fbpx

მოძულეები – პოლ გრეემი

პოლ გრეემი

მოძულეები – პოლ გრეემი

თუ საკმარისად ცნობილი გახდებით, შეიძენთ თაყვანისმცემლებს, რომლებსაც ძალიან მოსწონხართ. ამ ადამიანებს ხანდახან ფანებსაც უწოდებენ და მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი არ მომწონს, მისი გამოყენება მაინც მომიწევს, რადგანაც ეს პირები განსხვავდებიან მათგან, ვისაც თქვენი ნამუშევარი უბრალოდ მოსწონთ, – ამბობს პოლ გრეემი და სიტყვა ,,ფანის’’ განმარტებას გვთავაზობს – ,,ფანი არის შეპყრობილი და არაკრიტიკული [ადამიანი]. თქვენი მოწონება მათი იდენტობის ნაწილი ხდება. ისინი საკუთარ თავში ქმნიან თქვენს ისეთ სურათს, რომელიც რეალობაზე ბევრად უკეთესია. [ფიქრობენ, რომ] ყველაფერი, რასაც აკეთებთ, კარგია, რადგანაც ამას თქვენ აკეთებთ. თუ რაიმე ცუდს გააკეთებთ, ისინი პოულობენ გზას, რომ ეს დადებითად დაინახონ. როგორც წესი, მათი თქვენდამი სიყვარული ფარული არ არის და უნდათ, ყველამ იცოდეს, რამდენად დიდებული ხართ’’.

 

ცხადია, პოპულარობის მოპოვება თქვენს ცხოვრებაში არა მხოლოდ გულშემატკივრებს, არამედ მოძულეებსაც გამოაჩენს. პოლ გრეემის თქმით, მოძულეები ფანებს ჰგვანან, უბრალოდ ისინი დადებითის ნაცვლად, უარყოფითზე ამახვილებენ ყურადღებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ,,თქვენი ზიზღი მათი იდენტობის ნაწილი ხდება. ისინი საკუთარ თავში ქმნიან თქვენს ისეთ სურათს, რომელიც რეალობაზე ბევრად უარესია. [ფიქრობენ, რომ] ყველაფერი, რასაც აკეთებთ, ცუდია, რადგანაც ამას თქვენ აკეთებთ. თუ რაიმე კარგს გააკეთებთ, ისინი პოულობენ გზას, რომ ეს უარყოფითად დაინახონ. როგორც წესი, მათი თქვენდამი სიძულვილი ფარული არ არის და უნდათ, ყველამ იცოდეს, რამდენად საშინელი ხართ’’.

და მაინც, როგორ მოქმედებენ მოძულეები? გრეემის თქმით, ,,ისინი ისმენენ რომელიმე პოპმომღერლის სიმღერას. დიდად არ მოსწონთ. მომღერალი ცნობილი რომ არ ყოფილიყო, დაივიწყებდნენ. თუმცა, მათ ხშირად ესმით მომღერლის სახელი, რაც ზოგს ჭკუიდან შლის… [მოძულეები მიიჩნევენ, რომ] ის კარგი მომღერალი არ არის, იგი თაღლითია’’. აღსანიშნია, რომ სიტყვა ,,თაღლითობა’’ აქ ამოსავალი წერტილია – ,,სიძულვილის ობიექტის თაღლითად განხილვა მოძულეების ხელწერაა… თავიანთ გონებაში ისინი აზვიადებენ როგორც მომღერლის ცნობადობას, ასევე მის უნიჭობას და ამ ორი იდეის შეჯერების ერთადერთი გზა არის იმ დასკვნის გამოტანა, რომ მომღერალმა ყველა მოატყუა’’.

საინტერესოა, როგორი ტიპის ადამიანები ხდებიან მოძულენი? შეიძლება ნებისმიერი გახდეს მოძულე? პოლ გრეემი ამ კითხვებზე პასუხობს, რომ მოძულეებს, ძირითადად, დიდი არაფრისთვის მიუღწევიათ ცხოვრებაში, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, საკმარისად წარმატებულმა პირებმა სხვა ცნობილი ადამიანები თაღლითად მიიჩნიონ. თუმცა აღსანიშნია, რომ ზოგიერთ მოძულეს გარკვეული ნიჭი აქვს და სწორედ ვერგამოყენებული ნიჭის შეგრძნება არის ის, რაც ზოგ ადამიანს მოძულედ ქცევისკენ უბიძგებს. აქედან გამომდინარე, გრეემის თქმით, ,,ისინი არ ამბობენ: უსამართლოა, რომ ესა და ეს ცნობილია. ისინი ამბობენ: უსამართლოა, რომ ისაა ცნობილი და არა მე’’.

თვითრწმენის 4 ტაქტიკა

როდესაც ჩემს ბლოგზე მკითხველებს კითხვების დასმას ვთხოვ, მათგან მუდმივად მოდის ერთი კითხვა: „როგორ ისწავლე საკუთარი თავის რწმენა?” და მართლაც, ეს ძალიან პოპულარული და მნიშვნელოვანი შეკითხვაა, რადგან თუ საკუთარი თავის არ გჯერა, არც ერთი ტაქტიკა, ჩარჩო და სტრატეგია არაფრისმომცემი იქნება.

შესაძლებელია, რომ მოძულე ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, თუ რაიმე შთამბეჭდავს მიაღწევს? გრეემის თქმით, ეს სადავო საკითხია, თუმცა საკმაოდ დარწმუნებულია იმაში, რომ ,,ადამიანები, რომლებიც დიდ საქმეს აკეთებენ, მოძულენი არასდროს ხდებიან. მოძულენი კი, არასდროს აკეთებენ დიდ საქმეებს’’.

და როგორ უნდა გავუმკლავდეთ მოძულეებს? შესაძლოა, თავიდან დავიწყოთ იმაზე ფიქრი, თუ რატომ გაგვიჩნდა მოძულეები; რა გავაკეთეთ ისეთი, რომ სიძულვილი დაგვემსახურებინა; როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორება და ა.შ. თუმცა, გრეემის თქმით, მოძულეებზე ამგვარად ფიქრი დროის დაკარგვაა. ,,თუ ფანები გყავთ, ატარებთ დროს იმაზე ფიქრში, თუ რა აიძულებთ მათ, ასე უყვარდეთ? არა’’, – ამბობს იგი და დასძენს, რომ სწორედ ფანების მსგავსად უნდა გავუმკლავდეთ მოძულეებსაც.

რუბრიკის წარმდგენია
Alte

Share this post