fbpx

რა არის პრივილეგირებული აქცია?

პრივილეგირებული აქცია

რა არის პრივილეგირებული აქცია?

პრივილეგირებული აქცია არის კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდის ერთ-ერთი ტიპი, რომელიც ამ კომპანიის საკუთრების უფლებას წარმოადგენს. თუმცა, აქვე აღსანიშნია, რომ კომპანიების უმეტესობა არ უშვებს პრივილეგირებულ აქციებს, ამიტომ მათი ბაზარი მცირეა. ამ ტიპის აქციის ყველაზე გავრცელებული ემიტენტები არიან ბანკები, ასევე სადაზღვევო კომპანიები.

 

ცნობისთვის, აქციებს ძირითადად საფონდო ბირჟებზე ყიდულობენ და ყიდიან. ხოლო მათი შესყიდვის შემდეგ, ფიზიკური ან იურიდიული პირი ხდება მეწილე, ანუ აქციონერი. ხოლო იმის გასაგებად, თუ რა წილს ფლობს აქციონერი კომპანიაში საკმარისია, მის საკუთრებაში არსებული აქციების რაოდენობა შევაფარდოთ კომპანიის მიერ გამოშვებული (ემისირებული) აქციების საერთო რაოდენობასთან.

პრივილეგირებული აქციის მფლობელის უფლებები

როგორც წესი, პრივილეგირებული აქციის მფლობელებს, ჩვეულებრივი აქციონერებისგან განსხვავებით, კომპანიის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის, ანუ ხმის მიცემის უფლება არ აქვთ (თუ აქციის გამოშვებისას სხვაგვარად არ განისაზღვრა). თუმცა, ზოგიერთი შეთანხმების თანახმად, ეს უფლებები შეიძლება დაუბრუნდეს იმ აქციონერებს, რომელთაც არ მიუღიათ დივიდენდი.

რაც შეეხება მოგების ნაწილს, ამ შემთხვევაში, პრივილეგირებულ აქციონერებს პრიორიტეტი აქვთ. ისინი, სასესხო ვალდებულების მსგავსად, ფიქსირებულ დივიდენდს იღებენ (თვიურად ან კვარტალურად) კომპანიისგან. საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, მიუხედავად ამისა, კომპანიის საოპერაციო მოგების გაზრდისას, პრივილეგირებული აქციების მფლობელები, ძირითადად, ვერ იღებენ დამატებით შემოსავალს. ამასთანავე, მათთვის გადასახდელი დივიდენდი არ არის კომპანიის საკონტრაქტო ვალდებულება.

პრივილეგირებული აქციების კიდევ ერთი მახასიათებელი ისაა, რომ იგი შეიძლება იყოს კუმულაციური და არაკუმულაციური. პირველი მათგანის ფლობის შემთხვევაში, დივიდენდი გროვდება, ხოლო არაკუმულაციური პრივილეგირებული აქციის ფლობისას – არა.

ამის გარდა, ზოგიერთი პრივილეგირებული აქცია შესაძლოა, რომ კონვერტირებადი იყოს, რაც მათ მფლობელებს აძლევს შესაძლებლობას, ის გარკვეული რაოდენობის ჩვეულებრივ აქციებში, კონკრეტულ ფასად გადაცვალონ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრივილეგირებული აქციის მფლობელები პრიორიტეტით სარგებლობენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დივიდენდის მიღებისას და ასევე ლიკვიდაციის შემთხვევაში, ჯერ მათ მიმართ არსებულ ვალდებულებებს ისტუმრებს კომპანია და შემდეგ უკვე ჩვეულებრივი აქციების მფლობელებისას. აქედან გამომდინარე, პრივილეგირებული აქციები უფრო ნაკლები რისკის შემცველია, ვიდრე ჩვეულებრივი აქციები.

რუბრიკის წარმდგენია
Investo

Share this post