ბალანსზე გვესაუბრება ლინკდინის დამფუძნებელი რედ ჰოფმანი თავის წიგნში “The Start-Up For You: Adapt to the Future, Invest in Yourself, and Transform Your Career”. ის გვიზიარებს წარმატების ჩარჩოს – გეგმა A-ს, B-ს და Z-ს, რომლებიც როგორც ცხოვრებაში, ისე ბიზნესშიცაა გამოსადეგი.
გეგმა A
ეს არის თქვენი მიმდინარე გეგმა, თუ როგორ შეგიძლიათ ბაზარზე წარმატება მოიპოვოთ და შექმნათ რაღაც ახალი და განსხვავებული. მაგალითად, Flickr-ის თანადამფუძნებლების, კატერინა ფეიკისა და სტიუარტ ბატერფილდისთვის, თავდაპირველი გეგმა A იყო Game Neverending-ის, მრავალმოთამაშიანი ონლაინ თამაშის შექმნა. იმ დროის უმეტესი თამაშები მხოლოდ რამდენიმე ოპონენტს შორის თამაშის შესაძლებლობას იძლეოდა წინასწარ დადგენილი და შექმნილი სიუჟეტის მიხედვით. ამ ორ ადამიანს კი სურდა, რომ მათ ასობით მომხმარებლისთვის მიეცათ ერთმანეთთან თამაშის შესაძლებლობა და, ამავდროულად, ჰქონოდათ საშუალება, მუდმივად შეექმნათ ახალ-ახალი ნივთები თუ გამოცდილებები თამაშში. შედეგად, მათ შექმნეს სოციალური ფუნქციები, როგორიცაა ჯგუფები, მყისიერი შეტყობინებები და – რაც მთავარია – ფუნქცია, რომელიც საშუალებას აძლევს მოთამაშეებს გაუზიარონ ფოტოები ერთმანეთს.
გეგმა B
გეგმა B ერთგვარად ახალი გეგმაა, რომელიც მაშინ იქმნება, როდესაც ვხვდებით, რომ გეგმა A არ ამართლებს და ახალი ვარიანტი უკეთ გამოიყურება. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ყურს “გეგმა ბ” კარგად არ ხვდება, ხანდახან ეს გეგმა სწორედ ისაა, რაც თქვენს საქმიანობას ყველაზე მეტად ერგება – თქვენ ხომ უკვე მიიღეთ გეგმა ა-დან იმის გამოცდილება, თუ რა არ ამართლებს.
მაგალითად, Flickr-ზე, მოულოდნელად, ფოტოების გაზიარების ფუნქცია უფრო მეტად პოპულარული გახდა, ვიდრე თავად თამაში. კატერინა და სტიუარტი არჩევანის წინაშე დადგნენ: უნდა მიჰყოლოდნენ თავიანთ გეგმა A-ს, თუ დაევიწყებინათ ეს თამაში (და მისი ოცი ათასი მოყვარული მომხმარებელი), რათა ფოკუსირება მოეხდინათ ექსკლუზიურად ფოტოების გაზიარების ფუნქციაზე? ისინი გადავიდნენ გეგმა B-ზე, რადგან ამ საქმეში უფრო მეტი პოტენციალი დაინახეს. ხშირად სწორედ მსგავსი მაგალითები გვიჩვენებს, თუ საით უნდა ავიღოთ გეზი.
გეგმა Z
Plan Z-ს აქვს ორი კრიტიკული ნაწილი. პირველ რიგში, დაადგინეთ, თუ როგორ უნდა განსაზღვროთ ყველაზე უარესი სცენარი. მეორე ნაწილი კი ერთგვარი გეგმაა, რომელიც გიჩვენებთ, თუ რა უნდა გააკეთოთ, თუკი ამ ცუდი სცენარით წავა საქმე. სწორედ ეს სიზუსტე მოგცემთ საშუალებას, დალაგებულად და აუღელვებლად მიხედოთ ყველაზე რთულ მომენტებს თქვენს ბიზნესში.
საბოლოო ჯამში, ABZ ჩარჩო დაგეხმარებათ, მაქსიმალურად გააკონტროლოთ თქვენი საქმიანობა. ეს სამი გეგმა არის ის ფუნდამენტალური რამ, რაც ყველას უნდა გვახსოვდეს – არ აქვს მნიშვნელობა, დამწყები ბიზნესმენი ვართ, გამოცდილ სტარტაპში ვმუშაობთ თუ უფრო დიდ კომპანიაში.