რა გამოარჩევს პორტუგალიის სტარტაპ ეკოსისტემას
„500 Georgia“-ს პროგრამის დირექტორს პედრო ვიეირას, რომელიც წარმოშობით პორტუგალიელია, არაერთხელ უხსენებია, რომ საქართველო მას ძალიან აგონებს პორტუგალიას 5-7 წლით ადრე. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ თქვენთვის გაგვეცნო პორტუგალიის სტარტაპ-სცენა.
ლისაბონი – და, ზოგადად, პორტუგალია – ბოლო ხანებია, ევროპულ და გლობალურ ასპარეზზე მზარდ სტარტაპ-ეკოსისტემად გვევლინება, რომელიც ევროკავშირის წევრობით, საერთაშორისო პერსპექტივით, სტუმართმოყვარე (არ მოგეჩვენათ, სხვა ერებსაც უყვართ სტუმრები თურმე) კულტურითა და სამუშაო ეთიკით უფრო და უფრო იზიდავს სტარტაპერებსა და ინვესტორებს.
პორტუგალიის ეკოსისტემიდან არიან ისეთი Unicorn (მილიარდ დოლარზე მეტად შეფასებული) სტარტაპები როგორებიცაა: Farfetch, Talkdesk, OutSystems
პორტუგალიაზე საუბრისას, ინვესტორები ხშირად გამოყოფენ იქ არსებული პროგრამისტების რესურსის მაღალ დონეს, რომლის გამოყენებაც ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ ფასად არის შესაძლებელი. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ პორტუგალიელი სტარტაპერების უმრავლესობა მინიმუმ მაგისტრის ხარისხის მფლობელია, რაც მათ განათლებასა და ზოგად კვალიფიკაციაზე მეტყველებს.
ამ ყველაფერთან ერთად, პორტუგალია შესანიშნავი ადგილია საცხოვრებლად თავისი უსაფრთხო გარემოს, ინფრასტრუქტურის, კლიმატის და მოსახლეობის მიერ საერთაშორისო ენების ცოდნის კუთხით. მაგალითისთვის, პორტუგალიაში ინგლისური ენის ცოდნის დონე ბევრად მაღალია ვიდრე ესპანეთში, იტალიაში თუ საფრანგეთში. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არსებული კაპიტალის მოცულობა კვლავაც მცირე რჩება, რაც ინვესტორთათვის კიდევ უფრო მეტ სივრცეს ხსნის შესაძლებლობებისთვის.
პორტუგალია, როგორც პატარა ქვეყანა ფართო საშინაო სამომხმარებლო ბაზრის ნაკლებობას განიცდის, ამიტომ პორტუგალიური სტარტაპები ინდივიდუალურ მომხმარებლებზე ორიენტირებულის ნაცვლად, უფრო გლობალური – ბიზნესებზე გათვლილი და სერვისული აპლიკაციების შექმნისკენ იხრებიან. ამის ფონზე აღსანიშნავია, რომ ზუსტად პორტუგალიის ეკო-სისტემიდან არიან ისეთი Unicorn (მილიარდ დოლარზე მეტად შეფასებული) სტარტაპები როგორებიცაა: Farfetch, Talkdesk, OutSystems.
ეკოსისტემა განვითარების ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა და არის სფეროები სადაც მაღალკვალიფიციური რესურსი უფრო მცირეა – მაგალითად გაყიდვები ან მარკეტინგი. მაგრამ, ზოგადად ქვეყანაში შეინიშნება დიდი ზრდის პერსპექტივა, განსაკუთრებით კი კოვიდის ეპოქაში, რა დროსაც ლისაბონი მაგნიტივით იზიდავს ნიჭიერ სტარტაპერებს.
ბოლო პერიოდში, პორტუგალიას, ისევე როგორც მთელ ევროპას, Brexit-ს გამოქცეულებიც “აფარებენ თავს”. მაგრამ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით პორტუგალიას 2 დიდი უპირატესობა აქვს, ოკეანის საოცარი სანაპირო და სტარტაპ-მეგობრული გადასახადები. აგრეთვე გამარტივებულია სავიზო პროცედურები ფრინალსერებისთვის, არა-ევროკავშირის მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ ოქროს ვიზა, ხოლო ტექ-ანტრეპრენერებს – სტარტაპ ვიზა.